3კ-1423-02 20 მარტი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ბინიდან გამოსახლება (ძირითად სარჩელში), ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
ო. ქ-თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნ. პ-მა შეიძინა ქ. რუსთავში, ..... მდებარე საცხოვრებელი ბინა.
ო. ქ-ის ოჯახმა არ გამოათავისუფლა გასხვისებული ბინა.
2001წ. სექტემბერში ნ. პ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ო., ჯ., დ. და მ. ქ-ების მიმართ, ბინიდან გამოსახლების შესახებ.
ო., ჯ., დ. და მ. ქ-ებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ გარიგება იყო მოჩვენებითი და თვალთმაქცური, რომელიც დაიდო სესხის უზრუნველსაყოფად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 მარტის გადაწყვეტილებით ნ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა ო., ჯ., დ. და მ. ქ-ების შეგებებული სარჩელი და სადავო ბინაზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი.
გადაწყვეტილება საააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. პ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდა ნ. პ-ის სარჩელი. მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ სადავო ბინიდან. მოპასუხეებს უარი ეთქვათ შეგებებულ სარჩელზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი. სესხის ურთიერთობის არსებობა არ შეიძლებოდა დადასტურებული ყოფილიყო მოწმეთა ჩვენებით.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ო., ჯ., დ. და მ. ქ-ებმა. კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, არ გამოიყენა სკ-ს 1160-ე მუხლი, რომლის თანახმად ბათილია მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, თუ ქონების განმკარგავ მეუღლეს ამის უფლებამოსილება არ გააჩნდა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ს 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. 1999წ. 3 თებერვალს მხარეთა შორის სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია კანონის მითითებული ნორმის დაცვით.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებას.
სკ-ს 624-ე მუხლის თანახმად ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. კასატორებმა სასამართლოს ვერ წარუდგინეს სათანადო მტკიცებულება მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობის შესახებ. საქმის ფურცელი 132-ზე არსებული გაურკვეველი შინაარსის ჩანაწერები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასესხო ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტად.
სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, კასატორების მოთხოვნები არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით.
სადავო ბინის გასხვისება მოხდა მეუღლეების _ ო. და ჯ. ქ-ების ურთიერთშეთანხმებით, რაც დასტურდება რუსთავის საქალაქო სასამართლოში ჯ. ქ-ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ მყიდველის მიერ გადახდილ იქნა ბინის ღირებულება _ 5000 ლარი.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ქ-ების მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ ყოფილა წამოყენებული.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სწორი და სამართლებრივად დასაბუთებულია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო., ჯ., დ. და მ. ქ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.