Facebook Twitter

საქმე # 330100122005612886

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №479აპ-23 თბილისი

ა-ი კ 479აპ-23 18 სექტემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-სა და ადვოკატ პ. შ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენით:

კ. ა-ი, - დაბადებული .. წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, კ. ა-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის საგანი - არადეკლარირებული ოქროს, ვერცხლისა და ბიჟუტერიის ნივთები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

2021 წლის 27 ოქტომბერს თ-ის მოქალაქე კ. ა-მა საბაჟო გამშვებ პუნქტ - „ბ-ის აეროპორტის“ გავლით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად ს-ოს ტერიტორიაზე გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 47 377.19 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული სხვადასხვა სახის ოქროს, ვერცხლისა და ბიჟუტერიის ნივთი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განაჩენით:

მსჯავრდებულ კ. ა-ის ინტერესების დამცველის ადვოკატ დ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ კ. ა-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - დ. ჯ-მ და პ. შ-მ მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის გაუქმება და კ. ა-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. ადვოკატი დ. ჯ-ე მიუთითებს - კ. ა-ის ძვირფასი სამკაულების დაბრუნების თაობაზე (რომელიც მისგან 2021 წლის 27 ოქტომბერს ამოიღეს).

4.1. კასატორები აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებულ განაჩენში არ არის ნამსჯელი მგზავრის, მისი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების ოქმის შინაარსზე. მასში ცალსახად მითითებულია, რომ ფიზიკური დათვალიერებისას მგზავრს არ აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი. ქ. ა-მა ბარგი და ხელბარგი დაადეკლარირა ჯერ მოქმედებით, შემდეგ კი ზეპირად. მის მიერ მოძრავი კონტეინერიდან თავისი ნივთების შეგროვება, სათავსზე დადება, შემდეგ საბაჟო კონტროლის ოთახში შესამოწმებლად მიტანა გულისხმობს დეკლარაციის წარდგენას მოქმედებით. უცნობი მებაჟე ქალბატონი, რომელმაც კ. ა-ნ ზეპირი დეკლარაცია მიიღო, ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დასაკითხად არ წარადგინა. ბ-ის საერთაშორისო აეროპორტს არ გააჩნია არათუ წითელი და მწვანე დერეფნები, არამედ მათი აღმნიშვნელი წარწერებიც კი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის მიერ ავადმყოფობის გამო სამკაულების სხეულიდან მოხსნისა და ჩემოდანში შენახვის ფაქტი. პროკურორმა უდავოდ გახადა მსჯავრდებულის ავადმყოფობის, მათ შორის - თითების დასიების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თვითმფრინავში თითების დასიების გამო, მან მოიხსნა სამკაულები, რომლიდანაც ოქროსი შეინახა თეთრ ქისაში, ხოლო ბიჟუტერია - პარფიუმერიის კოლოფებში, რათა ისინი არ დაზიანებულიყო. კ. ა-ი სამკაულების მოყვარულია და სხვადასხვა დროს სხეულის ყველა ნაწილზე იკეთებდა სამკაულს, ხელისა და ფეხის თითებზე, ყელზე რამდენიმე ყელსაბამს, მაჯებზე სამაჯურებს; ბარძაყებსა და წვივებზეც ჰქონდა შესაბამისი სამკაულები. აღნიშნული სამკაულები შეძენილია ოცი წლის წინ. ამოღებული ოქროს სამკაულების ნაწილი დაუბრუნდა კ. ა-ს. შესაბამისად, თუ სამკაულები შემოტანილი იყო კანონდარღვევით, რატომ დაუბრუნდა ნაწილი კ. ა-ს. კ. ა-ს ბ-ის საერთაშორისო აეროპორტის მებაჟეებმა არამხოლოდ უკანონოდ ჩამოართვეს სამკაულები, არამედ მოჰპარეს ბეჭედი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით ადასტურებს კ. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო დაცვის მხარის მოთხოვნა გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, ვერ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ზემოხსენებულ საფუძვლებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

მგზავრის, მისი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2021 წლის 27 ოქტომბერს, კ. ა-ს ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩნდა: სავარაუდოდ, ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები, სავარაუდოდ, ძვირფასი თვლებით, საერთო წონით - 3 კგ და 30 გრ, რაც დაილუქა სათანადო წესით (ოქმზე ხელს აწერენ: მებაჟე-ოფიცრები, თარჯიმანი დ. ბ-ძე და თავად კ. ა-ი).

N... ექსპერტის დასკვნის თანახმად, 135.05 გრ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების საბაჟო ღირებულებამ შეადგინა - 18436.13 ლარი, ხოლო 2.2 კგ არადეკლარირებული ბიჟუტერიის საბაჟო ღირებულებამ - 300 ლარი.

ამოღების ოქმის თანახმად, 2021 წლის 10 ნოემბერს, „ბ-ის აეროპორტიდან“ ამოიღეს - ოქროს, ვერცხლისა და ბიჟუტერიის საიუველირო ნაკეთობები 5 ფუთად, რაც დაილუქა სათანადო წესით.

სასაქონლო ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, კ. ა-ის ხელბარგის დათვალიერებისას აღმოჩენილი არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების, აგრეთვე ბიჟუტერიისა და კულტივირებული მარგალიტების მთლიანი საბაჟო ღირებულება 2021 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით, შეადგენს - 47377.19 ლარს (ნაკეთობების წონები, სინჯები და რაოდენობები დანართის სახით ერთვის დასკვნას).

სასამართლო სხდომაზე დაკითხული, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის „ბ-ის აეროპორტის“ ცვლის უფროსის ბ. ჯ-ის, მებაჟე-ოფიცრების: ნ. ჟ-ა და ს. მ-ი-ნ-ის ჩვენებებით დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2021 წლის 27 ოქტომბერს, იმყოფებოდნენ ცვლაში. დილით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბ-ის აეროპორტში“ რეისით ს-ი-თ-ი ჩამოფრინდა თ-ის მოქალაქე კ. ა-ი, რომელმაც გაიარა საპასპორტო კონტროლი და შემოვიდა ს-ოს ტერიტორიაზე. მას თან ჰქონდა ხელბარგი - პატარა, შავი ჩემოდანი, შავი ზურგჩანთა და თეთრი პარკი, თვითმფრინავში ჩაბარებული ბარგი კი გადიოდა სკანირებას, რასაც დაეკრა წებვადი სტიკერი წარწერით - „ექვემდებარება დათვალიერებას“. ხსენებული ბარგის აღებისთანავე, ბრალდებული მებაჟე-ოფიცრის თხოვნით, გაემართა წითელ დერეფანში - დასადეკლარირებელი ნივთების სივრცეში. მოწმეთა ჩვენებით, აეროპორტში არის ორი დერეფანი: მწვანე - რაც ნიშნავს, რომ პირს არაფერი აქვს დასადეკლარირებელი და წითელი - სადაც ხდება ნივთების დეკლარირება. დეკლარირების თაობაზე ინფორმაცია სამ ენაზეა განთავსებული განათებულ და მგზავრთათვის შესამჩნევ ადგილზე.

სტიკერიან ჩემოდანთან დაკავშირებით, კ. ა-მა მებაჟე-ოფიცერ ს. მ-ი-ნ-ს განუმარტა, რომ ჰქონდა პირადი მოხმარების მედიკამენტები და წარმოადგინა შესაბამისი რეცეპტები. ს. მ-ი-ნ-მ ჰკითხა ბრალდებულს: კიდევ ჰქონდა თუ არა რაიმე მედიკამენტი და ან სხვა დასადეკლარირებელი ნივთი, რაზეც კ. ა-მა განაცხადა უარი. აღნიშნულის შემდეგ, მებაჟე-ოფიცერმა - ნ. ჟ-მ სკანერზე გაატარა კ. ა-ის ხელბარგი, რის შემდეგაც აღმოჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული, სავარაუდოდ, ოქროს, ვერცხლისა და ბიჟუტერიის საიუველირო ნაკეთობები, სავარაუდოდ, ძვირფასი თვლებით. მებაჟე-ოფიცრების მიერ ბრალდებულის თანდასწრებით დათვალიერდა მისი ხელბარგი - პატარა ზომის ზურგჩანთა, თეთრი პარკი და ბოლოს, შავი, პატარა ჩემოდანი, საიდანაც ამოიღეს დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთები. მოწმეთა ჩვენებით, დათვალიერების მთელი პროცესის მანძილზე ბრალდებული აცხადებდა, რომ არაფერი დასადეკლარირებელი არ ჰქონდა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი ხელბარგიდან (შავი ჩემოდანი) ამოიღეს საიუველირო ნაკეთობები, განმარტა, რომ ნივთები მისი პირადი საკუთრება იყო.

დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით და შედგა შესაბამისი ოქმი, რომელიც კ. ა-ს ეთარგმნა მისთვის გასაგებ, რუსულ ენაზე, თარჯიმნის დახმარებით, რომლის სისწორეც დაადასტურა დათვალიერებაში მონაწილე ყველა პირმა, მათ შორის - კ. ა-აც. მოწმეთა განმარტებით, მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მისი ნივთების დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. საბაჟო პროცედურები სრულად არის ასახული აეროპორტის ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებზე. ასევე მებაჟე-ოფიცერის სამხრე ვიდეო-კამერით გადაღებულია ბრალდებულის ინტერვიურება. მოწმეთა ჩვენებებით, როგორც მწებავსტიკერიანი ბარგის აღებამდე და დათვალიერებამდე, ასევე მას შემდეგ, მისი ხელბარგის დათვალიერების დაწყებამდე, კ. ა-ს ჰქონდა დრო და შესაძლებლობა დაედეკლარირებინა ხელბარგში არსებული ნივთები, რაც მან არ განახორციელა. შესაბამისად, მას სურდა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთების საქართველოში შემოტანა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით.

მოწმეთა ზემოაღნიშნული ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია ვიდეოჩანაწერებზე ასახულ ინფორმაციასთან:

დისკი 1 – 10:36 საათიდან კ. ა-ი გადის საპასპორტო კონტროლს, გადაადგილდება მარტო და თან აქვს ხელბარგი - თეთრი პარკი, მოწითალო ნახატებით, შავი პატარა ზურგჩანთა და შავი პატარა ჩემოდანი, მიემართება თვითმფრინავში ჩაბარებული ბარგის ასაღებად.

დისკი 3 - კ. ა-ი უახლოვდება ბარგის ასაღებ პუნქტს, ელოდება კუთვნილ ბარგს და 10:50 საათზე კადრში ჩნდება შავი ჩემოდანი წითელი სტიკერით, რომელსაც იღებს ბრალდებული და იმავდროულად, მას უახლოვდება ჯერ მამაკაცი, შემდეგ ქალბატონი (აეროპორტის თანამშრომლები) და სტიკერიანი ჩემოდანი მიაქვთ სკანერზე - ე.წ. წითელ დერეფანში (განათებული წითელი ფერით). აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ფიქსირდება ე.წ. მწვანე დერეფანიც (განათებული მწვანე ფერით).

დისკი 5 – 10:54 საათიდან სკანერზე გატარების შემდეგ, იწყება ბარგის - დიდი შავი ჩემოდანის დათვალიერება, რა დროსაც ბრალდებულს ესაუბრება 1 მამაკაცი და 2 ქალბატონი (აეროპორტის თანამშრომლები) და ჩემოდნიდან იღებენ მედიკამენტებს, რის საპასუხოდაც კ. ა-ი მებაჟე-ოფიცრებს წარუდგენს შესაბამის დანიშნულებას. აღნიშნულის შემდეგ, იწყება ბრალდებულის ხელბარგის დათვალიერება. თავდაპირველად, მებაჟე-ოფიცრები ათვალიერებენ ზურგჩანთას, შემდეგ პატარა ზომის შავ ჩემოდანს, საიდანაც მებაჟე-ოფიცერი იწყებს დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთების ამოლაგებას და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ, იმავე ჩამოდნიდან ბრალდებული ხელს კიდებს თეთრ პატარა ქისას და აჩვენებს მებაჟე-ოფიცერს, საიდანაც ასევე ამოღებულია დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

კ. ა-ის მიმართ 2021 წლის 27 ოქტომბერს განხორციელებული ინტერვიურების პროცესის ამსახველი ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ:

ფაილი 1 - ხელბარგის დათვალიერების დაწყების პროცესში, მებაჟე-ოფიცერი ქალბატონი ბრალდებულს რუსულ ენაზე ეკითხება, აქვს თუ არა კიდევ ოქრო, რაიმე დასადეკლარირებელი, რაზეც კ. ა-ი პასუხობს, რომ არ აქვს.

ფაილი 2 - მებაჟე-ოფიცრები, თარჯიმან დ. ბ-ის მეშვეობით, კ. ა-ს აცნობენ ვიზუალური, მისი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგებსა და შესაბამის ოქმს, კერძოდ, უმარტავენ, რომ დათვალიერების შედეგად აღმოჩენილია 3 კგ. და 30 გრამი არადეკლარირებული საქონელი, რაშიც იგულისხმება როგორც ოქროსა და ვერცხლის, ისე ბიჟუტერიის ნაკეთობების საერთო წონა, ბრალდებული კი პასუხობს - „ბიჟუტერიასთან ერთად, თორემ შეიხი ვიქნებოდი, 3 კგ. ოქრო.“ თარჯიმნის მიერ კ. ა-ს გადაეთარგმნა დათვალიერების ოქმის შინაარსი, მასში მონაწილე პირების ვინაობები, რის შემდეგაც ბრალდებული ადასტურებს, რომ მისთვის გასაგებია ოქმის შინაარსი და ხელს აწერს მას.

8. ამდენად, მოწმეთა ჩვენებებით აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ როგორც წერილობითი სახის მტკიცებულებებს, ისე ვიდეოჩანაწერებში ასახულ ინფორმაციას და ერთობლივად გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით ადასტურებენ კ. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას. საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია რაიმე სახის მყარი საფუძველი, რის გამოც ზემოხსენებული მტკიცებულებები შესაძლოა საეჭვოდ მიეჩნია. რაც შეეხება თავად დაცვის მხარის პოზიციას და საკასაციო საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტებს, მას საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიმოიხილავს და გააანალიზებს, კერძოდ:

კ. ა-ის პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით:

მან ნებაყოფლობით წარუდგინა მებაჟე-ოფიცრებს ბარგში შენახული ოქროს სამკაულები თეთრი ქისით და ასევე მედიკამენტების შესაბამისი დანიშნულებები. ბრალდებულმა განმარტა, რომ ოქროს ნივთები თვითმფრინავში მოიხსნა და შეინახა ბარგში, ვინაიდან მაღალი წნევის გამო დაუსივდა თითები და განიცდიდა დისკომფორტს. ბრალდებულის განმარტებით, საბაჟო პროცედურების მიმდინარეობის დროს, მისი განსაკუთრებული სოციალური სტატუსის მიუხედავად, მებაჟე-ოფიცრები ექცეოდნენ ცინიკურად, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, დაუზიანეს სამკაულები, დაამტვრიეს ფრჩხილები და დაუხიეს შარვალი, ბოტასი.

9. საკასაციო საჩივრის თანახმად, მგზავრის, მისი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების ოქმში ცალსახად მითითებულია, რომ ფიზიკური დათვალიერებისას, მგზავრს არ აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი. როგორც იკვეთება, მოცემულ მტკიცებულებასთან მიმართებით, დაცვის მხარის ყურადღება გამახვილებულია კ. ა-ის ფიზიკურად დათვალიერების შედეგზე (პუნქტი 12). საქართველოს საბაჟო კოდექსის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის - დაათვალიეროს ფიზიკური პირი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული ოქმის მე-8 პუნქტის მიხედვით, ხელბარგში აღმოჩენილია - სავარაუდოდ, ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (სავარაუდოდ, ძვირფასი თვლებით), საერთო წონა - 3 კგ და 30 გრ. შესაბამისად, დაცვის მხარის აპელირება მიმართულია ხსენებული მტკიცებულების მე-12 პუნქტის ანალიზზე, და არა მის სრულ შინაარსზე, ერთობლივად.

10. დაცვის მხარე აგრეთვე მიუთითებს, რომ ბ-ის საერთაშორისო აეროპორტს არ გააჩნია არათუ წითელი და მწვანე დერეფნები, არამედ მათი აღმნიშვნელი წარწერებიც კი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც სხდომაზე ზემოხსნებულმა, დაკითხულმა მოწმეებმა (აეროპორტის თანამშრომლებმა), მიუთითეს, აეროპორტში არის ორი დერეფანი: მწვანე - რაც ნიშნავს, რომ პირს არაფერი აქვს დასადეკლარირებელი და წითელი - სადაც ხდება ნივთების დადეკლარირება. დეკლარირების თაობაზე ინფორმაცია სამ ენაზეა განთავსებული - განათებულ და მგზავრთათვის შესამჩნევ ადგილზე. აღსანიშნავია, რომ ,,დისკი 3-ის“ მიხედვით, 10:50 საათზე კადრში ჩნდება შავი ჩემოდანი წითელი სტიკერით, რომელსაც იღებს კ. ა-ი და იმავდროულად, მას უახლოვდება ჯერ მამაკაცი, შემდეგ ქალბატონი (აეროპორტის თანამშრომლები) და სტიკერიანი ჩემოდანი მიაქვთ სკანერზე - ე.წ. წითელ დერეფანში (განათებული წითელი ფერით); აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში აგრეთვე ნათლად ფიქსირდება ე.წ. მწვანე დერეფანიც (განათებული მწვანე ფერით).

11. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომლის თანახმადაც, ზემოაღნიშნული ნივთები წარმოადგენდა მსჯავრდებულის პირადი სარგებლობისათვის არსებულ ნივთებს, რომლებიც სხეულზე ეკეთა და თვითმფრინავში მოიხსნა, ვინაიდან, მაღალი წნევის გამო დაუსივდა თითები და განიცდიდა დისკომფორტს. საკასაციო სასამართლო ხსენებულ არგუმენტს არ იზიარებს თავად ნივთების ოდენობისა და მათი სხვადასხვა სახეობების (მაგალითად, ბეჭდების გარდა, არაერთი წყვილი საყურე, არაერთი კულონი) გათვალისწინებით.

12. რაც შეეხება უცნობ მებაჟეს, რომელსაც როგორც თავად მსჯავრდებული უთითებს, მას დეკლარაციასთან დაკავშირებით ესაუბრა (ბ. ჯ-ის მისვლამდე), აღნიშნულზე პროკურორმა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხვის დროს კ. ა-ს ჰკითხა, დაადგინა თუ არა ხსენებული პირის ვინაობა, რაზედაც კ. ა-მა უპასუხა, რომ იგი იყო 60 წლამდე ასაკის კაცი. მოწმემ ბ. ჯ-ს ჰკითხა მისი სახელი და გვარი, რაზედაც მან მიუთითა, რომ ვინაიდან, ბევრი თანამშრომელი ჰყავდა, ეს კონკრეტული არ ახსოვდა (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი, 01/12/2022, 16:05-16:07 საათი).

13. საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლი შეეხება საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას, რომლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედება ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით. აღნიშნული მუხლის შენიშვნის თანახამად, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ოცდახუთი ათას ლარს.

14. განსახილველ შემთხვევაში, კ. ა-მა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიტანა 47 377.19 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული ნივთები, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როდესაც კ. ა-მა გაიარა საპასპორტო კონტროლი და შემოვიდა ს-ოს ტერიტორიაზე, თან ჰქონდა ხელბარგი - პატარა, შავი ჩემოდანი, შავი ზურგჩანთა და თეთრი პარკი, თვითმფრინავში ჩაბარებული ბარგი კი გადიოდა სკანირებას, რასაც დაეკრა წებვადი სტიკერი წარწერით „ექვემდებარება დათვალიერებას.“ ხსენებული ბარგის აღებისთანავე, ბრალდებული მებაჟე-ოფიცრის თხოვნით, გაემართა წითელ დერეფანში - დასადეკლარირებელი ნივთების სივრცეში. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, კ. ა-ს დათვალიერების პროცესში მებაჟე-ოფიცრისათვის არ განუცხადებია, რომ მას გააჩნდა რაიმე დასადეკლარირებელი ნივთი. მოწმე ნ. ჟ-მ მოწმედ დაკითხვის დროს მიუთითა, რომ როგორც ს-ოს უთხრა, მოცემულ ქალბატონს შესაძლოა, მეტი რაოდენობით მედიკამენტი ჰქონოდა და ამიტომ, გადაწყვიტა გაეტარებინათ მისი ხელბარგიც. მათ ქ. ა-ს სკანერზე გაატარებინეს ხელბარგი, რომელშიც აღმოჩნდა არადეკლარირებული საიუველირო ნაკეთობები (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი, 01/11/2022, 19:23-19:24 საათი). დისკი 5 - ის შესაბამისად, 10:54 საათიდან მიმდინარეობს დიდი, შავი ჩემოდნის დათვალიერება, კერძოდ, აეროპორტის თანამშრომლები ჩემოდნიდან იღებენ მედიკამენტებს. ამის შემდეგ, სკანირდება კ. ა-ის დანარჩენი ბარგიც, მათ შორის - პატარა ზომის, შავი ჩემოდანი (მისი დათვალიერება იწყება ამავე დისკის 11:09 საათიდან), საიდანაც მებაჟე-ოფიცერი იწყებს დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთების ამოლაგებას. შესაბამისად, ვიდეოჩანაწერის შინაარსი დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან თანხვდენილია.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს, კ. ა-მა ზეპირად განუცხადა უცნობ მებაჟეს თავისი ნივთების, მათ შორის ოქროს სამკაულებისა და ბიჟუტერიის არსებობის შესახებ, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. დაუსაბუთებელია აგრეთვე დაცვის მხარის პოზიცია - კ. ა-ის მიმართ ფიზიკური ძალადობის თაობაზე, რადგან წარმოდგენილი მასალებით აღნიშნული არ დასტურდება.

16. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები: მათ შორის - მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტის დასკვნები, ვიდეოჩანაწერების შინაარსი შეესაბამება/ავსებს ერთმანეთს და არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებული, ისინი დეტალურად ასახვენ შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენათა ქრონოლოგიას და საკასაციო პალატას არ გააჩნია რაიმე სახის საფუძველი საეჭვოდ მიიჩნიოს იგი. ამასთან, დაცვის მხარეს თავის მხრივ, არ მიუთითებია რაიმე ისეთი სახის, მყარ არგუმენტებზე, რომლებიც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას გამოეტანა კანონით დადგენილი, სხვა სახის გადაწყვეტილება.

17. ადვოკატი მოითხოვს კ. ა-ის ძვირფასი სამკაულების დაბრუნებას (რომლებიც მისგან 2021 წლის 27 ოქტომბერს ამოიღეს). საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დანაშაულის საგანის - არადეკლარირებული ოქროს, ვერცხლისა და ბიჟუტერიის ნივთების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას, ვინაიდან, აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლით განსაზღვრულ საკანონმდებლო წინაპირობებს.

18. ევროპული სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61). ამდენად, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43). განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა, მიუთითეს თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა უშუალოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამასთან საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia), N12391/06, §175, 14/05/2020).

19. დაცვის მხარის მითითებაზე - მებაჟეთა მიერ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც თავად წარმოდგენილ მასალებში ადვოკატი უთითებს, მსჯავრდებულმა ხსენებულის თაობაზე საგამოძიებო ორგანოს მიმართა, სადაც დღემდე მიმდინარეობს გამოძიება და ამ ნაწილში რაიმე სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, მოცემულ ეტაპზე არ არის მიღებული.

20. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-სა და ადვოკატ პ. შ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი