¹3კ-1415-02 21 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: გზით სარგებლობა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ზ-მა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზის დაკანონება. მოსარჩელის განცხადებით, წლების განმავლობაში იგი შეზღუდვის გარეშე სარგებლობდა ........ ქუჩიდან მის სახლამდე მისასვლელი გზით. 2000წ. ივლისში მოპასუხემ გადაკეტა იგი და თავისი ეზოს ნაწილად აქცია, რის გამოც აღეკვეთა ავტოფარეხით სარგებლობის საშუალება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, სადავო ტერიტორია არ არის ....... ქუჩის ნაწილი, ის არის მისი წინაპრების სამკვიდრო ქონება. მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ მისი წინაპრები სარგებლობდნენ ....... ქუჩით, სწორია, მაგრამ ეს ქუჩა გადიოდა და დღესაც გადის არა მისი საცხოვრებელი სახლის წინ, არამედ _ სახლის უკან, ჩრდილოეთ მხარეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო პალატის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და უთხრა უარი იმ მოტივით, რომ გ. დ-ის წინაპრების სარგებლობაში მყოფი მიწა გაყოფილი იყო ორ ნაწილად, რომლთა შორის მანძილი _ გზა _ დაფიქსირებული არ ყოფილა. მისი განმარტებით, ამ ორ ნაკვეთს შორის არსებული ჩაღრმავება 1990 წელს ამოივსო მიწით. ამდენად, დადგენილად მიიჩნია, რომ ნაკვეთებს შორის არსებული ჩაღრმავების გამო შეუძლებელი იყო გზის არსებობა. სასამართლომ ადგილზე დათვალიერების დროს ჩათვალა, რომ გ. დ-ის საკუთრებაში აღრიცხული მიწის ნაკვეთები ერთმანეთს ავსებს და მასზე გზის გავლის შესაძლებლობა შეუძლებელია, რასაც ვერ დაეთანხმება სააპელაციო პალატა, რადგან თვლის, რომ სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: სასამართლომ ადგილზე დათვალიერების დროს აზომა ფართობი, რომლის საყრდენად აღებულ იქნა ....... ქუჩა და მარტირისიანების კედელი, ე.ი აზომილ იქნა გ. დ-ის საკუთრებაში არსებული ფართობი და მხედველობაში მიღებული არ იქნა და არ აიზომა ის ფართობი, რომელიც მარტიროსიანებს ჰქონდათ დაკავებული, ამ ფაქტს კი ადგილი რომ ჰქონდა, არ უარყოფენ თვით მხარეები. სასამართლოს მიერ აზომილ არ იქნა მთლიანი ფართობი, მთლიანი ფართობის გაუზომლად კი შეუძლებელია დადგინდეს, თუ რა ფართობი უკავია გ. დ-ეს და არის თუ არა ზედმეტი ფართობი მის მიერ დაკავებული.
პალატის აზრით, უნდა აიზომოს სადავო ფართი და ის ფართი, რომელშიც, აპელანტის მითითებით, შეჭრილები არიან მარტიროსიანები.
პალატის განმარტებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სადავო მიწის ფართობი გ. დ-ის საკუთრებად.
განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-ემ. კასატორი უთითებს, რომ სასამართლომ გვერდი აუარა სსკ-ს 131-ე მუხლის მოთხოვნას _ აღიარება შეიძლება საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილებას. მოსარჩელემ აღიარა, რომ სადავო ადგილზე გზა არ გადიოდა, იყო ჩაღრმავება და ამოივსო მშენებლობის დროს.
კასტორის მითითებით, სკ-ს 1513-ე მუხლის თანახმად ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად. სასამართლოს მიერ უდავოდ გამოყენებული უნდა ყოფილიყო სკ-ს 158-ე, 159-ე, 157-ე მუხლები. კასტორი მოითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმას. კასატორი ასევე მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებების გაუქმებას, რომლითაც არ იქნა გაზიარებული სხდომის ოქმზე მისი შენიშვნები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დასკვნები ურთიერთსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელია.
გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 1941 წელს და 1948 წელს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ შედგენილი ნახაზებით მოპასუხე გ. დ-ის წინაპრების სარგებლობაში არსებული მიწა გაყოფილი იყო ორ ნაწილად. ერთ ნაწილზე მოთავსებული იყო სახლი და მეორე ნაწილზე _ ბოსტანი. ნახაზების მიხედვით ორი ნაწილი გაყოფილია ერთმანეთისაგან, თუმცა ამ ორ ნაკვეთს შორის მანძილი არ არის დაფიქსირებული და არ არის მითითებული, რომ იყო გზა. 1966 წელს ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ შედგენილი ნახაზის მიხედვით ამ ორ ნაკვეთს შორის იყო გასასვლელი გზა, თუმცა მითითებული არ არის მისი პარამეტრები და არ არის დაფიქსირებული, რომ ეს იყო გზა.
აღნიშნული მსჯელობით გაურკვეველია, არსებობდა თუ არა გზა, ვინაიდან 1941 და 1948წ. ნახაზებით, როგორც სასამართლო უთითებს, დადგენილია, რომ გზა არ არსებობდა, ხოლო 1966 წელს შედგენილი ნახაზით დადგენილია, რომ გზა არსებობდა.
სასამართლო ერთ შემთხვევაში უთითებს, რომ გეოდეზიური რუკის თანახმად ნეკვეთებს შორის არსებობდა ჩაღრმავება, ე.ი ნაკვეთებს შორის იყო დაშორება. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება სპეციალისტის მიერ ჩატარებულ აზომვებს და მის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ დასკვნებს, რომლის თანახმად გ. დ-ის საკუთრებაში აღრიცხული მიწის ნაკვეთები ავსებენ ერთმანეთს და გამორიცხულია მათზე გზის გასვლის შესაძლებლობა. ამგვარი ურთირთსაწინააღმდეგო მტკიცებულებების არსებობის პირობებში საკასაციო პალატა, თვლის, რომ დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად უნდა დადებოდა მოპასუხის აღიარება.
ასევე დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არ გადიოდა გზა, ვინაიდან იგი გ. დ-ის ოჯახის საკუთრებაა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ სწორად დააბრუნა საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად.
სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებებს, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ ნივთიერი მტკიცებულებების შესწავლით (ადგილზე დათვალიერებით, ადგილზე დათვალიერებაში სპეციალისტების მონაწილეობით), ასევე სხვა მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დაადგინოს სადავო გარემოებები და იურიდიულად დაასაბუთოს მის მიერ მიღებული დასკვნები. ასევე, გაითვალისწინოს სააპელაციო სასამართლოს მითითებები.
მთლიანი ფართის აზომვისას უნდა გაირკვეს, მარტიროსიანები არიან თუ არ შეჭრილი სხვის ფართში. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებებს, რომ სკ-ს 1513-ე მუხლის თანახმად ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სკ-ს მოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად. ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას, რომ სასამართლოს მიერ უდავოდ გამოყენებული უნდა ყოფილიყო სკ-ს 158-ე, 159-ე, 157-ე მუხლები. მოცემულ შემთხვევაში ჯერ უნდა დადგინდეს მიწის საკუთრებად გამოცხადებამდე ვის სარგებლობაში იმყოფებოდა სადავო მიწა და მხოლოდ შემდეგ იქნეს გამოყენებული მესაკუთრის უფლებების დამცველი ნორმები.
სსკ-ს 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საპროცესო ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. კასატორის მიერ მითითებული ოქმის შედგენასთან დაკავშირებით არსებულ საპროცესო დარღვევებს ადგილიც რომ ჰქონოდა, ეს მაინც ვერ გახდებოდა სააპელაციო პალატის მიერ არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამო.
მოცემულ საქმეზე დავის საგანი იყო მისასვლელი გზა. დავის საგანი პროცესის არც ერთ ეტაპზე არ შეცვლილა, ამიტომ დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოში მოხდა დავის საგნის გაზრდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 14 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.