¹3კ-1414-02 11 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
ქ. გაბელაია
სარჩელის საგანი: მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. რ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა იურიდიული ფაქტის დადგენა იმის თაობაზე, რომ იგი ცნობილ იქნა აწ გარდაცვლილების: დედის – ნ. რ-ის, ძმის – ა. რ-ისა და მათ სახელზე რიცხული, ქ. თბილისში, ...... მდებარე საცხოვრებელი სახლის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. დედისა და ძმის გარდაცვალების შემდეგ მათ დანაშთ საცხოვრებელი სახლის წილს ფლობდა თ. რ-ი და იგი იყო გარდაცვლილების ერთადერთი მემკვიდრე.
თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1999წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებით თ. რ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, რომ ნ. რ-ი არის თ. რ-ის დედა, ხოლო ა. რ-ი – ძმა. ამასთან, თ. რ-ი ცნობილ იქნა თბილისში, ...... მდებარე, ნ. და ა. რ-ებზე რიცხული ბინის მესაკუთრედ.
2001წ. 4 დეკემბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა ე. რ-მა 1999წ. 19 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. ამასთან მოითხოვა, რომ ცნობილი ყოფილიყო აწ გარდაცვლილების: დედის – ნ. რ-ის და ძმის – ა. რ-ის დანაშთ ქონებაზე – ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 თებერვლის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა. საქმის განხილვისას მესამე პირმა მ. ი-მა დამოუკიდებელი სარჩელით მოითხოვა აწ გარდაცვლილი ძმის – ა. რ-ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის გადაწყვეტილებით თ. რ-ის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა თბილისში, ...... მდებარე ნ. რ-სა და ა. რ-ზე რიცხული ბინის 1/3 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. ლ. რ-ი და მ. ი-ი ცნობილ იქნენ თბილისში, ...... მდებარე, ნ. რ-სა და ა. რ-ზე რიცხული ბინის 1/3-1/3 თანაბარი წილების მემკვიდრედ და მესაკუთრედ. თ. რ-ი, ლ. რ-ი და მ. ი-ი ცნობილ იქნენ მემკვიდრეებად ნ. და ა. რ-ების დანარჩენ დანაშთ ქონებაზე. ამასთან, დაევალა ტექ.აღრიცხვის სამსახურს და საჯარო რეესტრს, რომ სათანადო ცვლილებები შეეტანათ ჩანაწერებში.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. რ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. რ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება; უარი ეთქვა მ. ი-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე; ლ. რ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ იგი ცნობილ იქნა თბილისში, ...... მდებარე, ნ. რ-ზე რიცხული ბინის 1/3-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ, ანუ მთლიანი საცხოვრებელი სახლის 1/9-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. რ-ის სარჩელი და იგი ცნობილ იქნა თბილისში, ..... მდებარე, ა. რ-სა და ნ. რ-ზე რიცხული საცხოვრებელი სახლის 2/3-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ _ ანუ მასზე პირადი საკუთრებით რიცხული ბინის ჩათვლით მთლიანი საცხოვრებელი სახლის 8/9-ის მესაკუთრედ. ამასთან, დაევალა ტექ.აღრიცხვის სამსახურს და საჯარო რეესტრს სათანადო ცვლილებების შეტანა ჩანაწერებში.
საოლქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნ. რ-ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები; ა., თ., ლ. რ-ები და მ. ი-ი. ა. და თ. რ-ები წარმოადგენდნენ თანამყოფ მემკვიდრეებს, რომლებიც მამკვიდრებელთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობდნენ და დედის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად შეუდგნენ დედის დანაშთი ქონების ფლობას და მემკვიდრეობა მიიღეს. ლ. რ-ი, მართალია, არ ცხოვრობდა მამკვიდრებლის სახლში და არც განცხადება შეუტანია სანოტარო ორგანოში სკ-ს 1424-ე მუხლით დადგენილ ექვსთვიან ვადაში, მაგრამ დედის დანაშთი ქონებიდან დაეუფლა ნივთებს, რაც მთელი სამკვიდროს მიღებას ნიშნავს. მ. ი-ს დედის ქონებიდან წილი არ მოუთხოვია. ლ. რ-ის და მ. ი-ის სარჩელი ძმის, ა. რ-ის, დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობაზე არ დაკმაყოფილდა სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის გამო. ა. რ-ის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობა მიიღო თ. რ-მა, როგორც თანამყოფმა მემკვიდრემ სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობითა და მართვით.
ე. რ-მა და მ. ი-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი მოტივებით: კასატორები და მოწინააღმდეგე მხარე თ. რ-ი არიან დები. სადავო ბინა თანაბარწილად საკუთრების უფლებით ირიცხებოდა კასატორების და მოწინააღმდეგე მხარის დედის და ძმის სახელზე. აწ გარდაცვლილი ა. რ-ი დედის გარდაცვალების შემდეგ და მანამდეც ცხოვრობდა დედის და მის სახელზე რიცხულ სახლში. მას პირველი რიგის მემკვიდრე არ დარჩენია. სკ-ს 1336-ე მუხლის მეორე ნაწილით ა. რ-ის მემკვიდრეებად დარჩნენ კასატორები და თ. რ-ი. ამ უკანასკნელმა კასატორების მემკვიდრეობის უფლება დაუმალა სასამართლოს. თ. რ-მა სასამართლო სხდომაზე ვერ დაასაბუთა ის ფაქტი, რომ კასატორებმა თავიანთი წილი უკვე მიიღეს და მემკვიდრეობაზე პრეტენზია არ ექნებოდათ. კასატორებსა და მოპასუხეს შორის დავა სამკვიდროზე არ ყოფილა, ვინაიდან შეთანხმებით აპირებდნენ ამ საკითხის გადაწყვეტას. კასატორებს აწ გარდაცვალებულის უძრავი და მოძრავი ქონების გარკვეული წილი მიღებული აქვთ, რაც იმის დამადასტურებელია, რომ კასატორები ფაქტობრივად ფლობენ და მართავენ სამკვიდრო ქონებას. სკ-ს 1421-ე მუხლით გათვალისწინებული სამკვიდროს მიღება სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით და მართვით, გარდა მამკვიდრებლის სახლში ცხოვრებისა, შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს. ამდენად, კასატორები, როგორც მემკვიდრეები, არიან სამკვიდრო მესაკუთრეებიც თანაბარ წილში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების და საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ასეთი სახის პრეტენზია კასატორებს არ წარმოუდგენიათ, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები:
ქ. თბილისში, ...... მდებარე საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა დ. რ-ზე, რომელიც გარდაიცვალა 1954წ. 25 იანვარს. მის მემკვიდრეებად ცნობილ იქნენ მისი მეუღლე ნ. რ-ი და შვილები: ა. და თ. რ-ები. მათზე 1958წ. 18 ივნისს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობით სამივე მემკვიდრე ცნობილი იქნა მთლიანი სახლის 1/3-ის მემკვიდრედ. ნ. რ-ი გარდაიცვალა 1993წ. 18 იანვარს, ა. რ-ი კი _ 1998წ. 16 სექტემბერს. ა. რ-ი და თ. რ-ი როგორც დედის გარდაცვალებამდე, ასევე გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ სახლში, ხოლო მათი დები: ე. რ-ი და მ. ი-ი ცხოვრობდნენ სხვა მისამართზე. ნ. რ-ის გარდაცვალების შემდეგ მისი დანაშთი საცხოვრებელი სახლის 1/3-წილზე გაიხსნა მემკვიდრეობა. ა. და თ. რ-ები წარმოადგენდნენ რა თანამყოფ მემკვიდრეებს, ისინი ფაქტობრივად შეუდგნენ დედის დანაშთი ქონების ფლობას და მემკვიდრეობა მიიღეს. დედის, ნ. რ-ის, სამკვიდროს ნაწილი მიიღო ე. რ-მაც.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით სააპელაციო სასამართლომ სკ-ს 1421-ე, 1424-ე და 1426-ე მუხლებზე მითითებით სამართლებრივად სავსებით სწორად შეაფასა სადავო ურთიერთობა და აწ გარდაცვლილ ა. რ-ის დანაშთ ქონებაზე, როგორც თანამყოფი მემკვიდრე, მემკვიდრედ ცნო მხოლოდ თ. რ-ი.
მამკვიდრებელი ა. რ-ი გარდაიცვალა რა 1998წ. 16 სექტემბერს, კასატორებს ძმის დანაშთ ქონებაზე სკ-ს 1424-ე მუხლით დადგენილი ექვსი თვის ვადაში არ მიუმართავთ. ამავე კოდექსის 1426-ე მუხლი შესაძლებლად მიიჩნევს სასამართლოს მიერ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელებას, თუკი ვადის გაგრძელების მიზეზი საპატიოდ იქნება მიჩნეული. როგორც სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ცნო, კასატორებს: მ. ი-ს და ლ. რ-ს ძმის, ა. რ-ის, დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მიღების ვადის საპატიოდ გაშვების დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნია, სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ასეთის მტკიცება მხარეთა მოვალეობას შეადგენს.
უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის არგუმენტაცია, რომ, ვინაიდან კასატორები შეუდგნენ სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობას, მათ სამკვიდრო ქონების ნაწილი მიიღეს და მემკვიდრეები არიან ბინაზეც. კასატორთა მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და სამკვიდრო ქონების მიღება არც საკასაციო საჩივრით და არც საქმის მასალებით არ დასტურდება და მხოლოდ კასატორთა განმარტების საფუძველზე ასეთი გარემოება დადგენილად ვერ მიიჩნევა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონის დაცვითაა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. რ-ის და მ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.