¹3კ-1398-02 13 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: კომლის ქონებიდან წილის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. დ-ე 1980წ. 4 ივლისს ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა გ. დ-ესთან. მეუღლეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: გუ. დ-ე, ლე. დ-ე და მ. დ-ე – დაბადებული 19...... წელს.
ლ. დ-ე მიყვანილ იქნა საცხოვრებლად ზესტაფონის რაიონის სოფ. .......-ში, დედამთილის გა. დ-ის სახელზე რიცხულ სახლში.
მეუღლეებს შორის შეწყდა საქორწინო ურთიერთობა და გ. დ-ეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილების სრულწლოვანებამდე.
2002წ. მარტში ლ. დ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში გ. და გა. დ-ეების მიმართ კომლის ქონებიდან წილის გამოყოფის ან 3000 ლარის გადახდის შესახებ.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა იმგვარად, რომ ლ. დ-ეს გა. დ-ის სახელზე რიცხული სახლიდან გამოეყო ხუთი ოთახი. დამხმარე ნაგებობები: სამზარეულო, მარანი, ბოსელი და საღორე დარჩა მხარეთა საერთო სარგებლობაში.
მ. და გ. დ-ეებმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ლ. დ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მის მიერ კომლის ქონების გაზრდაში შეტანილი წვლილი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებულ იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ლ. დ-ე ნამდვილად იყო კომლის წევრი.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 22 სექტემბრის ¹949 დადგენილების საფუძველზე გაუქმდა კოლმეურნეობები და შესაბამისად საკოლმეურნეო კომლებიც, მიწა და უძრავი ქონება გადაცემულ იქნა კერძო საკუთრებაში.
დადგენილების მიღების შემდეგ გა. დ-ე წარმოადგენს სადავო სახლის მესაკუთრეს, რომლის სახელზეც არის რეგისტრირებული უძრავი ქონება.
სკ-ს 1515-ე მუხლის შესაბამისად საჯარო რეესტრის შექმნამდე მისი ფუნქციები დაკისრებული აქვს ტექ-ინვენტარიზაციის ბიუროებს.
სკ-ს ამოქმედებიდან, ამ კოდექსის 1513-ე მუხლის საფუძველზე, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები ამ პირთა საკუთრებაა და მათზე ვრცელდება სკ-ით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ლ. დ-ე არ წარმოადგენს გა. დ-ის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობის თანამესაკუთრეს.
სასამართლოს მიერ დადგენილია ის გარემოებაც, რომ ლ. დ-ემ მოპასუხეებისგან ნებაყოფლობით მიიღო ქონების წილი და ამ ქონების გამოყენებით შეიძინა ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
ლ. დ-ის მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრენზია არ ყოფილა წამოყენებული.
სააპელაციო პალატამ სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით სწორი შეფასება მისცა მტკიცებულებებს და გამოიტანა კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.