გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1420-02 18 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ.კვანტალიანი
დავის საგანი: ალიმენტის გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ბ-ი არის თ. ბ-ისა და ზ. ღ-ის ნაშვილები. შვილად აყვანა გაფორმდა 1994წ. 24 მაისს გურჯაანის რაიონის მმაჩის განყოფილებაში. გურჯაანის რაიონის სასამართლოს 2000წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ბ-ს უარი ეთქვა სარჩელზე შვილად აყვანის გაუქმების შესახებ. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2001წ. 8 ოქტომბერს ქ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა თ. ბ-სა და ვ. ბ-ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება იმ მოტივით, რომ აღნიშნული გარიგება მას უსპობს საარსებო წყაროს.
აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით თ. ბ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქ. ბ-ისთვის 120 ლარის დაკისრება ყოველთვიურად სარჩოს სახით.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა არც სარჩელი და არც შეგებებული სარჩელი.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-მა და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში იმ მოტივით, რომ სკ-ს 1218-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ითვალისწინებს იმ შემთხვევას, როდესაც შვილი თავისუფლდება ალიმენტის გადახდევინებისგან. მოცემულ შემთხვევაში კი ასეთ გარემოებებს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ალიმენტის მოთხოვნაზე უარი უთხრა იმის გამო, რომ გამჩუქებელმა საკმაოდ ძვირად ღირებული ბინა გააჩუქა და აღნიშნულით დაადასტურა, რომ მას არ სჭირდება დახმარება, რაც არასწორია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. ბ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ იგი მარტოხელა მოხუცია და დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით და სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, უგულებელყო სკ-ს 1218-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მითუმეტეს, რომ მას არა აქვს ბინა და ამიტომ ვერც გააქირავებდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ. ბ-ი თ. ბ-ის მიერ შვილადაა აყვანილი. შვილად აყვანა დღემდე გაუქმებული არ არის. თ. ბ-ი თავის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად უდებს იმ გარემოებებს, რომ მისი შემოსავალი 14 ლარია, რაც წამლის ფულად არ ჰყოფნის, ამიტომ ქ. ბ-ისგან ითხოვდა ალიმენტის დაკისრებას 120 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ თ. ბ-ი იღებს პენსიას, ამასთან მას გაქირავებული აქვს ბინა, საიდანაც იგი იღებს ქირას. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულია სხდომის ოქმში, რაც მხარეს სსკ-ით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია. ის გარემოება, რომ თ. ბ-ს დახმარება ესაჭიროება, საქმის მასალებით დადგენილი არ არის. სკ-ს 1218-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან, არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. თანახმად სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კი თ. ბ-ის ასეთი სახის საკასაციო პრეტენზია სასამართლოში არ წარმოუდგენია, ამიტომ სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ოქტომბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.