Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1400-02 2 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 10 ოქტომბერს მოსარჩელემ მოპასუხეების წინააღმდეგ აღძრა სარჩელი, სადაც მიუთითებდა, რომ 1997 წელს შეუთანხმდა მოპასუხეებს მის კუთვნილ ბინაში შეესრულებინათ სარემონტო სამუშაოები, რისთვისაც გადაუხდიდა მათ შესრულებული სამუშაოს ღირებულებას 4300 ლარს და ყოველდღიური კვების ფულს – 10 ლარს. მოპასუხეებმა სამუშაო დაამთავრეს ორ თვეში, მან გადაუხადა შესრულებული სამუშაოებისათვის 2970 ლარი და კვების თანხა 1140 ლარი, სულ 4110 ლარი. რის შემდეგ რემონტის გასაგრძელებლად მიიყვანა სხვა ხელოსნები, რომლებმაც სამუშაოს გაგრძელებაზე უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ უკვე შესრულებული სამუშაო იყო უხარისხო. ხელოსნებმა კარნიზის გასწორებისათვის და კედლების ჩამონგრევისათვის მოითხოვეს 150 ლარი, ხოლო ერთი კვ.მ. კედლის შელესვისათვის 4 ლარი.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მოპასუხეებმა თავიანთი უხარისხო მუშაობით მიაყენეს შემდეგი ზიანი: შესრულებული სამუშაოსათვის გადახდილი 2970 ლარი, კვების თანხა – 1140 ლარი, სამშენებლო მასალის ღირებულება – 600 ლარი, კარნიზების ჩამონგრევის – 150 ლარი, კარნიზის ხელახლა გაკეთების – 1320 ლარი, კედლების გასწორების – 560 ლარი, სულ მოსარჩელემ მოითხოვა 6740 ლარის გადახდა.

მოპასუხე ო. გ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე სიტყვიერად გაურიგდა მას და ვ. ს-ს სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე. გარიგების თანახმად მათ უნდა შეესრულებინათ მობათქაშებისა და მოსახვის სამუშაოები. სამუშაოს ხარისხზე პასუხისმგებელი იყვნენ ორივე. მოსარჩელეს უნდა გადაეხადა 4500 ლარი და კვების თანხა 10 ლარი. მათ სამუშაო შეასრულეს ორ თვეში, მოსარჩელემ გადაუხადა 2790 ლარი სამუშაოს ღირებულება და კვების თანხა 1140 ლარი. კარნიზების გამოყვანის სამუშაოს შესასრულებლად მათ მოიწვიეს სხვა ხელოსანი. მოსარჩელის მიერ სამღებრო სამუშაოს შესასრულებლად მოწვეულმა ხელოსნებმა დაიწუნეს მათი ნამუშევარი. მან და ს-მ ხარვეზის გამოსწორებაზე იმუშავეს 11 დღე, მაგრამ ისევ დაუწუნეს ნამუშევარი და მოსარჩელემ მოითხოვა მათგან გადახდილი თანხის დაბრუნება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მართალია სენაკის პოლიციაში ინსპექტორისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში აღიარა სამუშაოს უხარისხოდ შესრულება, მაგრამ მაშინ იგი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში. ფაქტიურად მათ შეასრულეს სამუშაოები ხარისხიანად და მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

მოპასუხე ვ. ს-მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე გაურიგდა ო. გ-ი და ის იყო პასუხისმგებელი სამუშაოს ხარისხზე, ხოლო თვითონ უნდა ემუშავა დამხმარედ. აქედან გამომდინარე, მის მიმართ თანხის დაბრუნების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6542 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც აუდიტის დასკვნის კანონიერება გახადეს სადავოდ და მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

სააპელაციო პალატამ დანიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ამჟამად შეუძლებელია დადგინდეს, რეალურად რა მოცულობის და დასახელების სამუშაოები იყო შესრულებული მოპასუხეთა მიერ 1997 წელს, ასევე შეუძლებელია მოპასუხეთა მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის განსაზღვრა. ამჟამად, ბინაში კედლები და ჭერი შელესილია ხარისხიანად. აუდიტის მიერ გაცემული დასკვნის სისწორის შეფასება არ შედის ექსპერტის კომპენტენციაში.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეების მიერ სარემონტო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ. შპს “ე-ის” დასკვნის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შედეგად მიყენებული ზარალი შეადგენდა 6542 ლარს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აუდიტორული დასკვნის გამცემი აუდიტი გ. შ-ე არ არის ლიცენზირებული იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეებმა აღნიშნულის შესახებ არ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და 2002წ. 30 სექტემბრის განჩინებით უცვლელად დატოვა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სკ-ს 642-643 მუხლები.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებიც მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

კასატორები თვლიან, რომ სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმების მოთხოვნები, რის შედეგადაც საქმეზე გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ.

სსკ-ს მე-200 მუხლის თანახმად საქმის მომზადებას სასამართლო იწყებს სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ და ამავე კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად მოსამართლე საპროცესო მოქმედებებს ასრულებს საქმის მომზადების სტადიაზე.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ 2001წ. 3 ოქტომბერს თავისი ინიციატივით ჯერ კიდევ სასამართლოს წარმოებაში არარსებულ საქმეზე, მხარის განცხადების და შუამდგომლობის გარეშე გამოითხოვა პოლიციიდან მონაკვლევი მასალები. ასევე 12 ოქტომბრის წერილით (და არა განჩინებით) მიმართა შპს “.. ..-ის” სენაკის ფილიალის დირექტორს მოპასუხეების მიერ უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების მოცულობის და ღირებულების დადგენის მიზნით. ბ. ბ-ს სასარჩელო განცხადება კი წარმოებაში მიიღო იმავე წ. 15 ოქტომბერს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ რაიონულმა სასამართლომ საპროცესო ნორმების მოთხოვნათა უხეში დარღვევით დაარღვია მოპასუხე მხარეების სსკ-ს 83-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო უფლებები. ასევე თავისი ინიციატივით საქმის წარმოების დაწყებით დაარღვია დისპოზიციურობის პრინციპი.

აღნიშნულ საპროცესო დარღვევებს არ მისცა სამართლებრივი შეფასება ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ და სრულად გაიზიარა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები. გარდა აღნიშნულისა სააპელაციო პალატამ არ მისცა შეფასება თავად სასარჩელო განცხადებასა და აუდიტის დასკვნას შორის არსებულ წინააღმდეგობებს. კერძოდ, 10 ოქტომბერს შედგენილ სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეების მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაო სხვა ხელოსნებს ჩამოანგრევინა და ხელახლა შეაკეთებინა. ხელახლა კედლების გასწორებისათვის გადაიხადა 560 ლარი, კარნიზების გაკეთებისათვის – 1320 ლარი, ჩამონგრევისათვის – 150 ლარი, მასალის ღირებულება – 600 ლარი. ე.ი. 10 ოქტომბრისათვის მოსარჩელეს ჩატარებული ჰქონდა ხელახალი ხარისხიანი რემონტი.

2001 წ. 22 ოქტომბერს აუდიტის დასკვნაში კი მითითებულია, რომ სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული და ჩამოსანგრევია. ჩამონგრევაში გადასახდელია 220 ლარი (მოსარჩელე მიუთითებს, რომ ჩამონგრევაში 150 ლარი გადაიხადა), სამშენებლო მასალებში გადასახდელია 1932 ლარი (მოსარჩელემ უკვე გადაიხადა 600 ლარი) და ა.შ.

აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა სრულად და ობიექტურად განხილვის შესახებ.

გარდა საპროცესო ნორმების დარღვევისა სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სკ-ს 643-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება, რომლის თანახმად შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

მითითებული ნორმა მენარდეს აკისრებს დამატებითი ხარჯების გადახდის მოვალეობას. სასამართლომ კი მოპასუხეებს დააკისრა როგორც დამატებითი ხარჯების გადახდა, ასევე მათ მიერ შესრულებული სამუშაოების გამო მიღებული თანხის დაბრუნება, რითაც ფაქტიურად მოსარჩელის ბინაში ჩატარებული რემონტის მთლიანი ღირებულების გადახდის ვალდებულება დააკისრა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება.

ამდენად, სასამართლომ კანონის არასწორი განმარტებით და საპროცესო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით საქმეზე გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.

სსკ-ს 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 30 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოა და არ გასაჩივრდება.