გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1431-02 22 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. ქ-ს რწმუნებულმა თ. გ-ა-ქ-მ 2002წ. 16 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს რუსთავის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს ც. კ-ის მიმართ იმ საფუძვლით, რომ 1996წ. 18 ნოემბერს რუსთავის ნოტარიუს ც. კ-ის სანოტარო ბიუროში დ. ნ-ემ ზ. ქ-ს გაუფორმა საცხოვრებელი ბინის ყალბი მინდობილობა და ამ უკანასკნელისგან თაღლითური გზით მიიღო დარჩენილი 5000 აშშ დოლარი (1000 აშშ დოლარი მიღებული ჰქონდა ბეს სახით). აღნიშნულის გამო დ. ნ-ემ თბილისის ისნის რაიონული სასამართლოს მიერ გაასამართლეს და 1997წ. 4 დეკემბრის განაჩენით მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და მასვე დაეკისრა ზ. ქ-ს სასარგებლოდ 6000 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელის აზრით, ნოტარიუსმა ც. კ-ემ 1996წ. 18 ნოემბრის მინდობილობა გააფორმა თავისი მოვალეობებისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა კანონების დარღვევით განხორციელებული ქმედებით. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის ისანი-სამგორის რაიონის სასამართლომ 1997წ. 4 დეკემბერს გამოიტანა კერძო განჩინება, რომელშიც მითითებულია ც. კ-ის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების ზერელედ მოკიდების ფაქტზე, ზ. ქ-მ ირწმუნა, რომ იგი მინდობილობის საფუძველზე გახდა ბინის მესაკუთრე, თანხა მთლიანად გადაუხადა დ. ნ-ეს. მოსარჩელემ მოითხოვა რუსთავის სახელმწიფო ნოტარიუს ც. კ-ის კანონშეუსაბამოდ განხორციელებული სანოტარო მოქმედების გამო მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის, 6000 აშშ დოლარის, მოპასუხისათვის დაკისრება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნოტარიუს ც. კ-ეს დაეკისრა ზ. ქ-ს სასარგებლოდ 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ც. კ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ დ. ნ-ესა და ზ. ქ-ს შორის გარკვეული უფლებების გადაცემა არ წარმოადგენს არავითარ სიყალბეს და უკანონობას, არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც ზ. ქ-ს სამოქალაქო სარჩელი მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში მთლიანად დაკმაყოფილდა.
ზ. ქ-ს წარმომადგენელმა თ. გ-ა-ქ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მოახდინა კანონის ინტერპრეტაცია და მოპასუხეს მხოლოდ 25000 აშშ დოლარი დააკისრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ზ. ქ-ს წარმომადგენელ ნ. გ-ა-ქ-ს სააპელაციო საჩივარი, დაკმაყოფილდა ნოტარიუს ც. კ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ზ. ქ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ დადასტურებული მინდობილობით ზ.ქ-ს ბინაზე საკუთრების უფლება არ გადასცემია, ამიტომ აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე ზ. ქ-ს არ ევალებოდა ბინის საფასურის გადახდა, ამდენად, ნოტარიუსის მოქმედებას არ შეეძლო პირდაპირი ქონებრივი ზიანი მიეყენებინა მისთვის.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ქ-ს რწმუნებულმა თ. გ-ა-ქ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ თბილისის ისნის რაიონული სასამართლოს კერძო განჩინებით დადგენილია ც. კ-ის მეშვეობით დ. ნ-ის მიერ ზ. ქ-ზე ყალბი მინდობილობის გაფორმების ფაქტი, რაც “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად ნოტარიუსის ქმედებით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა საკასაციო საჩივარი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ნოტარიუსმა ნ. კ-ემ “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად მას პირდაპირი ქონებრივი ზიანი მიაყენა. ნოტარიუსის მიერ დადასტურებული მინდობილობით ზ. ქ-ს წარმოეშვა უფლება, რწმუნებულის სახელით შეესრულებინა გარკვეული იურიდიული მოქმედებანი, იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად. აქედან გამომდინარე, იგი არ იყო ვალდებული, დ.ნ-ისათვის გადაეხადა ბინის საფასური. ზ. ქ-ს მიერ ბინის საფასურის გადახდა განაპირობა არა მხარეთა შორის დადებული გარიგებიდან წარმოშობილმა ვალდებულებამ, არამედ დ. ნ-ის მიერ ჩადენილმა თაღლითურმა ქმედებამ, რისთვისაც ამ უკანასკნელს თბილისის ისნის რაიონის სასამართლო განაჩენით ზ. ქ-ს სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ ჩადენილი თაღლითური ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ზ. ქ-ა სარჩელით ითხოვს იმ ზიანის ანაზღაურებას, რაც სასამართლომ თავისი განაჩენით უკვე დააკისრა დ.ნ-ეს. ამავე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ზ.ქ-სათვის ანაზღაურებული ზიანის ოდენობა ბევრად აღემატება მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზ. ქ-ს სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. ნოტარიუსის წარმომადგენელი აღნიშნულის თაობაზე მიუთითებდა სააპელაციო პალატის სხდომაზეც. ნოტარიუსის ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება განეკუთვნება დელიქტურ ვალდებულებას. სკ-ს 1008-ე მუხლის თანახმად დილიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა სამი წელია იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ც.კ-ის მიმართ სასამართლოს მიერ კერძო განჩინება გამოტანილია 1997წ. დეკემბერში, ე.ი ამ პერიოდიდან ზ. ქ-სათვის ცნობილი იყო ზიანის თაობაზე, მაგრამ მან სასამართლოს სარჩელით მიმართა 2002წ. 15 იანვარს, ე.ი კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ქ-ს წარმომადგენელ თ. გ-ა-ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.