საქმე # 330100123006764347
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №518აპ-23 ქ. თბილისი
კ. ე.518აპ-23 4 აგვისტო, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 აპრილის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ჯემალ ლომსაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ტელეკომპანია ,,.........–ს’’ ჟურნალისტი, დ. ქ–ე და ამავე ტელეკომპანიის ოპერატორი, მ. მ–ი, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების (კერძოდ, სატელევიზიო გადაცემაზე მუშაობა) მიზნით, იმყოფებოდნენ, თ–ში, ........ის გამზირის N..-ში მდებარე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,............ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე. დ. ქ–ე ესაუბრებოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მომსახურებით მოსარგებლე და მათთან დაკავშირებულ პირებს. ადგილზე იმყოფებოდა ე. კ–სი, რომელსაც, რამდენიმე შეკითხვა დაუსვა დ. ქ–მ, რის შემდეგაც, ის თანმხლებ პირთან ერთად გაემართა .........ის ქუჩის მიმართულებით, მათ გაყვნენ დ. ქ–მე და მ. მ–ი, რომელიც, ახორციელებდა ვიდეო გადაღებას. ე. კ–სმა არ ისურვა დ. ქ–მესთან კომუნიკაციაში შესვლა და მის შეკითხვაზე პასუხის გაცემა, მოუწოდა მას ვიდეო გადაღების შეწყვეტისა და ტერიტორიის დატოვებისკენ, რის შემდეგაც, დაჯდა ......ის გამზირის და ვ–ს ქუჩის კვეთაზე გაჩერებულ, თეთრი ფერის ,,VOLKSWAGEN TIGUAN’’-ის (სახ. ნომერი ........) მარკის ავტომანქანის საჭესთან. ე. კ–ს ავტომანქანაში ჩაჯდომის შემდეგ, დ. ქ–მ გადაინაცვლა აღნიშნული ავტომანქანის მოპირდაპირედ, დაახლოებით 50 სანტიმეტრში გაჩერებულ ავტომანქანასთან. ე. კ–მა მოიყვანა ავტომანქანის ძრავი მუშა მდგომარეობაში, დაძრა ავტომანქანა და განზრახ დააჯახა მის წინ მდგომ დ. ქ–ს. შეჯახების შედეგად დ. ქ–ს ორივე ფეხი მოექცა ე. კ–ს მართვის ქვეშ მყოფ და მის წინ გაჩერებულ ავტომანქანას შორის. შეჯახების შემდეგ, ე. კ–მა სწრაფი სვლით დატოვა შემთხვევის ადგილი. აღნიშნული ქმედებით დ. ქ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენით:
3.1. ე. კ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 7 000 ლარი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ჯემალ ლომსაძემ, რომელმაც ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ე. კ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ე. კ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ბ–მ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ჯემალ ლომსაძემ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას ე. კ–სათვის სასჯელის დამძიმების კუთხით და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ე. კ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ბ–მ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ე. კ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
8.1. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს ე. კ–ს მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია - მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
9. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ გარემოებებზე, რომლებმაც ე. კ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის განსაზღვრა განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
9.2. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და პატიმრობის ultima racio ხასიათის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არის ნასამართლობის არმქონე.
9.3. ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
11. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 აპრილის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ჯემალ ლომსაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე