¹3კ-1399-02 11 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი:.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 20 დეკემბერს მ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სოფ. კახათის გამგეობის მიერ საკომლო წიგნში გაკეთებული ჩანაწერის გაუქმება. მოსარჩელემ თავის სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ მოპასუხე ე. ქ-ა 1996 წლიდან კომლში მისი თანხმობის გარეშე ჩაეწერა, მიუხედავად იმისა, რომ მას სოფ. ......-ში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნია, სადაც ცხოვრობს თავის ცოლ-შვილთან, ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს კომლთან და მის ჩაწერაზე არ არსებობს რაიმე ოფიციალური საბუთი და არც მისი თანხმობა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ბ-ას სარჩელი იმ საფუძვლით, რომ ოჯახური უკმაყოფილების გამო ე. ქ-ა ბოლო წლებში არ ცხოვრობს მ. ბ-ას კომლში, რაც კომლში მისი ჩაწერის გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ ე. ქ-ას ჩაწერა მის კომლში მოხდა მისი თანხმობის გარეშე. ამასთან, 1995 წლიდან დღემდე ე. ქ-ას მის კომლში არ უცხოვრია და საკომლო სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია, კომლისათვის რაიმე სახის ფინანსური დახმარება არ გაუწევია.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 თებერვლის განჩინებით მ. ბ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინება მ. ბ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 15 ივლისის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 8 თებერვლის განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
მ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი 2002წ. 10 სექტემბერს განიხილა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ და მიღებული გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება მ. ბ-ას სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ბ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ს (1964წ.) 75-ე მუხლი, რადგან მას არ დაურღვევია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. იგი ითხოვს ე. ქ-ას ამოწერას იმ მოტივით, რომ ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში არ ცხოვრობს სოფელ კახათში, არ ეწევა სოფლის მეურნეობას, რეალურად ცხოვრობს სოფელ .......-ში. ამასთან, კასატორის აზრით, პალატამ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს მე-20 მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება წინააღმდეგობრივი და არასრულია.
მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება ე. ქ-ას ამოწერას საკოლმეურნეო კომლიდან. “საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო სამეურნეო საწარმოთა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992წ. 21 ოქტომბრის დეკრეტით და “სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 22 ოქტომბრის ¹949 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად რეორგანიზებულ იქნა კოლმეურნეობები და შეიქმნა მიწათმოსარგებლეთა და ტექნიკური მომსახურების საწარმოები. აღნიშნულ დადგენილებებში ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის 1993წ. 5 მარტის ¹199 დადგენილებით. ამ დროიდან საქართველოში კოლმეურნეობებმა, როგორც საზოგადოებრივმა მეურნეობებმა, შეწყვიტეს ფუნქციონირება, რადგან საკოლმეურნეო კომლის არსებობა იურიდიულად დაკავშირებული იყო კოლმეურნეობის არსებობასთან. დღეისათვის სოფლად არსებული კომლი აღარ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლს და აღარ არსებობს კომლის საკუთრების შექმნის სამართლებრივი საფუძველი, ანუ კოლექტიური შრომა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, თანახმად სსკ-ს მე-2 მუხლისა, საქმის განხილვას შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლოს არ დაუდგენია, თუ კონკრეტულად რა უფლება დაირღვა ან კანონით გათვლისწინებული რა ინტერესი შეილახა მ. ბ-ას კომლში ე. ქ-ას ჩაწერით.
წინააღმდეგობრივია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 1973 წლიდან 2000 წლამდე ე. ქ-ას მიღება ა. ბ-ას საკოლმეურნეო კომლში სადავოდ არავის გაუხდია. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სოფ. კახათის გამგეობის 1997წ. 17 მარტის პასუხიდან ირკვევა, რომ მ. ბ-ას მანამდე მრავალჯერ მიუმართავს გამგეობისათვის ა. ქ-ას განმეორებითი ამოწერის მოთხოვნით, ე.ი მ. ბ-ას 2000 წლამდე სადავოდ ჰქონდა გამხდარი ე. ქ-ას ჩაწერა მის კომლში, რაც წინააღმდეგობაშია სასამართლოს მითითებასთან, თითქოს მ. ბ-ას აღნიშნული ფაქტი სადავოდ არ გაუხდია 2000 წლამდე. ამასთან, მ. ბ-ა თავის მოთხოვნას ე. ქ-ას ამოწერის თაობაზე ამყარებდა იმ გარემოებებზე, რომ ე. ქ-ას ჩაწერა მის კომლში მოხდა მისი თანხმობის გარეშეE და მას 1995 წლიდან მის კომლში არ უცხოვრია, საკომლო სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია. სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ მიუთითებია, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია დადგენილად ე. ქ-ას მიერ მ. ბ-ას ოჯახის იძულებით დატოვების ფაქტი და არსებობს თუ არა დღეისათვის მისი კომლში რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ იგი არ ცხოვრობს მ. ბ-ასთან ერთ ოჯახად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს დღეისათვის მ. ბ-ას კომლში ე. ქ-ას ცხოვრების ფაქტი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, რამ განაპირობა მის მიერ კომლის მიტოვება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.