Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1395-02 8 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი, ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარება არა ფაქტობრივი მფლობელობის, არამედ არსებული დოკუმენტების საფუძველზე, ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმება, კედლის – ღობის აღება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ხარაგაულის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა გ.გ-ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის დაბრუნება, საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარება არა ფაქტობრივი მფლობელობის, არამედ არსებული დოკუმენტების საფუძველზე, მისთვის სახლზე ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმება გ.ბ-ის მიერ, უკანონოდ აგებული კედლისღობის აღება.

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2000წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მ.მ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 25 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

მ. მ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე განსჯადობისამებრ გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

სააპელაციო სასამართლომ მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ: გაუქმდა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2000წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა ხარაგაულის რაიონულ სასამართლოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის მიერ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გარკვეულწილად განაპირობა სარჩელის საგნის არასრულყოფილებამ, ბუნდოვანმა სასარჩელო მოთხოვნებმა, რაც ვერ იქნა ჩამოყალიბებული სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც კი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. მ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ არ შეასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 22 მარტის განჩინების მითითებები. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ს მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 83-ე მუხლის პირველი ნაწილი, 289-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 257-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი თავის საკასაციო მოთხოვნას აფუძნებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევაზე, სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი საპროცესო სამართლის ნორმის დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი. კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მას არ მიეცა საშუალება ესარგებლა სსკ-ს მე-4 მუხლის პირველი ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლებებით; იგი არ ალაპარაკეს სასამართლოს სხდომაზე. აღნიშნული გარემოება არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი სხდომის ოქმით, რომელშიც საკმაოდ ვრცლადაა დაფიქსირებული მ. მ-ის განმარტებანი. სხვა საწინააღმდეგო მტკიცებულება მხარემ ვერ წარმოადგინა, ამიტომ საკასაციო პალატა კასატორის ამ არგუმენტს ვერ გაიზიარებს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ს 289-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევაზე, კერძოდ იმაზე, რომ მას გვიან ჩაბარდა სასამართლოს სხდომის ოქმი. აღნიშნული ნორმა სასამართლოს მიერ დარღვეულიც რომ იყოს, იგი ვერ ჩაითვლება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად თანახმად სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, რადგან ამ ნორმის დარღვევით სასამართლო ვერ მიიღებდა არასწორ გადაწყვეტილებას. იგივე შეიძლება ითქვას კასატორის მიერ მითითებულ სსკ-ს 257-ე მუხლის დარღვევაზე. გადაწყვეტილება მოცემულ დავასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა 2002წ. 4 ოქტომბერს, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის თუნდაც კანონში მითითებული ვადის დარღვევით გადაცემა ვერანაირად ვერ მოახდენდა გავლენას სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

ასევე უსაფუძვლოა კასატორის მითითება სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ს 412-ე მუხლის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მითითებების შეუსრულებლობაზე. ვინაიდან თვით მ.მ-ის გამო სასამართლო სხდომაზე ვერ მოხერხდა სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტება, ვერ დადგინდა მხარეები, რომელთაც იგი მიიჩნევს თავისი უფლების დამრღვევად, შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი, რომელიმე ფაქტობრივი გარემოების დადგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს მ.მ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.