გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1426-02 30 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის გადახდევინების დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ბ. გ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში რ. ე-ისა და დ. ჩ-ის მიმართ და მიუთითა, რომ მის საკუთრებაში არსებულ სახლში, რომელიც მდებარეობს ქ. ონში, ..., ოჯახური საჭიროების გამო 1999წ. დეკემბრიდან დროებით შეასახლა ი. ე-ე და დ. ჩ-ე. იმ შემთხვევაში, თუ სახლი დასჭირდებოდა, აღნიშნულ პირებს თვითონ უნდა დაეცალათ იგი. ვინაიდან მას სურვილი აქვს, გაასხვისოს ზემოთ მითითებული სახლი, ხოლო აღნიშნულ პირთა იქ ცხოვრება ხელს უშლის გაყიდვაში, მან მოპასუხეებს მოსთხოვა სახლის დაცლა, რაც მათ არ შეასრულეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ. გ-ი ითხოვს დ. ჩ-ის და ი. ე-ის გამოსახლებას თავისი კუთვნილი სახლიდან.
ონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ. გ-ის სარჩელი. რ. ე-ე და დ. ჩ-ე არასრულწლოვან შვილებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ ქ.ონში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.
დ. ჩ-ემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო პალატაში დ. ჩ-ემ წარადგინა შეგებებული სარჩელი მოპასუხეების: ბ. გ-ის და ნ. გ-ის მიმართ და მოითხოვა ნ. გ-ისათვის მის სასარგებლოდ 4500 აშშ დოლარისა და 2700 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ ნ. გ-მა მას შესთავაზა სადავო საცხოვრებელი სახლის ყიდვა. მან 1997წ. ოქტომბერს მთლიანად გადაუხადა ბინის ღირებულება. ზეპირი შეთანხმების თანახმად, ბინის გაფორმება უნდა მომხდარიყო თანხის გადახდის შემდეგ. მართალია, სადავო საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა ბ. გ-ის საკუთრებას, მაგრამ ნ. გ-მა უთხრა, რომ მესაკუთრეს ჰქონდა მისი ვალი, ამიტომ ბინას ჰყიდდა ვალის დასაფ-ად. ამ ბინაში დ. ჩ-ის ოჯახი საცხოვრებლად შევიდა ბ. გ-ის თანხმობით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ დ. ჩ-ის შეგებებული სარჩელი განსახილველად მიიღო მის სააპელაციო საჩივართან ერთად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 იანვრის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს იმის გამო, რომ სააპელაციო პალატის სხდომაზე სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხერხდა აპელანტის მიერ დასახელებულ მოწმეთა დაკითხვა, რის გამოც შეუძლებლად იქნა მიჩნეული საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა; სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. გ-ისა და ბ. გ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დარჩა ონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 აპრილის გადაწყვეტილება. არ დაკმაყოფილდა დ. ჩ-ის შეგებებული სარჩელი ნ. გ-ისათვის 4500 დოლარისა და 2700 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სახლის მესაკუთრეა ბ. გ-ი, ამიტომ იგი უფლებამოსილია მოითხოვოს აღნიშნულ პირთა გამოსახლება, ხოლო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა – ნ. გ-ისათვის 4500 აშშ დოლარის და 2700 ლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, წერილობითი მტკიცებულების წარმოუდგენლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ჩ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ს 1415-ე მუხლი, არ დაკითხა ის მოწმეები, რომელთა დაკითხვის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 244-ე მუხლით განსაზღვრულია, თუ რა საკითხები უნდა გადაწყდეს გადაწყვეტილების გამოტანისას. აღნიშნული ნორმის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი _ დაუდგენელი.
მოცემულ შემთხვევაში დ. ჩ-ის მიერ წარმოდგენილ იქნა ხელწერილები ნ. გ-ზე თანხის გადაცემის თაობაზე. სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებას აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. მხოლოდ ამის შემდეგ გამოაქვს სასამართლოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილს თანახმად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ქუთაისის საოლქო სასამართლოს დ. ჩ-ის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი არ გამოუკვლევია სასამართლო სხდომაზე; არ მომხდარა მტკიცებულებათა ყოველმხრივ სრული და ობიექტური განხილვა. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს მითითება, რომ დ. ჩ-ემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც მისი მოთხოვნის კანონშესაბამისობას დაადასტურებდა, დაუსაბუთებელია. აღნიშნული გარემოება კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია.
ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლომ დ. ჩ-ის შეგებებული სარჩელის თაობაზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება, ამიტომ სასამართლოს მიერ მიღებული უნდა ყოფილიყო არა განჩინება, არამედ გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, მოხდა თუ არა დ. ჩ-ის მიერ ნ. გ-ზე და ბ. გ-ზე თანხის გადაცემა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.