Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1432-02 15 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (შეგებებულ სარჩელში); ბინიდან გამოსახლება (სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

მ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ქ.თბილისში, ... მდებარე ბინიდან მოპასუხე ვ. ქ-ის გამოსახლების და რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოსარჩელეს ზემოხსენებული სახლი უანდერძა ბებიამ, აწ გარდაცვლილმა ე. ბ-მა; იგი 1995 წლიდან სახლის მესაკუთრეა; იმავე სახლში ჩაწერილია და ცხოვრობს ვ. ქ-ი; სადავო სახლის ყოფილ მესაკუთრე ე.ბ-სა და ვ.ქ-ის აწ გარდაცვლილ მამას, გ. ქ-ს შორის დადებული შინაურული ხელშეკრულებით 1978წ. ნოემბერში გ.ქ-ის ხუთსულიანი ოჯახი დროებით შესახლებულ იქნა აღნიშნული ბინის ორ ოთახში; მოპასუხის ოჯახმა ბინა მიიღო ქ.თბილისში, თემქის დასახლებაში და ყველანი, გარდა მოპასუხისა, შესახლდნენ ამ ბინაში; ვ.ქ-ი 1995 წლიდან აღარ ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში, არ იხდის ბინის ქირას და არც კომუნალურ გადასახადებს. ვ. ქ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა სადავო ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა იმ მოტივით, რომ ბინა მისმა მშობლებმა ე.ბ-ისგან იყიდეს 4500 მანეთად, ხოლო იგი 1966 წლიდან ჩაწერილია და ცხოვრობს ამ მისამართზე. მისი ოჯახის მიერ სადავო ბინას რამდენჯერმე ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები.

მხარეთა შორის დავაზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა არაერთი გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 24 აგვისტოს განჩინებით გაუქმდა ამ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული ყველა სასამართლო გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.

2000წ. 20 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ის გარდაცვალების გამო, საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა მოსარჩელის დეიდა – ტ. ე-ა.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით 2001წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა და ვ.ქ-ი თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართზე მდგმურისა თუ სხვა უფლების დაკარგულად იქნა ცნობილი და მოიხსნა რეგისტრაციიდან აღნიშნული მისამართიდან, ხოლო ვ.ქ-ის შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.ქ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 21 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ.ე-ას სარჩელი და ვ.ქ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივნისის განჩინებით ტ.ე-ას და კ.ქ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა საოლქო სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში საქმის ზეპირი განხილვისას ტატიანა ე-ამ სარჩელზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა აღსრულებულია, ვ.ქ-ი სადავო ბინიდან გამოსახლებულია და მოხსნილია რეგისტრაციიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ნოემბრის განჩინებით თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სამოქალაქო საქმის წარმოება ტ. ე-ას სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში ვ.ქ-ის მიმართ მდგმურისა თუ სხვა უფლების დაკარგულად ცნობის, რეგისტრაციიდან მოხსნის და სადავო ბინიდან გამოსახლების თაობაზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყდა, ხოლო ვ.ქ-ის შეგებებულ სარჩელს საცხოვრებელი ბინის სადავო ორ ოთახზე მესაკუთრედ ცნობაზე უარი ეთქვა შემდეგი საფუძვლებით: მხარეთა შორის 1966წ. 14 ივნისს დადებული ხელშეკრულებით წარმოიშვა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება. აღნიშნული ხელშეკრულებით საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის გარიგების არსებობა არ დასტურდება. სააპელაციო პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სკ-ს 167-ე და 477-ე მუხლებით ვ.ქ-ის მესაკუთრედ ცნობა იმ მოტივით, რომ ვ.ქ-ი და მისი მშობლები მესაკუთრედ რეგისტრირებულნი არ იყვნენ და ამასთან სკ-ს 1507-ე მუხლის მეოთხე ნაწილით 167-ე მუხლში მითითებული 15 წლიანი ვადა აითვლება 1993წ. 23 ივლისიდან.

ვ.ქ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: საოლქო სასამართლომ კანონის დარღვევით სადავო ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად არ ცნო. აღნიშნული დასტურდება იმით, რომ კასატორის მშობლებმა ე. და გ. ქ-ებმა ყოფილი მესაკუთრე ე. ბ-ისგან ბინა შეისყიდეს 4500 აშშ დოლარად. ბინაში 1966 წლიდან ჩაწერილია და ცხოვრობს კასატორი. ქ-ების ოჯახმა სადავო ბინას არაერთხელ ჩაუტარა რემონტი. სადავო ბინის ყიდვა დასტურდება 1966წ. 14 ივნისის ხელშეკრულებით და თბილისის 26 კომისრის რაიონის სახალხო სასამართლოს 1976წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სადაც მითითებულია, რომ ა.ქ-მა იყიდა სადავო ბინა. სასამართლომ არასწორად შეწყვიტა ტ.ე-ას სარჩელზე საქმის წარმოება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესწავლის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ამ სახის პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია, ხოლო სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად ცნო, რომ ქ.თბილისში, ... არსებული სახლთმფლობელობის 4/7 ნაჩუქრობის ხელშეკრულების საფუძველზე 1957 წლიდან ირიცხება ე. ბ-ის სახელზე, ხოლო 1995წ. 22 სექტემბრის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე მისი მესაკუთრე გახდა თავდაპირველი მოსარჩელე მარინა მ-ი. კასატორის მამის, გ.ქ-ის, ხუთსულიანი ოჯახი ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლის 51 კვ.მ. ორ ოთახში, შესახლდა ე. და კ. ბ-ებთან 1966წ. 14 ივნისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ძალითაც გ.ქ-ის ოჯახს უფლება მიეცა, ეცხოვრა მისთვის გამოყოფილ ფართში მდგმურის უფლებით და იმავე მისამართზე რეგისტრაციის პირობით. ამასთან, მესაკუთრისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 5 მანეთი. პალატამ ასევე დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის უფლება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის არგუმენტს სააპელაციო პალატის მიერ კანონის დარღვევის თაობაზე, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სადავო ურთიერთობის დასარეგულირებლად სკ-ს 167-ე და 477-ე მუხლების გამოყენება სავსებით სწორად მიიჩნია უსაფუძვლოდ, კერძოდ, სკ-ს 167-ე მუხლი აწესებს რა უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენას ხანდაზმულობით, ამავე კოდექსის 1507-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ამ წესით საკუთრების შეძენის ვადა ამ შემთხვევაში აითვლება 1993წ. 23 ივლისიდან. ამასთან, ზემოხსენებული ნორმა გამოიყენება მაშინ თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ. სადავო ბინაზე კასატორის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია საქმის მასალებით არ დგინდება.

სააპელაციო პალატამ ასევე სწორად არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება სკ-ს 477-ე მუხლით მესაკუთრედ ცნობაზე, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ადგენს მხარეთა უფლება-მოვალეობებს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას. სადავო ურთიერთობას საფუძვლად უდევს საცხოვრებელი სადგომის დროებითი სარგებლობის ხელშეკრულება, რაც არ ითვალისწინებდა ბინაზე საკუთრების უფლების გადაცემას და ასეთი საქმის მასალებით არ დასტურდება. დაუსაბუთებელია კასატორის მტკიცება, სადავო ბინის შესასყიდად 4500 მანეთის გადახდის თაობაზე მისი დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობის გამო.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია რა ქ-ის მოთხოვნის არგუმენტის გაზიარება მესაკუთრედ ცნობაზე თბილისის 26 კომისრების რაიონის სახალხო სასამართლოს 1976წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1976წ. 23 სექტემბრის განჩინებაში არსებული ფრაზით: “მოსარჩელემ მართალია იყიდა ბინა” და სწორი იურიდიული შეფასება მისცა მას. კერძოდ, სსკ-ს 106-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად დამტკიცებას არ საჭიროებენ ისეთი ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. კასატორის მიერ მითითებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები მიღებულია სხვა მხარეებს _ კასატორის მამა გ.ქ-სა და ე. ბ-ს შორის არსებულ სამოქალაქო საქმეზე და შესაბამისად ამ გადაწყვეტილებებში მითითებულ ფაქტებს მოცემული დავისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობა ვერ მიენიჭება.

ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებაზე, რომლითაც სამოქალაქო საქმის წარმოება ტ.ე-ას სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში ვ.ქ-ის რეგისტრაციიდან მოხსნის და სადავო ბინიდან გამოსახლების ნაწილში შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. სსკ-ს მეორე მუხლის პირველი ნაწილის და მესამე მუხლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია რა უფლების სასამართლო წესით დაცვა, რისი განხორციელებაც სასამართლოში შეტანილი მისივე განცხადების საფუძველზე ხდება, მოსარჩელე უფლებამოსილია, საქმის სასამართლოში განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას სარჩელზე და ამისათვის საჭირო არ არის მოპასუხის თანხმობა.

ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე და სამართლებრივად სწორად იქნა შეფასებული, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.