გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1401-03 19 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: პარტნიორის გარიცხვა.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “კ-მა” 1999წ. 26 აპრილს მ.დ-ს, შ.მ-ის, მ.ტ-ს და ფირმა “ჟ.დ-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ.ფოთის სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1999წ. 2 აპრილს შპს “კ-ის” პარტნიორთა კრებამ დაადგინა პარტნიორების: მ.ტ-ს, შ.მ-ის, მ.დივითაიას და ფირმა “ჟ.დ-ის” გარიცხვა შპს “კ-ის” პარტნიორობიდან.
მოსარჩელემ მოითხოვა მითითებული პარტნიორების სასამართლოს წესით გარიცხვა.
მოპასუხე მ.ტ-მ, შ.მ-მა და მ.დ-მ სარჩელი არ ცნეს.
მათ მიუთითეს, რომ მ.კ-ე არ წარმოადგენს შპს “კ-ის” დირექტორს. მან ეს თანამდებოდა მიითვისა 1998წ. 30 დეკემბრის პარტნიორთა უკანონო კრების გადაწყვეტილებით, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში რეგისტრირებული არ არის. პარტნიორთა კრების მოწვევა, რომელმაც დაადგინა მოპასუხეთა გარიცხვა, დაუშვებელი იყო ქ.თბილისში, ვინაიდან პარტნიორთა უმრავლესობა ქ.ფოთში ცხოვრობს და საზოგადოებაც ტერიტორიულად ქ.ფოთში მდებარეობს. მათ მიუთითეს, რომ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაში პარტნიორობიდან მათი გარიცხვის საფუძვლად მითითებულია არასწორ ბრალდებებზე.
სენაკის რაიონული სასამართლოს 1999წ. 20 აგვისტოს დაუსწრებელი გააწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: პარტნიორობიდან გაირიცხნენ სარჩელში მითითებული ფიზიკური პირები.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლები 1999წ. 30 აგვისტოს გადაეგზავნა მ.დ-ს, შ.მ-ს და მ.ტ-ს.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მ.დ-ს ჩაბარდა 1999წ. 9 სექტემბერს. მან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სენაკის რაიონულ სასამართლოს მიმართა 1999წ. 17 სექტემბერს.
1999წ. 25 ოქტომბერს სასამართლოს სხდომის ოქმით მიღებული განჩინებით სენაკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მ.დ-ს შუამდგომლობა და მისი საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე უმოძრაოდ დატოვა (წერილობითი შუამდგომლობა საქმეს არ ერთვის. განაცხადი საჩივრის უმოძრაოდ დატოვების თაობაზე დაფიქსირებულია სხდომის ოქმში).
2000წ. 8 სექტემბერს სენაკის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართეს მოპასუხეებმა: შ.მ-მა, მ.ტ-მ და მ.დ-მ. მათ მოითხოვეს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის განხილვა (ამ დროისათვის საქმეში დევს მხოლოდ მ,დ-ს საჩივარი, ხოლო შ.მ-ის და მ.ტ-ს საჩივრები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საქმეში არ არის). 2001წ. 28 მაისს სენაკის რაიონულ სასამართლოს დაუსწრებელი ტგადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით ცალკე საჩივრით მიმართეს მ.ტ-მ და შ.მ-მა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ივნისის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული მ.დ-ს, მ.ტ-ს და შ.მ-ის საჩივრები დაუსწრებელი გადაშწყვეტილების გაუქმების შესახებ და დაინიშნა საქმის არსებითად განხილვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხეთა საჩივარი: გაუქმდა მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ აღნიშნული გარემოება _ არაჯანსაღი დამოკიდებულება სს “ა-თან”, მათ მიერ დოკუმენტების დამალვა, გადაბარების გაჭიანურება და ა.შ. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შპს-დან გარიცხვის საფუძველს არ წარმოადგენდა. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა დაიშვებოდა მხოლოდ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლით, პარტნიორის მიერ შესატანის ვადის გადაცილების შემთხვევაში, რასაც ადგილი არ ჰქონია. ამასთან, მ.კ-ე არ იყო საზოგადოების დირექტორი. დამფუძნებლის და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით იგი აღიჭურვა მხოლოდ 2000წ. 28 აგვისტოს, ამიტომ მას, როგორც მოსარჩელეს, შპს “კ-იდან” პარტნიორის გარიცხვის თაობაზე არ გააჩნდა უფლებამოსილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “კ-ის” სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა მოცემულ საქმეზე სენაკის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ივნისის განჩინება (თუმცა 2001წ. 8 ივნისის განჩინების გაუქმება აპელანტს არ უთხოვია (ამ განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მ.დ-ს, მ.ტ-ს და შ.მ-ის საჩივრები სენაკის რაიონული სასამართლოს 1999წ. 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და დაინიშნა საქმის ხელახალი მოსმენა); ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილება სენაკის რაიონული სასამართლოს 1999წ. 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში მოპასუხეების: შ. მ-ის, ფირმა “ჟ.დ-ის” წარმომადგენლის და მ.ტ-ს მიმართ და ამ ნაწილში საქმე დაბრუნდა საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: შ.მ-ისა და მ.ტ-ს მიერ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან. მ. დ-ს მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 26 აპრილს სარჩელით მიმართა შპს “კ-ის” გენერალურმა დირექტორმა მ.კ-ემ, რომელმაც მოითხოვა ამ საზოგადოების პარტნიორების: მ.ტ-ს, შ.მ-ის, მ.დ-ს და ფირმა “ჟ.დ-ის” პარტნიორთა რიგებიდან გარიცხვა. საქმე გადაეცა სენაკის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც 1999წ. 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო სარჩელი დააკმაყოფილა: პარტნიორთა რიგებიდან გაირიცხნენ მ.დ-ა, შ.მ-ი და მ.ტ-ა. გადაწყვეტილება არ შეეხო მეოთხე პარტნიორს, ფირმა “ჟ.დ-ს”, რომლის გარიცხვასაც ასევე მოითხოვდა მოსარჩელე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განიხილა გასაჩივრებული გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებებიც და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უხეშად არის დარღვეული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, რაც იმაში გამოიხატა, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 1999წ. 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საერთოდ არ შეხებია შპს “კ-ის” პარტნიორ ფირმა “ჟ.დ-ს”. იგი პროცესზე საერთოდ არ ყოფილა მოწვეული, ამიტომ მის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობა არ არსებობს. ასევე შეუძლებელია ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლიანობის შემოწმება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში შ.მ-ის და ნ.ტ-ს მიმართ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს შ.მ-მა, მ.ტ-მ და მ.დ-მ. შპს “კ-ს” გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
მ.დ-მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა შ.მ-ის და მ.ტ-ს სასარგებლოდ ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში, ხოლო მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
შ.მ-მა და მ.ტ-მ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების ნაწილში, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა მათ სასარგებლოდ ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.
კასატორებმა მიუთითეს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი არ გაგზავნიათ და არ ჩაბარებიათ 2001წ. 28 მაისამდე.
მათ უსაფუძვლოდ მიაჩნიათ სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მოპასუხეებს გაეგზავნათ 1999წ. 30 აგვისტოს. სინამდვილეში მათ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლები ჩაიბარეს 2001წ. 8 ივნისს და გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან 10 დღეში შეიტანეს საჩივარი მისი გაუქმების თაობაზე.
კასატორებმა მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ზემოთ მითითებული ნაწილის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ვინაიდან მ.დ-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა საქმეში მონაწილე სხვა პირთა ინტერესების დასაცავად, რისი უფლებაც მას არ გააჩნდა), მისი საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად იქნა დატოვებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ შ.მ-ის და მ.ტ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ საქალაქო სასამართლოს, მართლაც, არ შეუმოწმებია, მათ წინააღმდეგ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მ.ტ-მ და შ.მ-მა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეიტანეს საჩივარი თუ არა და მათი საჩივარი იყო თუ არა დასაშვები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ უმთავრეს პირობას წარმოადგენს კანონით დადგენილ ვადაში მისი შეტანა. ამის გარკვევის მიზნით სასამართლომ უნდა დაადგინოს, სსკ-ს 237-ე მუხლის შესაბაისად თუ როდის გაეგზავნა და ჩაბარდა საჩივრის ავტორს მის წინააღმდეგ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი, როდის იქნა საჩივარი შეტანილი, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისას უტყუარად უნდა დაადგინოს გამოუცხადებლობის მიზეზები სსკ-ს 233-ე მუხლის შეაბამისად ხომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძველი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების საკითხი. თუკი დადგენილი იქნება, რომ გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზებით, მაშინ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმებულ უნდა იქნეს.
მოცემულ შემთხვევაში ფოთის საქალაქო სასამართლომ არ გაარკვია 1999წ. 20 აგვისტოდან 2001წ. 8 ივნისამდე შ.მ-ის და მ.ტ-ს მიერ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეუტანლობის საკითხი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიღებისას არ დაურღვევია საკასაციო საჩივრებში მითითებული კანონის ნორმები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ.მ-ის და მ.ტ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 სექტემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.