საქმე # 330100122006586390
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №516აპ-23 ქ. თბილისი
გ–ა ლ., 516აპ-23 27 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. გ–მ, რომელიც საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოითხოვს საქმის ხელახალ გადახედვას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენით ლ. გ–ა, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით (2022 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით (2022 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით (2022 წლის 23 სექტემბრის ეპიზოდი);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით (2022 წლის 23 სექტემბრის ეპიზოდი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით.
გაუქმდა ლ. გ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
ლ. გ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 1 ნოემბრიდან.
ლ. გ–ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. გ–მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა (ორი ეპიზოდი) და გასაღება (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2022 წლის 16 სექტემბერს, ქ. თ–ში, ...........ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. გ–მ ბ. ჭ–ზე 200 ლარად, უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული - 0,10331 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც 2022 წლის 16 სექტემბერს ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბ. ჭ–ასთან ჩატარებული ამოღების შედეგად.
- 2022 წლის 23 სექტემბერს, ქ. თ–ში, ..........ის გამზირის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. გ–მ ბ. ჭ–აზე 200 ლარად, უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,07033 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც 2022 წლის 23 სექტემბერს ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბ. ჭ–ასთან ჩატარებული ამოღების შედეგად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. გ–მ, რომელმაც მოითხოვა ნარკოტიკული საშუალების გასაღების ეპიზოდებში გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ლ. გ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა როგორც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის, ასევე - უკანონო გასაღების ეპიზოდებშიც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია და ემყარება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოდგენილი მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში ლ. გ–მ თავი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვის ეპიზოდებში, ხოლო გასაღების ნაწილში განმარტა, რომ მას მითითებული დანაშაული არ ჩაუდენია), კერძოდ: მოწმეების ბ. ჭ–ს, შ. მ–ს და რ. ზ–ს გამოკითხვის ოქმებს; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებსა და კრებსებს; ამოღების ოქმებსა და ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს; ბრალდებულის დაკავების ოქმს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის N.......... და N.......... დასკვნებს, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N........ დასკვნას, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის N......... დასკვნასა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
9. ლ. გ–ს განმარტებასთან მიმართებით, რომ მას ნარკოტიკული საშუალება არ გაუსაღებია, რომ თითქოსდა, მასა და ბ. ჭ–ს ერთად უნდა მოეხმარათ ნარკოტიკული საშუალება, საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ლ. გ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, კერძოდ: მოწმე ბ. ჭ–ს გამოკითხვის ოქმითა (რომლის საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია) და ასევე - ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით (კრებსებით), რომელთა მიხედვით, უტყუარად დგინდება, რომ ლ. გ–მ დროის მოკლე პერიოდში, ორჯერ - 2022 წლის 16 სექტემბერსა და 23 სექტემბერს, ფულადი თანხის სანაცვლოდ, ბ. ჭ–ს გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რაც წარმოადგენს მის გასაღებას და გამორიცხავს ბრალდებულის ვერსიას, რომ ნარკოტიკული საშუალება არ გაუსაღებია.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. გ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი