Facebook Twitter

3კ-1422-02 15 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ქართლის ........ კავშირმა მოპასუხე ტ. გ-ის მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 2775 აშშ დოლარის ოდენობით.

მოსარჩელე სარჩელის საფუძვლად მიუთითებდა, რომ მოპასუხე მუშაობდა მასთან დარაჯად. 2001წ. 8 ივლისს ღამის საათებში, მოპასუხის მორიგეობის დროს გაიქურდა ოფისი, რა დროსაც წაიღეს ძვირადღირებული კომპიუტერები, რითაც კავშირს მიადგა მატერიალური ზიანი 2775 აშშ დოლარის ოდენობით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კავშირის თავმჯდომარეს არ იცნობს და მასთან არაფერზე არ შეთანხმებულა. ოფისში სამუშაოდ ნაცნობმა ო. ქ-ემ მიიყვანა ისე, რომ განცხადება არ დაუწერია. იმუშავა დაახლოებით სამი თვე. ფულს უხდიდა ო. ქ-ე ისე, რომ უწყისზე ხელს არ აწერდა. ევალებოდა ოფისში არსებული ნივთების დაცვა. მისივე განმარტებით ოფისის გაქურდვის საღამოს შეაწუხა კუჭმა, ტელეფონი გამორთული იყო. ვინაიდან ახლოს ცხოვრობდა წავიდა სახლში, დაბრუნდა დილის 6 საათზე, რა დროსაც ოფისი გაქურდული დახვდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით ქართლის ....... კავშირის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2775 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2001წ. 8 ივლისის ღამეს კავშირის ოფისს დარაჯობდა მოპასუხე, რომელმაც იმ ღამეს მიატოვა ოფისი, რა დროსაც მოხდა მისი გაქურდვა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ შკკ-ს მე-16 მუხლის შესაბამისად მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება არ დადებულა, მოპასუხის სამუშაოზე მიღების შესახებ ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არც ბრძანება გამოცემულა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონდა ასევე შკკ-ს მე-19 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას, როცა ბრძანება არ იყო გამოცემული, მაგრამ მუშაკი ფაქტიურად დაშვებული იყო სამუშაოდ იმ თანამდებობის პირის მიერ, ვისაც ამ სამუშაოზე მიღებისა და გათავისუფლების უფლება აქვს, რადგან არც მოპასუხე და არც ...... კავშირის თავმჯდომარე არ ადასტურებს ერთმანეთთან შრომით ურთიერთობას. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა კავშირის თავმჯდომარის განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი მოპასუხეს საკუთარი სახსრებიდან უხდიდა გასამრჯელოს, რადგან მოსარჩელემ აღნიშნული ვერ დამტკიცდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ვერ დაეკისრება მიყენებული ზიანის გამო პასუხისმგებლობა შკკ-ს ნორმებიდან გამომდინარე, ხოლო რაც შეეხება სკ-ს გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე ოფისს დარაჯობდა თავისი ნაცნობის – ამ ოფისის დარაჯის ო. ქ-ის თხოვნით, რომლისგანაც იღებდა გასამრჯელოს. აქედან გამომდინარე, საპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მოპასუხესა და ქ-ეს შორის და არა მოპასუხესა და ...... კავშირს შორის, რის გამოც ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე მოპასუხის მიმართ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

აღნიშნული საფუძვლით სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ტ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ქართლის ...... კავშირის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლით:

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა საქმეში არსებულ შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ოქმზე, სადაც მოპასუხე აღიარებს რომ ის იყო მათი დარაჯი და პასუხისმგებელი ჩაბარებულ ნივთზე, რისთვისაც იღებდა ყოველთვიურად 30 ლარს, თუმცა გარიგება იყო ზეპირი, მაგრამ შეთანხმებული იყო და იგი ასრულებდა მინდობილ დავალებას.

კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 361-ე, 412-ე, 712-ე, 710-ე, 713-ე და 719-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. კონკრეტული დავის გადაწყვეტის დროს ჯერ უნდა გაირკვეს მოთხოვნის საფუძველი. კერძოდ ის თუ რაზე დაყრდნობით, სკ-ს 317-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებიდან.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის საფუძვლად მიუთითებდა, რომ მოპასუხე მუშაობდა მათი ოფისის დარაჯად, მოპასუხემ გამოიჩინა სამსახურებრივი დაუდევრობა და მიატოვა სამსახური, რა დროსაც გაქურდეს ოფისი, აღნიშნულის გამო მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ ქართლის ........ კავშირს და მოპასუხეს შორის შრომითი ურთიერთობები არ არსებობდა და აქედან გამომდინარე შკკ-ს ნორმებიდან გამომდინარე მოპასუხეს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის გამო. აღნიშნულ გარემოებას კასატორი არ ხდის სადავოდ. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს ნორმები, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხე ოფისს დარაჯობდა ამ ოფისის დარაჯის ქ-ის თხოვნით, რომელიც მოპასუხეს უხდიდა 30 ლარს ე.ი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მოპასუხესა და ქ-ეს შორის და არა მოპასუხესა და ქართლის ....... კავშირს შორის. აქედან გამომდინარე ქართლის ...... კავშირს ანაზღაურებაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არა აქვს.

სკ-ს 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

როგორც ზემოთ აღინიშნა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მოპასუხეთა და ქ-ეს შორის. მოპასუხე დარაჯობდა ოფისს, რაც ადასტურებს მისი ვალდებულების არსებობას ქ-ის მიმართ და არა მოსარჩელის მიმართ. აღნიშნულის გამო, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სკ-ს 361-ე მუხლი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევა, რის გამოც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

“ქართლის ....... კავშირის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.