Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1413-02 5 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: სესხის ხელშეკრულების შეუსრულებლობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. შ-მ 2000წ. 3 ოქტომბერს რ. ყ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ.თბილისის გდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1999წ. 8 ივნისს რ. ყ-ს უსასყიდლოდ ასესხა 3520 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით. სესხის ხელშეკრულება გაფორმდა სანოტარო წესით.

მოპასუხემ დათქმულ დროს სესხი არ დაუბრუნა. ნაცვლად ფულის დაბრუნებისა, საჩივარი წარადგინა თბილისის რეგიონალურ სამხედრო პროკურატურაში.

მოსარჩელემ მოითხოვა ვალის დაბრუნება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის ბინაზე ყადაღის დადება.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 3 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის ბინას დაედო ყადაღა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს.

შეგებებული სარჩელის ავტორმა მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულების დადება მოხდა სამხედრო მოსამსახურის, კაპიტან შ. ბ-ის და მისი მეგობრის, ვ.მ-ის, მხრიდან შანტაჟის და შეშინების შედეგად. სინამდვილეში შ-საგან მას სესხი არ აუღია. ამის შესახებ მან 1999წ. 18 აგვისტოს სამხედრო პროკურატურაში განცხადება შეიტანა. რ.ყ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა 1999წ. 8 ივნისის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 თებერვლის განჩინებით საქმეში რ.ყ-თან ერთად თანამოპასუხედ ჩაება შ.ბ-ი.

რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 3520 აშშ დოლარი.

რ.ყ-ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს დაემატა ერთი პუნქტი იმის შესახებ, რომ არ დაკმაყოფილდეს რ.ყ-ის შეგებებული სარჩელი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 15 მარტის განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე რ.ყ-ის სააპელაციო საჩივრის ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახლა განმხილველ სასამართლოს არსებითად უნდა გამოერკვია მოდავე მხარეთა შორის გარიგება იძულებით ხომ არ იყო დადებული. დადებით შემთხვევაში, სასამართლოს უნდა დაედგინა დრო, რომლის განმავლობაშიც შეწყვეტილი იყო ხანდაზმულობის ვადის დენა, ხელახლა როდის დაიწყო იგი და შესაბამისად გამოთვლილიყო შეგებებული სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

ნ.შ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: რ.ყ-ს ნ.შ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 3520 აშშ დოლარის გადახდა.

ნ.შ-ს სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ასევე არ დაკმაყოფილდა რ.ყ-ის შეგებებული სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ რ.ყ-მა შ.ბ-ის მეშვეობით გაიცნო ნ.შ-ა და 1999წ. 8 ივნისს 1 თვის ვადით პირადი საჭიროებისათვის მისგან სესხად აიღო 3520 აშშ დოლარი, რის თაობაზეც რ.ყ-სა და ნ.შ-ს შორის სანოტარო წესით დაიდო სესხის ხელშეკრულება. ნ.შ-მ რ.ყ-ის მიერ სესხად აღებული ფული ხელზე გადასცა რ.ყ-ს შ.ბ-ისა და ნ.შ-ს მეუღლის, მ-ის თანდასწრებით, რაზეც შედგა სათანადო ხელწერილი, რომელიც ხელმოწერით დაადასტურეს სესხის ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეებმა და დამსწრე პირებმა.

ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ რ.ყ-მა, სესხთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტური სიტუაციის გამო, 1999წ. 9 აგვისტოს საჩივრით მიმართა სამხედრო პროკურატურას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ.ყ-მა სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ შეგებებული სარჩელი წარადგინა შეცილების 1 წლიანი ვადის დაცვით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ნ.შ-სა და რ.ყ-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად რ.ყ-ის მიერ მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ თითქოს მან სესხის ხელშეკრულება დადო იძულებით, რომ თითქოს მას შ.ბ-ი დაემუქრა ქ.მოსკოვში მყოფი მისი შვილიშვილის გატაცებით და მიუთითა, რომ რ.ყ-მა ვერ წარმოადგინა ამის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა რ.ყ-ის მოსაზრება სადავო ხელშეკრულების მოტყუებით დადების შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე იყო ნოტარიუსის მიერ დამტკიცებული სესხის ხელშეკრულება და ამ თანხის გადაცემას წერილობით ადასტურებდა როგორც მსესხებელი, ისე დამსწრე პირები, სკ-ს 624-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სესხის ხელშეკრულება ნამდვილად მიიჩნია.

ამავე საფუძვლით სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტ რ.ყ-ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების _ ბინაზე ყადაღის დადების განჩინების გაუქმების შესახებ.

2002წ. 18 ნოემბერს რ.ყ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ განიხილა მისი სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო საჩივარი არ ჰქონდა შეტანილი ნ.შ-ს, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რა რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით ნ.შ-ს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია. ამით დაირღვა სსკ-ს 248-ე და 384-ე მუხლების მოთხოვნები.

მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა, მხარეებს შორის ნამდვილად დაიდო სესხის ხელშეკრულება და ნამდვილად მიიღო მან სესხის სახით 3520 აშშ დოლარი თუ არა. სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა ნ.შ-ს განმარტებას, რომ 3520 აშშ დოლარიდან შ.ბ-მა მას მხოლოდ 400 აშშ დოლარი გადასცა, დანარჩენი კი შ.ბ-მა ჩაიდო ჯიბეში.

სააპელაციო სასამართლომ არ მისცა კასატორს საშუალება, დაედასტურებინა სესხის ხელშეკრულების იძულებით დადების გარემოებები და უსაფუძვლოდ უთხრა უარი შუამდგომლობაზე ამ ფაქტის დასადასტურებლად მოწმის სახით გოჩა ყ-ის დაკითხვის თაობაზე, რითაც დაირღვა სსკ-ს 102-ე, 140-ე და 148-ე მუხლის მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს მოისმინა მხარის განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ.ყ-მა, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. ნ.შ-ს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სარჩელი არ შეუტანია.

2002წ. 23 სექტემბერს სააპელაციო სასამართლომ განიხილა რ.ყ-ის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც იგი მოითხოვდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმებას და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მთლიანად, ხელახლა განიხილა როგორც სარჩელი ისე შეგებებული სარჩელი და თავისი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია სსკ-ს არც 248-ე და არც 384-ე მუხლის მოთხოვნები. მას არცერთი მხარისათვის არ მიკუთვნებია ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მართალია, სსკ-ს 384-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ, მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, მხოლოდ სააპელაციო საჩივარი დაეკმაყოფილებინა, გაეუქმებინა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი შეგებებული სარჩელი დაეკმაყოფილებინა, ანდა სააპელაციო საჩივარი არ დაეკმაყოფილებინა და უცვლელად დაეტოვებინა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვიონ გადაწყვიტოს იგი. აქედან გამომდინარე, არსებობდა რა სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმების, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მთლიანად გაეუქმებინა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და განეხილა როგორც სარჩელი, ისე _ შეგებებული სარჩელი.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 3520 აშშ დოლარის რ.ყ-ისათვის დაკისრებას და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას. შეგებებული სარჩელის ავტორი კი სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.

სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამრათლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ: რ.ყ-ს დააკისრა 3520 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ მიუკუთუთვნებია მხარისათვის, ის რასაც იგი არ ითხოვდა არ არც იმაზე მეტი ვიდრე იგი მოთხოვდა.

არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს სასამართლომ არ გამოიკვლია, ნამდვილად დაიდო თუ არა მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება; რომ სასამიართლომ თითქოს შეფასების გარეშე დატოვა ფაქტი იმის შესახებ, რომ სესხად 3520 აშშ დოლარის გადაცემის შემდეგ კასატორს გადაეცა მხოლოდ 400 აშშ დოლარი, დანარჩენი კი დაიტოვა შ.ბ-მა.

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 1999წ. 8 ივნისს მხარეებს შორის ნამდვილად დაიდო უსასყიდლო სესხის ხელშეკრულება სანოტარ წესით, რომლის შესაბამისადაც ნ.შ-მ რ.ყ-ს ერთი თვის ვადით ასესხა 3520 აშშ დოლარი. გარდა ამისა, შედგენილ იქნა ხელწერილი მითითებული თანხის რ.ყ-ის მიერ მიღების შესახებ, რაც დადასტურებულ იქნა როგორც მხარეთა, ისე, ამ ფაქტის დამსწრე პირთა ხელმოწერით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს უტყუარად აქვს დადგენილი სესხის არსებობის ფაქტი. იმ გარემოებას, სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სესხად მიღებული 3520 აშშ დოლარი თუ ვინ წაიღო, ამას სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის მნიშვნელობა არა აქვს. სესხის ხელშეკრულების ნამდვილობას თვით კასატორიც აღიარებს, როცა საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სესხად გადმოცემული 3520 აშშ დოლარიდან მხოლოდ 400 აშშ დოლარი მიიღო მან, დანარჩენი კი წაიღო შ.ბ-მა. აღნიშნული გარემოება შეიძლება წარმოშობდეს რ.ყ-ის მხრივ შ.ბ-ისათვის თანხის დაბრუნების მოთხოვნის საფუძველს, მაგრამ არ წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების ბათილობისათვის არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, ამიტომ იგი ვერ გახდება მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლომ არ მისცა მას საშუალება, დაედასტურებინა სესხის ხელშეკრულების იძულებით დადების ფაქტი, რაც იმაში გამოიხატა, რომ არ დაკითხა მოწმის სახით გოჩა ყ-ი, რითაც სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 102-ე მუხლის მოთხოვნა.

სასამართლო პროცესზე რ.ყ-მა ნამდვილად დააყენა შუამდგომლობა მოწმის სახით გ.ყ-ის დაკითხვის თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 27 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და არც საოქმო განჩინებაში მიეთითა ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივზე, რაც თავისთავად სსკ-ს 285-ე მუხლის “დ” პუნქტის მოთხოვნის დარღვევას წარმოადგენს (განჩინებაში არ არის მითითებული მოტივები, რომლებითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა), მაგრამ სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი.

საკასაციო სასამართლოს, იმის გათვალისწინებით, რომ მოწმე გ.ყ-ი ერთხელ უკვე დაკითხული იყო მოწმის სახით და მისთვის ცნობილ გარემოებებთან დაკავშირებით მიცემული ჰქონდა განმარტება, მიაჩნია, რომ ამ საპროცესო დარღვევას არ გამოუწვევია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სესხის ხელშეკრულების დადება არ მომხდარა არც იძულებით და არც მოტყუებით, ამიტომ არ არსებობდა მისი ბათილობის საფუძველი. ამავე საფუძვლით სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ არ უნდა გაუქმებულიყო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქონებაზე ყადაღის დადების განჩინებაც.

სკ-ს 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო რა ნოტარიულად დამოწმებული სასესხო ხელშეკრულება, ნ.შ-ს მიერ რ.ყ-ისათვის უპროცენტო სესხად ერთი თვის ვადით 3520 აშშ დოლარის გადაცემის და ხელწერილი მსესხებლის მიერ ამ თანხის ნამდვილად მიღების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია სესხის ხელშეკრულება დადებულად და სწორად დააკისრა იგი გადასახდელად რ.ყ-ს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სკ-ს 317-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო რა სათანადო ფორმის დაცვით შედგენილი სესხის ხელშეკრულება, კრედიტორი ნ.შ- უფლებამოსილი იყო, მოპასუხისაგან მოეთხოვა მისი შესრულება, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო, შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ რ.ყ-ს სწორად დააკისრა ნ.შ-ს სასარგებლოდ 3520 აშშ დოლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ.ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.