¹3კ-1424-02 5 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 15 ოქტომბერს ი. ფ-მა მ. მ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ მისგან ისესხა 1000 აშშ დოლარი უპროცენტოდ, რაზედაც შედგა იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებულ იქნა სანოტარო წესით და 2000წ. 21 ნოემბერს აღირიცხა ტექაღრიცხვის ბიუროში. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 6 თვეში, მაგრამ მოვალემ ვალი არ დააბრუნა, რის გამოც მოითხოვა ძირითადი ვალის _ 1000 აშშ დოლარის, ვადის გადაცილების გამო 125 აშშ დოლარის, სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯების _ 161 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა, მაგრამ სასამართლო პროცესზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მოპასუხისაგან თავდაპირველად ისესხა 800 აშშ დოლარი პროცენტით. ერთ თვეში კიდევ ისესხა 3000 აშშ დოლარი უპროცენტოდ. პროცენტიანი ვალი პროცენტის დამატებით გახდა 1600 აშშ დოლარი. ორ თვეში დააბრუნა უპროცენტო ვალი _ 3000 აშშ დოლარი. იგი თანახმაა, გადაიხადოს კიდევ 500 აშშ დოლარი ნაწილ-ნაწილ, თუკი გაუქმდება იპოთეკის ხელშეკრულება, თუმცა იმავე პროცესზე შეცვალა განმარტება და მიუთითა, რომ მას მხოლოდ 800 და 1000 აშშ დოლარი ჰქონდა ნასესხები, რომელიც თავისი პროცენტით დააბრუნა. მას 3000 აშშ დოლარი არ უსესხია და პირიქით, მოსარჩელისაგან ეკუთვნის მის მიერ ზედმეტად გადახდილი 2000 აშშ დოლარის დაბრუნება.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაეკისრა 1000 აშშ დოლარის, ვადის გადაცილებისათვის _ 150 აშშ დოლარის, იურიდიული მომსახურეობის _ 40 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 2000წ. აგვისტოში ზეპირი გარიგების საფუძველზე ასესხა 800 აშშ დოლარი თვეში 20%-ის დარიცხვით, ხოლო 2001წ. 21 ნოემბერს – 1000 აშშ დოლარი ანალოგიური პროცენტის დარიცხვით. უკანასკნელი სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის ბინა.
მოპასუხემ 2001წ. 25 იანვარს მოსარჩელეს დაუბრუნა როგორც ძირითადი ვალი, ისე მისი პროცენტი, რაც ამ დროისათვის შეადგენდა სულ 3000 აშშ დოლარს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ გადახდილი 3000 აშშ დოლარი, იყო მის მიერ 1000 აშშ დოლარის სესხად აღებამდე სესხად აღებული 3000 აშშ დოლარის დაბრუნება.
2002წ. 28 ნოემბერს ი. ფ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით: მისი განმარტებით მან, მართალია, მოპასუხისაგან მიიღო 3000 აშშ დოლარი, მაგრამ ეს ფული იყო მის მიერ სხვა დროს სესხად გაცემული თანხა და არავითარი კავშირი არ ჰქონდა სესხად გაცემული 1000 აშშ დოლართან. რის გამოც იპოთეკით იყო დატვირთული მოპასუხის ბინა. რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ვალს აღიარებდა და მოითხოვდა იპოთეკის საგნის შეცვლას, მაგრამ სააპელაციო სასამართლოში მან შეცვალა ჩვენება, განმარტა, რომ სესხად 3000 აშშ დოლარი არ აუღია და ვალი არ გააჩნდა, რაც სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 2000წ. აგვისტოში ზეპირი გარიგების საფუძველზე ასესხა 800 აშშ დოლარი თვეში 20 %-ის დარიცხვით, ხოლო 2000წ. 21 ნოემბერს – 1000 აშშ დოლარი იგივე პროცენტის დარიცხვით, რაც (პროცენტის გამოკლებით) აისახა ამავე დღის მხარეებს შორის დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებაში.
მოპასუხემ 2001წ. 25 იანვარს მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად დააბრუნა 3000 აშშ დოლარი, რომელშიც შედიოდა ზეპირი ხელშეკრულებით ნასესხები 800 აშშ დოლარი თავისი პროცენტით, სულ _ 1600 აშშ დოლარი და 2000წ. 21 ნოემბერს ნასესხები 1000 აშშ დოლარი (რომელიც დაფიქსირებული იყო იპოთეკის ხელშეკრულებაში) მისი პროცენტის ჩათვლით, რაც საერთო ჯამში შეადგენდა 1400 აშშ დოლარს.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ თითქოს მოპასუხის მიერ 2001წ. 25 იანვარს დაბრუნებული ფულით სხვა სასესხო ვალდებულება იქნა შესრულებული და არა 2000წ. 21 ნოემბერს მის მიერ მოპასუხისათვის სესხად მიცემული 1000 აშშ დოლარის დავალიანება, არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, ვინაიდან იგი არ ემყარება სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების საპროცესო ნორმების დარღვევით დადგენას.
მართალია, მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში თავდაპირველად განაცხადა, რომ მან მოსარჩელისაგან სამჯერ ისესხა ფული, ჯერ _ 800, შემდეგ 3000, ხოლო ბოლოს _ 1000 აშშ დოლარი და დააბრუნა სესხად აღებული მხოლოდ 3000 აშშ დოლარი და ვალდებულებას იღებდა, რომ კიდევ დააბრუნებდა 500 აშშ დოლარს, მაგრამ იმავე სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ მას მხოლოდ 800 და 1000 აშშ დოლარი ჰქონდა ნასესხები და მოსარჩელეს დაუბრუნა 3000 აშშ დოლარი. ამასთან მიუთითა, რომ მოსარჩელისაგან პირიქით ერგებოდა 2000 აშშ დოლარი.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოთქმული ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებანი 500 აშშ დოლარის ანაზღაურების, აღიარების თუ პირიქით _ მოსარჩელისაგან 2000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულების თაობაზე.
სკ-ს 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი სასესხო ხელშეკრულება მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 800 აშშ დოლარის სესხად მიცემის შესახებ. აღნიშნული გარემოება სადავოდ არცერთ მხარეს არ გაუხდია და უნდა მივიჩნიოთ, რომ ამ ოდენობის სესხის შესახებ ხელშეკრულება ნამდვილია. სესხის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია სესხის სახე, პროცენტი, შესრულების დრო და ა.შ. როცა სესხის ხელშეკრულება ზეპირად იდება, სესხის სასყიდლიანობის შემთხვევაში ზეპირად შეთანხმებული პროცენტის ოდენობაც ნამდვილია, მაგრამ მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა დაადასტურეს, რომ მოსარჩელის მიერ გასესხებული 800 აშშ დოლარი სასყიდლიანი იყო და ოდენობა განისაზღვრა 20%-ით. აქედან გამომდინარე, მითითებული ხელშეკრულება ამ ნაწილშიც ნამდვილია.
2000წ. 21 ნოემბრის ხელშეკრულება მოპასუხისათვის სესხად 1000 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ ჩამოყალიბებულია იპოთეკის ხელშეკრულებაში. მასში მითითებულია სესხის ოდენობა, ვალუტის სახე, დაბრუნების დრო, ე.ი. ამ სახის სესხის ხელშეკრულება შეიძლება მიჩნეულ იქნეს წერილობით სასესხო ხელშეკრულებადაც. ამ სასესხო ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი პროცენტის შესახებ, თუმცა მოპასუხე აღიარებს, რომ სესხი აღებული ჰქონდა 20% სარგებლის დარიცხვით. წერილობით ხელშეკრულებაში სესხზე პროცენტის მიუთითებლობა კრედიტორს ართმევს უფლებას, სესხისათვის მოითხოვოს პროცენტი, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოვალე აღიარებს პროცენტის არსებობას, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ამ აღიარების შესაბამისად შესაძლებელი იყო, მითითებული კრედიტი ჩათვლილიყო პროცენტიან ვალად.
მართალია, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეს გარდა ამ ვალებისა, კიდევ გააჩნდა 3000 აშშ დოლარი ვალი, რომელიც წარმოშობილი იყო მათ შორის ზეპირი სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე, მაგრამ მოპასუხე ამგვარი ვალის არსებობას უარყოფს. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ მიიჩნია ხელშეკრულება ნამდვილად, ვინაიდან სკ-ს 624-ე მუხლის მეორე წინადადების შესაბამისად ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით.
საქმეზე უდავოდ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოვალემ 2001წ. 25 იანვარს მოსარჩელეს დაუბრუნა 3000 აშშ დოლარი (წერილობითი სესხის ხელშეკრულება 1000 აშშ დოლარზე დადებულია 2000წ. 21 ნოემბერს, ხოლო ზეპირი სესხის ხელშეკრულება 800 აშშ დოლარზე _ მასზე ადრე).
სკ-ს 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კრედიტორმა მოვალის მოთხოვნის შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით დადგენილია, რომ მოვალის მოთხოვნის საფუძველზე კრედიტორმა 2001წ. 25 იანვარს გასცა შესრულების დოკუმენტი ვალის _ 3000 აშშ დოლარი _ დაბრუნების შესახებ.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალის მიღების შესახებ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც არაფერია ნათქვამი პროცენტის შესახებ, გულისხმობს, რომ პროცენტი გადახდილია და ფულადი ვალდებულება მთლიანად შესრულებულია.
ამ ნორმის შესაბამისად კრედიტორმა მოვალეს 2001წ. 25 იანვრის თარიღით მისცა გადახდის საბუთი 3000 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ და მასში არაფერი მიუთითა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროცენტიც მთლიანად გადახდილია და ამ დრომდე არსებული ვალდებულებანიც მთლიანად შეწყვეტილია. ვინაიდან მოპასუხის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებანი შეეხებოდა 2001წ. 25 იანვრამდე პერიოდს, 2001წ. 25 იანვრის შესრულების დოკუმენტის გაცემით ამ პერიოდამდე არსებული ყველა ფულადი ვალდებულება შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს.
მოცემული შესრულების მიღების დოკუმენტი აკმაყოფილებს სკ-ს 430-ე მუხლის მოთხოვნებს. მასში მითითებულია ვალის მოცულობა და სახეობა, მოვალის ვინაობა და შესრულების დრო და ადგილი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეს ის ვალი, რომლის სესხად აღებაც დასტურდებოდა, დაბრუნებული ჰქონდა.
სკ-ს 427-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს. ვალდებულების შეწყვეტის შემთხვევაში კი კრედიტორს უფლება არა აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება.
ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ი. ფ-ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 80 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000 141 107 ანგარიშზე, კოდი ¹59.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.