საქმე # 330100119002902612
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №280აპ-23 ქ. თბილისი
ა. ჯ., 280აპ-23 9 აგვისტო, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ შმაგი გობეჯიშვილისა და მსჯავრდებულ ჯ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. შ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. ჯ. ა–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით;
1.2. ნ. კ–ს - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით;
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ჯ. ა–სა და ნ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ჯ. ა-მა წინასწარი შეთანხმებით ნ. კ–სთან ერთად, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - კოკაინი (ფუძე), წონით 797,2514 გრამი. კერძოდ: 2019 წლის 5 თებერვალს ნ. კ-ემ ქ. ქ–ში, დ. ა-ის გამზირი №... ში განთავსებულ ,,ს-ს“ შენობაში, საკონტროლო მიწოდების ფარგლებში აიღო მის სახელზე არსებული გზავნილი - ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (ფუძე), წონით 797,2514 გრამი, რაც შემდგომში გადასცა ჯ. ა–ს.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღეს - 2019 წლის 5 თებერვალს, ქ. ქ–ში, დ. ა-ის გამზირი N-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ჯ. ა–ს მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენით:
3.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის შმაგი გობეჯიშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;
3.1.1. დამტკიცდა 2019 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ შმაგი გობეჯიშვილს (ზემდგომი პროკურორის ბესიკ თხელიძის თანხმობით) ბრალდებულ ნ. კ–სა და ადვოკატ ვ. მ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
3.1.2. ნ. კ-ე (პ№..........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვით;
3.1.3. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან ნაწილი - 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად ნ. კ–ს განესაზღვრა 6 წელი;
3.1.4. ნ. კ–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 5 თებერვლიდან 2019 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ნ. კ–ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
3.1.5. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ნ. კ–ს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 5 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 წლი ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
3.1.6. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის საფუძველზე, ნ. კ–ს 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
3.2. ჯ. ა. (პირადი ნომრის გარეშე) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
3.2.1. ჯ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დროიდან - 2019 წლის 5 იანვრიდან;
3.2.2. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჯ. ა–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ნ. კ–ს და ჯ. ა–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღმოიფხვრა არსებული უზუსტობა და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა - ,,სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ჯ. ა–ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, კერძოდ 2019 წლის 05 თებერვლის 18 საათი და 45 წუთიდან.“
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ჯ. ა–ს ადვოკატებმა - ზ. რ–მა, შ. ხ-მ, დ. ს-ემ, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში დატოვების შემთხვევაში მძიმე ქრონიკული ავადმყოფობის გამო, გამოჯანმრთელებამდე, ჯ. ა–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გადავადება.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროს უფროსის მ. თ-ს აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღსრულების დამთავრების შესახებ შეტყობინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე ნ. კ–ს დანიშნული სასჯელი - 6 წელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვით; ნ. კ–ს მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, გაუქმდა პირობითი მსჯავრი და მოეხსნა ნასამართლობა, რის საფუძველზეც ,,დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მის მიმართ სააღსრულებო წარმოება დასრულდა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენში ჯ. ა–ს მიმართ შევიდა ცვლილება;
7.1. ჯ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
7.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შემცირდა ¼-ით და ჯ. ა–ს საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით;
7.3. ჯ. ა–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 5 იანვრიდან;
7.4. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჯ. ა–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში გასწორდა დაშვებული უზუსტობა და სარეზოლუციო ნაწილის მეხუთე აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,ჯ. ა–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან, 2019 წლის 5 თებერვლიდან“.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
9.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ შმაგი გობეჯიშვილი ითხოვს, რომ ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში და ჯ. ა–ს მიმართ არ იქნეს გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი;
9.2. ჯ. ა–ს ადვოკატი ა. შ-ი ითხოვს მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ა–ს განცხადება (შუამდგომლობა) დაკმაყოფილდა და ინტერესების დასაცავად გამოეყო ადვოკატი, სახელმწიფოს ხარჯზე.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ა–ს შუამდგომლობა გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ დაკმაყოფილდა და აღდგენილი იქნა თბილისი სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადა.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ჯ. ა–ს ადვოკატის - ა. შ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
3. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ: მსჯავრდებულის ადვოკატმა, რომელიც ითხოვს ჯ. ა–ს უდანაშაულოდ ცნობას და პროკურორმა, რომელიც ითხოვს, რომ მსჯავრდებულის მიმართ არ იქნეს გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი. შესაბამისად, მხარეებს შორის დავის საგანია, ჩაიდინა თუ არა ჯ.-- ა–მა მსჯავრად შერაცხული დანაშაული, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით და მისი ჩადენის დადასტურების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს თუ არა მის მიმართ ამნისტიის მითითებული კანონი.
4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებით, დათვალიერების აქტით, ქიმიური, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ვიდეო-აუდიო მასალითა და წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება ჯ. ა–ს მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ჯ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდება განაპირობა. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა, მათ შორის - იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, დაცვის მხარის ყველა არგუმენტზე, შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს: ნ. კ–ს ჩვენებას, რომლის თანახმად, მან დაადასტურა, რომ მის სახელზე გამოგზავნილი და ფოსტიდან მისი საშუალებით გამოტანილი ამანათი, რომელშიც იყო ნარკოტიკული საშუალება, ეკუთვნოდა ჯ. ა–ს; ჯ. ა–ს აქტიურ მონაწილეობას ფოსტიდან ამანათის (რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება) აღებაში, რასაც სადავოდ არ ხდის დაცვის მხარეც, იმავდროულად, აღნიშნული დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ფოსტის თანამშრომელმა და გამომძიებლებმა დაადასტურეს, რომ მართალია ფოსტაში ნ; კ-ემ მოითხოვა მის სახელზე არსებული ამანათი, მაგრამ ის უშუალოდ ჯ. ა-მა გამოართვა ფოსტის თანამშრომელს და ნ. კ-ემ მხოლოდ მის ჩაბარებაზე მოაწერა ხელი. ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედების - „ფარული ვიდეო-აუდიოჩაწერის“ შედეგად მოპოვებული მასალითა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ამანათი ჰქონდა პირადად ჯ. ა–ს ფოსტიდან გამოსვლისას და შემდგომაც, ვიდრე გამომძიებლებმა არ შეაჩერეს, გზავნილის თანხაც გადაიხადა უშუალოდ ჯ. ა-მა.
5.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ჯ. ა–ს პირად ჩხრეკას ესწრებოდა თარჯიმანი, ჯ. ა–ს განემარტა ჩხრეკის ოქმზე შენიშვნის/შესწორების გაკეთების უფლება, თუმცა მას აღნიშნული უფლებით არ უსარგებლია; აღნიშნულ ოქმს ხელი მოაწერა, მათ შორის - ჯ. ა-მა.
6. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებულ განაჩენს საფუძვლად დაედო არადამაჯერებელი და არასანდო მტკიცებულებები და, მათ შორის - გასაზიარებელი არ არის ნ. კ–ს ჩვენება, ვინაიდან მის მიერ გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე მოწოდებულ ჩვენებებს შორის არის არსებითი სხვაობა, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია (იხ.: მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის N545აპ.-20 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის N232აპ-21 განჩინება) და ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარის მიერ დასახელებული წინააღმდეგობა სასამართლო სხდომაზე ნ. კ-ემ ახსნა პირველ ეტაპზე მისი დაბნეულობით, შიშითა და იმ ფაქტით, რომ მომხდარიდან გამომდინარე ვერ აანალიზებდა მის თავს მიმდინარე მოვლენებს, მანვე კატეგორიულად განმარტა, რომ ამჯერად (სასამართლოში ჩვენების მიცემისას) გააცნობიერა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და შესაბამისად, საუბრობს მხოლოდ სიმართლეს, ამასთან, ჩვენების ამ შინაარსით მიცემა მისთვის არავის დაუძალებია (24.10.2019; 13:26:32, 13:59:47); მისთვის უცნობია უფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება (14:01:50); ასევე იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს ჰქონდა, როგორც საკუთარი მტკიცებულებების წარმოდგენის, ასევე - არსებით სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით თითოეული მოწმისათვის სასურველი კითხვების დასმის, მოწმეთა მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის (მათ შორის, აღნიშნული ინფორმაციის უტყუარობის, რელევანტურობის თუ კანონიერების, მოწმის სანდოობის შემოწმების/შედავების) გამოკვლევის შესაძლებლობა; იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება მსჯავრდებულის მიმართ მოწმის მიკერძოებული დამოკიდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს არ აქვს აღნიშნულ მოწმის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ დაცვის მხარე თავადაც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ჯ. ა-მა წინასწარ იცოდა, რომ ბ-იდან იგზავნებოდა ამანათი და იგი მან ფოსტიდან აიღო ნ. კ–სთან ერთად; ამასთან, ამანათი, რომელშიც, მათ შორის - ნარკოტიკული საშუალებაც იყო, ნ. კ–ს სახელზე შპს „ს-ს“ საბაჟო ტერმინალში ჩამოვიდა 2019 წლის 22 იანვარს, ასევე დათვალიერების N..... აქტი, რომლის თანახმადაც, ამანათში სავარაუდოდ განთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერება - კოკაინის შემცველი ფხვნილი, დათარიღებულია ასევე 2019 წლის 22 იანვრით, აღნიშნული დროისათვის კი ამანათთან - ნარკოტიკულ საშუალებასთან - ჯ. ა–ს კავშირის შესახებ არ იცოდნენ არც შპს „ს-ს“ და არც - პოლიციის თანამშრომლებმა. ეს მათთვის ცნობილი მოგვიანებით - თებერვალში გახდა, შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ეჭვს ჯ. ა–ს მიმართ დაინტერესებისა და ნივთიერ მტკიცებულებაზე გარკვეული მანიპულაციის განხორციელების შესაძლებლობის შესახებ.
8. შესაბამისად, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ჯ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
9. რაც შეეხება პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის საკასაციო საჩივარს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების თაობაზე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით ჯ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1000 ლარი, ხოლო აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - ტ. შ-ის წერილის თანახმად, დაკისრებული ჯარიმა - 1000 ლარი გადახდილი და გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2018 წლის 10 ივლისს.
9.1. აღნიშნულისა და საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილისა (თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ) და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის (1/4-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული) დანაწესების მხედველობაში მიღებით, დგინდება, რომ 2018 წლის 10 ივლისიდან, მაშინ, როცა მსჯავრდებულმა სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხა წინა განაჩენით შეფარდებული ჯარიმის თანხა, 2019 წლის 5 თებერვლამდე, ანუ განსახილველი ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის დრომდე, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა - 1 წელი გასული არ იყო, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის ჩადენის დროისათვის ჯ. ა–ს ნასამართლობა გაქარწყლებული არ იყო და იგი ითვლებოდა ნასამართლობის მქონე პირად, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის გავრცელების შესაძლებლობას.
10. ამდენად, პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში და ჯ. ა–ს მიმართ არ იქნეს გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაკითხული სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელ ნ.- ჩ-ის ჩვენებას, რომლის თანახმად, მსჯავრდებულ ჯ. ა–ს ჯანმრთლობის მდგომარეობა ამ ეტაპზე ისეთი მძიმე არ არის, რომ საჭირო იყოს მისი სამკურნალო N-ე დაწესებულებაში გადაყვანაც კი, რადგან უზრუნველყოფენ მის მკურნალობას; იმ შემთხვევაში თუ ჩათვლიან საჭიროდ, აქვთ შესაძლებლობა, რომ მოითხოვონ მსჯავრდებულისათვის სასჯელის გადავადება ანდა პატიმრის გათავისუფლება,
11.1. აღნიშნულისა და საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ არ არსებობს ჯ. ა–სათვის დანიშნული სასჯელის გადავადების საფუძველი.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ჯ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. შ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
1.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
2.1. ჯ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
2.1.1. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება, ქილები, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება, ამანათის ყუთი, ,,ს-ს“ პოლიეთილენის ცელოფანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს;
ნ. კ–ს მობილური ტელეფონი, ჯ. ა–ს მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს;
საქმეზე დართული დისკები შენახულ იქნეს, სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით;
2.2. ჯ. ა–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 5 თებერვლიდან;
3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე