Facebook Twitter

¹3კ-1403-02 26 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 11 იანვარს ნ. რ-ემ სარჩელი აღძრა შპს “უ-ას” წინააღმდეგ და მოითხოვა 52000 აშ დოლარის, ასევე სასამართლო ხარჯების – 2.000 აშშ დოლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხემ 1997წ. 20 დეკემბერს ნ. ვ-ასაგან ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ისესხა 40000 აშშ დოლარი, ერთიწ. ვადით. მხარეებმა სესხისათვის გაითვალისწინეს სარგებელი წლიური 20%-ის (8000 აშშ დოლარი) ოდენობით. მოვალემ ვალდეულება ნაწილობრივ შეასრულა. კერძოდ, 1998 წელს გადაიხადა საპროცენტო განაკვეთი – 8000 აშშ დოლარი და ძირითადი თანხა – 3000 აშშ დოლარი. ე.ი. ძირითადი თანხა 37000 აშშ დოლარი არ გადაიხადა. იმის გამო, რომ სესხის ხელშეკრულება ზეპირი ფორმის იყო, ხოლო მოვალე თანხას არ აბრუნებდა, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე მოპასუხემ 1999წ. 21 მაისს შეადგინა ხელწერილი, რომლითაც აღიარა ფულადი ვალდებულება. მომდევნო წლებში მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის ნაწილი თანხა: 1999 წელს 7400 აშშ დოლარიდან – 5000 აშშ დოლარი, 2000 წელს 9800 აშშ დოლარიდან – 2000 აშშ დოლარი. 2001წ. დეკემბერში მოსარჩელემ მთლიანად დაფარა შპს “უ-ას” ვალი და მოპასუხისაგან მოითხოვა თანხის დაბრუნება სკ-ს 986-ე მუხლის საფუძველზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1997წ. დეკემბერში აშშ-ს ქ. ვაშინგტონში ნ. ვ-ასაგან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ისესხა 40000 აშშ დოლარი, წლიური 20% დარიცხვით. 1998 წელს მან – გ.ფ-ამ – გადაიხადა 11 აშშ დოლარი, შემდეგში 2001წ. 31 მარტამდე ნაწილ-ნაწილ იხდიდა თანხას.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა შპს “უ-ას” ნ. რ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 54200 აშშ დოლარი. შპს “უ-ას” ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 1355 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს “უ-ამ” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 სექტემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

1997წ. 20 დეკემბერს ნ. რ-ის მეშვეობით შპს “უ-ამ” ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ვ-ასაგან ისასხა 40000 აშშ დოლარი წლიური 20% სარგებლით. 1998 წელს შპს-მ კრედიტორს გადაუხადა 11000 აშშ დოლარი, აქედან 8000 აშშ დოლარი წლიური საპროცენტო განაკვეთი, 3000 აშშ დოლარი _ ძირითადი თანხა. ვალის გადახდის გაჭიანურების გამო მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა და კრედიტორის თხოვნით შპს “უ-ას” დირექტორმა გ. ფ-ამ ნ. ვ-ას სახელზე 1999წ. 21 მაისს დაწერა ხელწერილი, რომლის თანახმად შპს-მ იკისრა ვალდებულება, რომ მიმდინარეწ. ბოლომდე ეტაპობრივად გადაიხდიდა ნ. ვ-ას მიერ 1997წ. დეკემბერში 40000 აშშ დოლარის ოდენობით გაცემული კრედიტიდან დარჩენილ დავალიანებას, რომლის ოდენობა ამ დროისათვის შეადგენდა 37000 აშშ დოლარს, 20% სარგებლით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “უ-ამ” აღიარა ვალის არსებობა, რაც ახალი დამოკიდებული მოთხოვნის წარმოშობის საფუძველია.

შპს “უ-ამ” 1999 წელს კრედიტორს გადაუხადა 5000 აშშ დოლარი, ხოლო 2000 წელს – 2000 აშშ დოლარი. შემდეგ ვალის დაფარვა შეწყვიტა. დავალიანებამ შეადგინა 54000 აშშ დოლარი, რომელიც ნ. რ-ემ გადაუხადა კრედიტორს. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ შპს-ს კრედიტორისათვის გადასახდელი დარჩა 14600 აშშ დოლარი, როგორც ეს ნ. რ-ესა და ი. ს-ას შორის 2001წ. 31 მარტს დადებული ხელწერილით ირკვევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ს-ა არ იყო შპს-ს წარმომადგენელი, რომელსაც შეეძლო შპს-ს სახელით ეკისრა რაიმე ვალდებულება და ამ დროისათვის (2001წ. 31 მარტი) არც ნ. რ-ე იყო უფლებამოსილი ნ. ვ-ა-ს-ას ნაცლად შპს-საგან მოეთხოვა ვალდებულების შესრულება. ნ. რ-ეს ეს უფლება წარმოეშვა 2001წ. 7 დეკემბერს, როცა ნ. ვ-ამ ხელწერილით დაადასტურა, რომ ნ. რ-ემ მას გადაუხადა “უ-ას” ვალი. როგორც ძირითადი თანხა, ისე 1998, 1999, 2000 და 2001წ. საპროცენტო განაკვეთი, სულ – 65700 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოება საფუძველი გახდა, რომ ნ. რ-ეს მის მიერ გადახდილი თანხა მოეთხოვა შპს-საგან.

სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები თანხის გადახდის თაობაზე შეეხება “უ-ასა” და ნ. რ-ეს შორის არსებულ საქმიან ურთიერთობებს არაყის გადაზიდვასთან დაკავშირებით და არა შპს-სა და ნ. ვ-ას შორის არსებულ ფულად ვალდებულებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურებულია, რომ შპს “უ-ამ” ვალდებულება შეასრულა ნ. ვ-ას წინაშე. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ს 102-ე მუხლი და სკ-ს 624-ე, 429-ე, 430-ე, 431-ე მუხლებზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს “უ-ამ”. კრედიტორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. ამასთან, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 84-ე მუხლი, რადგან სესხის ხელშეკრულების მხარე გ. ფ-აა და არა შპს “უ-ა”. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 986-ე მუხლი, რადგან არ არის დადგენილი, ნ. რ-ემ ნამდვილად რომ გადაიხადა სადავო თანხა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ს 394-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად საკმაოდ არ არის დასაბუთებული. იურიდიულ დასაბუთებაში იგულისხმება გადაწყვეტილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთება. საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს “უ-ა” სააპელაციო სასამართლოში სადავოს ხდიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით. კერძოდ, აპელანტი სადავოს ხდიდა გადასახდელად დაკისრებული თანხის ოდენობას და მიუთითებდა, რომ თანხის ნაწილი გადახდილია. აღნიშნულის დასადასტურებლად მხარემ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ნ. რ-ის ხელნაწერები სადაც მითითებულია, რომ ნ. ვ-ასთვის გადასახდელი თანხა 2000წ. 18 იანვრისათვის შეადგენდა 32000 აშშ დოლარს (დავალიანების ძირითადი თანხა). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები არ გამოიკვლია და ისე მიიღო საქმეზე გადაწყვეტილება, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შპს “უ-ა” არასათანადო მოპასუხეა. საქმის მასალებით, კერძოდ, 1999წ. 21 მაისის ხელწერილით, ირკვევა, რომ შპს “უ-ას” აქვს ნ. ვ-ას ვალი. სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს 341-ე მუხლი. ასევე უსაფუძვლოა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებიან სკ-ს 986-ე მუხლი. დადგენილია, რომ 2001წ. 7 დეკემბერს ნ. რ-ემ ნ. ვ-ას გადაუხადა გ.ფიფიას ვალი. სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლით, პირს, რომელიც შეგნებულად სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. ამდენად, ნ. რ-ის მოთხოვნა იურიდიულად საფუძვლიანია, რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებას ნ. რ-ის მიერ ნ. ვ-ასათვის თანხის გადახდის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ იგი გადახდილია.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიუთითებს, რომ, ვინაიდან თანხის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს საქმეში არსებული მასალები. კერძოდ, ნ. რ-ის მიერ შედგენილი ანგარიში, სადაც მითითებულია, რომ ნ. ვ-ას ვალი 2000წ. 18 იანვარს შეადგენდა 32000 აშშ დოლარს. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულება საქმის მასალებში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გამოკვლეულ უნდა იქნეს და უნდა დადგინდეს სადავო ფულადი ვალებულების ზუსტი ოდენობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 სექტემბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.