Facebook Twitter

საქმე # 010100120003978487

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №191აპ-23 ქ. თბილისი

ა. ა. 191აპ-23 11 აგვისტო, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 23:35 საათზე, ო–ს მუნიციპალიტეტში მდებარე გასართობ ცენტრ „ც–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ა. ა–მ ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი უთანხმოების გამო თანნაქონი მჭრელი საგნის გამოყენებით მარცხენა თხემის არეში ჭრილობა მიაყენა კ. გ–ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

2.2. 2020 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 23:35 საათზე, ო–ს მუნიციპალიტეტში მდებარე გასართობ ცენტრ „ც–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ა. ა–მ ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი უთანხმოების გამო თანნაქონი მჭრელი საგნის გამოყენებით მარჯვენა წინამხრის არეში ჭრილობა მიაყენა რ. ჩ–ს, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლით;

2.3. ა. ა–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და 2020 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 23:45 საათზე, ქ. ქ–ში, ა–ს ქ. N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 5.7 მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლ იარაღს და ამავე კალიბრის მქონე საბრძოლო მასალას;

2.4. ა. ა–სემ, 2020 წლის 7 აგვისტოს დაახლოებით 23:45 საათზე, ქ. ქ–ი, ა–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, რ. ჩ–ს, ს. ჩ–ს, კ. ი–ს, კ. გ–ს, ა. ხ–ს და ნ. მ–ს განზრახ მკვლელობის მცდელობის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთჯერადი გასროლით დააზიანა კ. გ–ს კუთვნილი “TOYOTA LAND CRUISER 200-ის“ მოდელის(სახ. ნომერი: ......) ავტომანქანა, რამაც გამოიწვია 5800 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

2.5. 2020 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 23:35 საათზე, ო–ს მუნიციპალიტეტში მდებარე გასართობ ცენტრ ,,ც–ს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ა–ს კუთვნილი ავტომანქანა გაჩერებული ჰყავდა გზის სავალ ნაწილზე და ხელს უშლიდა სხვა ავტომანქანებს გადაადგილებაში. კ. ი–ი, კ. გ–სი, ს. ჩ–ი, ა. ხ–ი, რ. ჩ–ი და ნ. მ–ი ავტომანქანით მიდიოდნენ ქალაქ ბ–ს მიმართულებით, რა დროსაც კ. ი–მა ა. ა–ს ავტომაქნანის ხმოვანი სიგნალით მოუწოდა, რომ დაეთმო გზა, ვინაიდან ხელს უშლიდა მათ გადაადგილებაში, რამაც გამოიწვია ა. ა–ს გაღიზიანება, რის გამოც ზემოაღნიშნულ პირებს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც ა. ა–მ თანნაქონი მჭრელი საგნის გამოყენებით თავისა და ხელის არეში ჭრილობები მიაყენა კ. გ–ს და რ. ჩ–ს. კ. გ–მა და მისმა თანმხლებმა პირმა ფიზიკური დაპირისპირების დროს სახის არეში დაარტყეს ა. ა–ს, რის შემდგომაც დაჭრილი პირების საავადმყოფოში გადაყვანის მიზნით კუთვნილი ავტომანქანით წავიდნენ ქ. ქ–ს მიმართულებით, ა. ა–მ, რომელიც საქარველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 3 თებერვლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 სექტემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის განაჩენებით ნასამართლევია დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და დამამაძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, შურისძიების მოტივით, განიზრახა ზემოთხსენებული პირების მკვლელობა, რის გამოც კუთვნილი „ტოიოტა ქამრის“ ფირმის ავტომანქანით(სახ. ნომერი: ..........) დაედევნა კ. ი–ის მართვის ქვეშ არსებულ „ტოიოტა ლენდ კრუიზერის“ ფირმის მანქანას, რაშიც ისხდნენ ს. ჩ–ი, ა. ხ–ი, რ. ჩ–სი, კ. ი–ი, კ. გ–სი და ნ. მ–ი, რომლებსაც დაახლოებით 23:45 საათზე დაეწია ქ. ქ–ში, ა–ს ქუჩა N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ზემოთხსენებული პირების არაერთგზის მოკვლის მიზნით თანნაქონი მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული 5,7 მმ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც ასევე ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ ხუთჯერ გაისროლა ავტომობილ ,,...........ში’’ მყოფი პირების მიმართულებით, რა დროსაც ავტომანქანის მძღოლმა კ. ი-მა მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობა, რის გამოც ავტომანქანა შეაჩერა გზის სავალი ნაწილის კუთხეში, ხოლო ა. ა–ე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა. ა–ს მიერ განზრახული დანაშაული მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ა. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

3.2. ა. ა–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. ჩ–ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (კ. ი–ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.2.1. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. ჩ–ს ეპიზოდი) ჯარიმა - 4000 ლარი;

3.2.2. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა - 3000 ლარი;

3.2.3. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა - 4000 ლარი;

3.2.4 საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (კ. ი–ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2.5. საქართველოს სსკ-ის 41-ე, 521-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, რომლის ვადა უნდა აითვალოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან;

3.2.6. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2.7. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, ა. ა–სეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 41-ე, 521-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, რომლის ვადა აითვალა ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან;

3.4. ა. ა–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 6 იანვრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

4.1. აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ა. ა–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა;

4.2. მსჯავრდებულ ა. ა–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ბ–მ მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება მსჯავრდებულ ა. ა–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (რ. ჩ–ს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში და მოითხოვა ა. ა–ის გამართლება, ასევე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მსჯავრდების ნაწილში სასჯელის სახით მინიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განჩინებით აღმოიფხვრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენში არსებული უზუსტობა, კერძოდ გასწორდა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის ბოლოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობა - მოსამართლე მაკა გორგოძის ნაცვლად მიეთითა სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილე სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სრული შემადგენლობა: თავმჯდომარე - მაკა გორგოძე, მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი და მარინა სირაძე.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ა. ა–სის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა;

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ა. ა–ს მსჯავრდებას მათ შორის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით(მოწმეთა ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. ა–სის განზრახვა - მკვლელობის ჩადენა, დამამძიმებელ გარემოებებში, არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ა. ა–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

10. მხარეთა შორის დავის საგანს ასევე არ წარმოადგენს, რომ 2020 წლის 7 აგვისტოს, ო-ს მუნიციპალიტეტში მდებარე გასართობ ცენტრ „ც–სთან“ მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მომხდარით გაღიზიანებული ა. ა–სე, კუთვნილი ,,ტოიოტა ქამრის’’ ფირმის ავტომანქანით (სახ. ნომერი:.........) დაედევნა კ. ი–ის მართვის ქვეშ არსებულ ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერის’’ მარკის ავტომანქანას, რომელშიც ისხდნენ ს. ჩ–სი, ა. ხ–ი, რ. ჩ–სი, კ. ი–ი, კ. გ–სი და ნ. მ–ი, დაახლოებით 23:45 საათზე დაეწია ქ.ქ–ში, ა–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და თანნაქონი მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული 5,7 მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღიდან ,,..........ის’’ საბარგულის და წინა მარცხენა კარის სახელურის მიმართულებით აწარმოა ხუთჯერადი გასროლა, რა დროსაც ავტომანქანის მძღოლმა კ. ი–მა მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედში, დაზიანდა ავტომანქანაც. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა: ა. ა–ს ჰქონდა თუ არა ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის განზრახვა, ჩადენილი არაერთგზის.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ა. ა–ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებებში - ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. ა–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების - საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს და მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ა. ა–ს განზრახვა - არაერთგზის, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა, და ითვალისწინებს, რომ როგორც მსჯავრდებულმა, ისე დაზარალებულებმა: ა. ხ-მა, ნ. მ-მა, რ. ჩ–სმა, ს. ჩ–მა, კ. ი–მა, კ. ი–მა, კ. გ–სმა დაადასტურეს, რომ 2020 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე, ატრაქციონების პარკ „ც–სთან“ მოხმდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ (ფიზიკური დაპირისპირების მიზეზებსა და განვითარებულ მოვლენებს მხარეები განსხვავებულად გადმოსცემენ) მომხდარით გაღიზიანებული ა. ა–სე თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით(„ტოიოტა ქამრი“) უკან დაედევნა მათ ავტომობილს(„ტოიოტა ლენდ კრუიზერი“), დაეწია ქ. ქ–ში, ა–ს ქ. N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯერ უკნიდან დაეჯახა და გაისროლა საბარგულის მიმართულებით, ხოლო როდესაც „.............ის“ მძღოლმა შეაჩერა ავტომობილი, გვერდით ამოუდგა და მანქანიდან გადმოუსვლელად ოთხჯერ გაისროლა „ტოიოტა ლენდ კრუიზერის“ წინა მარცხენა კარის მიმართულებით, ოთხივე ტყვია მოხვდა კარის სახელურის სიახლოვეს. იმავდროულად შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარებისა და მოვლენათა განვითარების გათვალისწინებით, დაზარალებულებმა: ა. ხ–მა, რ. ჩ–სმა, ს. ჩ–სმა და კ. ი–მა მიუთითეს, რომ ა. ა–სეს სურვილის შემთხვევაში სროლის გაგრძელებაში ხელს არავინ უშლიდა და მკვლელობის განზრახვის არსებობისას ჰქონდა შესაბამისი დრო და შესაძლებლობა განზრახვა სისრულეში მოეყვანა, მათი მანქანის შუშები დაბურული არ იყო და შეეძლო ფანჯრების მიმართულებითაც ეწარმოებინა გასროლა. მოწმის სახით დაკითხულმა ნ. კ–მ ასევე განმარტა, რომ მანქანების ურთიერთგანლაგების მიხედვით, სურვილის შემთხვევაში მსროლელს სროლის გაგრძელება შეეძლო, ამ დროს ქუჩაში ბევრი ხალხი არ მოძრაობდა, მანქანის სიახლოვეს კი არავინ შეუნიშნავს. აღნიშნული გარემოებები დასტურდება მათ შორის პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას გამოკვლეული მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ქ–ს მუნიციპალიტეტის მერიის გარე სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერებითა და შპს „ა–ს“ სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით.

13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ მსჯავრდებულ ა. ა–ს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა, როდესაც დაეწია „............რს“ და მანქანის მიმართ განახორციელა გასროლები, ასევე მას შემდეგ, რაც მძღოლმა გააჩერა მანქანა. თუმცა დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებითა და ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ მსჯავრდებულმა განზრახვის სისრულეში მოყვანის ნაცვლად(მსჯავრდებულისვე განმარტებით იარაღში ჰქონდა 15 მჭიდი) რამდენიმე წამში დატოვა შემთხვევის ადგილი.

14. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ა. ა–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე