გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1396-02 31 იანვარი 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: დასახიჩრების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 21 დეკემბერს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართაA ე. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა რკინიგზის სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციისაგან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გამო ზიანის ანაზღაურება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 სექტემბრის განჩინებით სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციასთან ერთად საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა სს “...-92” იმ საფუძვლით, რომ იგი არის მექანიზებული ავტოკოლონა 104-ის უფლებამონაცვლე, რომლის კუთვნილ ავტომანქანასაც შეეჯახა სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციის ავტომანქანა, რის შედეგადაც მოსარჩელე ე. კ-ემ მიიღო სხეულის დაზიანება და გახდა ინვალიდი.
რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ზიანის ანაზღაურება დაეკისრა სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციას იმ მოტივით, რომ 1988წ. 16 აგვისტოს რკინიგზის ელ. მომარაგების დისტანციამ იკისრა პასუხისმგებლობა, აენაზღაურებინა ე.კ-ისათვის დასახიჩრებით მიყენებული ზიანი და უხდიდა მას 1997 წლამდე ყოველთვიურად 73 მანეთსა და 15 კაპიკს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რკინიგზის სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციამ. აპელანტი უთითებდა, რომ სარჩელის მოთხოვნა რკინიგზის ელექტრომომარაგების დისტანციის მიმართ უსაფუძვლოა. ავტოავარიის შემთხვევასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ხოლო თვით ორგანიზაციაში შედგა უბედური შემთხვევის აქტი და ჩატარდა ოპერატიული თათბირი. თათბირზე მიღებული დადგენილებით ავტოავარის შედეგად მიღებული ტრავმა ჩაითვალა საწარმოო ტრამვად და ზარალის ანაზღაურება დაეკისრა სამშენებლო მექანიზირებულ კოლონა ¹104-ს, რომელიც ე. კ-ეს ურიცხავდა თანხას რკინიგზის ელექტრომომარაგების დისტანციის ანგარიშზე. რკინიგზის დისტანცია მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებდა.
აპელანტმა მოითხოვა ზიანის ანაზღაურების დაკისრება სს “...-92-ისათვის”.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე ე.კ-ე მუშაობდა ...ის სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციაში ...ად. 1987 წელს კ-ემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რომელიც აღირიცხა საწარმოო ტრავმად, შედგენილ იქნა წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის აქტი. აღნიშნული ტრავმის შედეგად ე.კ-ემ დაკარგა შრომის უნარი 80%-ით, არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და დანიშნული აქვს დასახიჩრების პენსია.
სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანცია 1988 წლიდან 1997 წლამდე ზიანის ასანაზღაურებად უხდიდა მოსარჩელეს ყოველთვიურად 73 მანეთსა და 15 კაპიკს.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების პირველი თავის მეორე პუნქტის შესაბამისად დამქირავებელი მატერიალურად პასუხისმგებელია მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანისათვის, აგრეთვე, იმ საწარმოო ტრავმისათვის, რომელიც მოხდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ორგანიზაციის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე, სამუშაოზე ან სამუშაოს შემდეგ დამქირავებლის მიერ გამოყოფილ ტრანსპორტზე.
მოცემულ შემთხვევაში კ-ემ დასახიჩრება მიიღო საწარმოს მიერ გამოყოფილ ტრანსპორტზე მის სამუშაო ადგილზე გადაყვანის დროს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სკ-ს 361-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. რკინიგზის სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანცია 1988 წლიდან 1977 წლამდე ე. კ-ეს უხდიდა ზიანის თანხას და ასრულებდა ამ მოვალეობას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
კასატორი მიუთითებს, რომ 1987 წელს მოქმედი სკ-ს 458-ე მუხლი განმარტავს, რომ ორგანიზაცია მოვალეა, აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიყენებულია მისი მუშაკის ბრალით, როცა ეს მუშაკი თავის შრომითი მოვალეობას ასრულებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციას არ აუღია თავის თავზე ე.კ-ეზე ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, არც არსებობდა ამ ვალდებულების საფუძველი და არც ხელფასსა და პენსიას შორის უხდიდა მას სხვაობას. ყოველივე ეს ხდებოდა 104-ე კოლონის ანგარიშიდან გადმორიცხული თანხებით.
კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების პირველი თავის მესამე პუნქტი, სადაც მითითებულია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს ყოველთვიური სარჩოს გადახდით ზიანი უნდა აუნაზღაუროს იმ დამქირავებელმა, რომელთანაც იგი ზიანის მიყენებისას შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა, ამ უკანასკნელის ბრალის არსებობის შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის, ცნობილია ბრალეული ორგანიზაცია, რომელმაც აანაზღაურა ზიანი როგორც მათი კუთვნილი ავტომობილის აღდგენისათვის, ისე კ-ისათვის მიყენებული ზიანისათვის.
კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ზიანის ანაზღაურების სს “...-92-ზე” დაკისრებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1987წ. 8 დეკემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კასატორის კუთვნილ ავტომანქანას საგზაო წესების უხეში დარღვევით დაეჯახა მცხეთის ¹104-ე მექანიზირებული კოლონის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა. ავარიის შედეგად დაზიანება მიიღეს ელექრტომომარაგების დისტანციის თანამშრომლებმა და მათ შორის _ ე.კ-ემ. სააპელაციო პალატამ ე.კ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც დამქირავებელი მატერიალურად პასუხისმგებელია მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანისათვის, აგრეთვე, იმ საწარმოო ტრამვისათვის, რომელიც მოხდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ორგანიზაციის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე, სამუშაოზე ან სამუშაოს შემდეგ მგზავრობისას დამქირავებლის მიერ გამოყოფილ ტრანსპორტზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული ბრძანებულების მეორე პუნქტის გამოყენებით სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების პირველი თავის მესამე პუნქტის თანახმად სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს ყოველთვიური სარჩოს გადახდით ზიანი უნდა აუნაზღაუროს იმ დამქირავებელმა, რომელთანაც იგი ზიანის მიყენებისას შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა, ამ უკანასკნელის ბრალის არსებობის შემთხვევაში. მოცემულ საქმეზე კი დადგენილი არ არის, რომ რკინიგზის სამტრედიის ელ. მომარაგების დისტანციას ბრალი მიუძღვის ე.კ-ისათვის ჯანმრთელობის ზიანის მიყენებაში.
სკ-ს 463-ე მუხლის შესაბამისად ორგანიზაციები და მოქალაქენი, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მომეტებულ საფრთხესთან, გარშემომყოფთათვის (სატრანსპორტო ორგანიზაციები, სამრეწველო საწარმოები, მშენებლობები, ავტომობილთა მფლობელები და სხვა), მოვალენი არიან აანაზღაურონ მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანი, თუ ვერ დაამტკიცებენ, რომ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან თვით დაზარალებულის განზრახვით.
ამავე წესს ადგენს სამოქალაქო კოდექსის ნორმები. სკ-ს 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისას გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია, დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სუბიექტური შემადგენლობის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ პასუხისმგებლობა ზიანისათვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე _ იურიდიული პირი. კანონით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, თუ ზიანი მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას.
მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანისას ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის წესს გააჩნია გამონაკლისიც. იგი ეხება ზიანის მიყენების შემთხვევებს მომეტებული საფრთხის წყაროთი ურთიერთმოქმედებისას (სატრანსპორტო საშუალებების შეჯახებისას). ასეთ შემთხვევაში, თუ ზიანი მიადგა მესამე პირს, პასუხისმგებლობა ეკისრება შეჯახებული სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს სოლიდარული პასუხისმგებლობის წესით, მიუხედავად იმისა, თუ ვისი ბრალით მოხდა შეჯახება.
სკ-ს 465-ე მუხლის თანახმად კრედიტორს შეუძლია, თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს. თავის მხრივ მოვალეს, რომელმაც შეასრულა სოლიდარული ვალდებულება, უკუმოთხოვნის უფლება აქვს დანარჩენ სოლიდარულ მოვალეთა მიმართ.
სააპელაციო სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა აღნიშნული ნორმები.
საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ნორმების გამოყენების თვალსაზრისით უნდა დააზუსტოს მხარეთა მოთხოვნები და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისი შეფასება მისცეს მხარეთა მიერ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.