Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1409-02 18 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ.კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

სარჩელის საგანი: ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერების აღიარება, ნასყიდობის ბათილად ცნობა, ქონების დაბრუნება და თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 30 ნოემბერს თ. რ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს “კ-სთან” 1999წ. 3 აგვისტოს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერების აღიარება, თ.რ-სა და ლ.უ-ს შორის 1999წ. 20 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, შპს “კ-სისათვის” 10000 აშშ დოლარის და ლ. უ-სთვის უძრავი ქონების გადაცემის დაკისრება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით ლ.უ-ს მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 სექტემბრის განჩინებით ლ.უ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ლ. უ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 24 სექტემბრის განჩინების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს მხარეებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს მორიგების თაობაზე და წარმოადგინეს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობები. მორიგება არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. მხარეებს განემარტათ სსკ-ს 273-ე მუხლი.

სსკ-ს მე-3 და 272-273-ე მუხლების თანახმად მხარეთა მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დამტკიცდეს მორიგება კასატორ ლ. უ-ს და მოწინააღმდეგე მხარეებს თ. რ-ს, შპს “კ-ს”-ს და ნოტარიუს ს. ბ-ეს შორის შემდეგი პირობებით:

ლ. უ-ა კისრულობს ვალდებულებას, 2003წ. 30 მარტამდე გადასცეს თ. რ-ს საკუთრებასა და მფლობელობაში საცხოვრებელი ბინა, მდებარე ... ქ.თბილისში გადაცემასთან ერთად მოხდეს საჯარო რეესტრში თ.რ-ის მესაკუთრედ რეგისტრაცია.

შპს “კ-სი” კისრულობს ვალდებულებას, თავის თავზე აიღოს ბინის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ანაზღაურება.

შპს “კ-სი” იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს თ. რ-ს 15000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ლარებში. შეთანხმებაზე ხელმოწერის დღიდან ერთი თვის ვადაში.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება თ. რ-ის სარჩელის გამო შპს “კ-სი”-ს, ლ. უ-ს და ნოტარიუს ს. ბ-ის მიმართ ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერების აღიარების, ნასყიდობის ბათილად ცნობის, ქონების დაბრუნების და თანხის დაკისრების თაობაზე.

სახელმწიფო ბაჟი 300 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ლარებში თანაბარწილად _ თითოეულს 150 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით გადახდა დაეკისროთ თ. რ-ს და შპს “კ-ს”-ს. ქონების დაბრუნების ნაწილში სახელმწიფო ბაჟი კასატორ ლ.უ-ს მიერ გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.