გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1425-02 11 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ.კვანტალიანი,
ქ. გაბელაია
სარჩელის საგანი: იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. კ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე თ. ე-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით იმ მოტივით, რომ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის 1991წ. 24 იანვრის ბრძანებით განთავისუფლებულ იქნა სამტრედიის შს სახაზო განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების ...ის თანამდებობიდან. 1992წ. ივლისში იგი აღდგენილი იქნა შს სამინისტროს სისტემაში. ბრძანებას ხელს აწერდა თ.ე-ი. თ.კ-მა მოითხოვა უკანონოდ განთავისუფლების გამო 1991წ. იანვრიდან 1992წ. ივლისამდე იძულებითი განაცდურის, 11520 აშშ დოლარის, გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა თ.კ-ის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატის დასკვნით დავა აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ, რომლის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა. საოლქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სსკ-ს 85-ე მუხლზე მითითებით.
თ.კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს საოლქო სასამართლოს 2002წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სასარჩელო მოთხოვნა კანონიერია და თანხის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა არა ფიზიკურ, არამედ _ იურიდიულ პირს. სასამართლოს წინადადება საქმეში სათანადო მოპასუხის ჩართვაზე აპელანტის მიერ უარყოფილ იქნა, რაც გამოიწვია იმან, რომ მხარეს არ ჰყავდა ადვოკატი, თვითონ კი ვერ გაერკვა საქმის ვითარებაში, თუმცა ამჟამად აცნობიერებს, რომ მოპასუხე უნდა იყოს შს სამინისტრო. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და შს სამინისტროს მოპასუხედ ჩაბმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს და საკასაციო საჩივრის სამართლებრივ საფუძვლებს, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები:
დადგენილია, რომ თ. კ-ი 1991წ. 24 იანვარს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის ბრძანების საფუძველზე განთავისუფლებულ იქნა სამტრედიის შს სახაზო განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების ...ის თანამდებობიდან. 1992წ. ივლისში თ.კ-ი აღდგენილ იქნა შს სამინისტროს სისტემაში. ზემოაღნიშნული განთავისუფლების ბრძანება ხელმოწერილია საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს ...ის თ.ე-ის მიერ.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დავა აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ. კერძოდ, დავის საგანს წარმოადგენს რა იძულებითი განაცდური, მის გადახდაზე პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს არა ფიზიკურ პირს, არამედ იმ ორგანიზაციას, რომელშიც მოდავე პირი იყო დასაქმებული.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულის თაობაზე სწორად შესთავაზა თ.კ-ს არასათანადო მოპასუხის თ.ე-ის, შეცვლა სათანადო მოპასუხით – საქართველოს შს სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტით.
ასევე სწორია და კანონიერი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე. ვინაიდან სსკ-ს 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია, მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.