3კ-1429-02 27 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. გ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ 1993წ. 5 ივნისს ვ. კ-ისაგან შეიძინა ქ. ფოთში, ..... მდებარე ოროთახიანი პრივატიზებული ბინა. ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია მოახდინა ტექნიკური აღრიცხვის ბიურომ. აღნიშნულ ბინაში იგი ცხოვრობდა 2 წლის განმავლობაში, შემდეგ კი დროებით შეასახლა იძულებით გადაადგილებული პირები. 1997 წელს სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ. კ-მა და მოითხოვა პრივატიზაციის და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. ფოთის საქალაქო სასამართლოს 1997წ. 21 მაისის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება და ნ. გ-ა გამოსახლდა სადავო ბინიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე განსახილველად დაუბრუნდა ფოთის რაიონის სასამართლოს. 1999წ. 10 მარტს სასამართლოს განჩინებით სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 16 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე იგი ხელმეორედ გატარდა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში სადავო ბინის მესაკუთრედ.
როგორც მოსარჩელე აღნიშნავს, ვ. კ-ი არ ათავისუფლებს მის ბინას და განაგრძობს მისით სარგებლობას, რის გამოც ნ. გ-ა ითხოვს ვ. კ-ის გამოსახლებას სადავო ბინიდან.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 1 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ რეესტრის მონაცემებით სადავო ბინის მესაკუთრე ნ. გ-აა და მას უფლება აქვს მოსთხოვოს უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი ნივთის უკან დაბრუნება.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ნ. გ-ას არაკანონიერად აქვს შეძენილი და გატარებული საჯარო რეესტრში მისი ბინა, რის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 სექტემბრის განჩინებით ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. გ-ა სადავო ბინის კანონიერი მესაკუთრეა, ვინაიდან ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ვ. კ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინა ეკუთვნოდა მას, ხოლო მისი გარდაცვლილად გამოცხადების შემდეგ არაკანონიერი გზით შეიძინა ნ. გ-ამ. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გაიზიარა მისი მოთხოვნა სსკ-ს 162-ე მუხლის საფუძველზე ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, რის გამოც მიღებულ იქნა უკანონო გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, განიხილა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სადავო ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებულია ნ. გ-ა. სკ-ს 312-ე მუხლის თანახმად საჯარო რეესტრის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დადასტურდება მათი უზუსტობა. დღეისათვის აღნიშნული ჩანაწერის უზუსტობა დადგენილი არ არის. ამიტომ, თანახმად სკ-ს 172-ე მუხლისა, მესაკუთრე ნ. გ-ას შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება. ვ. კ-ს სასამართლოში არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ მას გააჩნია სადავო ბინის ფლობის უფლება.
რაც შეეხება კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ 1997 წელს ბინა ვ. კ-ის მიერ არაკანონიერად იქნა პრივატიზებული და გაყიდული, უკვე დაყენებული იყო მის მიერ სასამართლოში, რის შემდეგაც მისთვის სასურველი შედეგი არ დამდგარა. ცხადია, განმეორებით იგივე საკითხზე დავა დაუშვებელია. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სსკ-ს 162-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობის თაობაზე, რადგან მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ განიხილა სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და არა გარიგების ნამდვილობის საკითხი, რა დროსაც შესაძლებელი იქნებოდა კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოა და არ გასაჩივრდება.