¹3კ-1433-02 10 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: საცხოვრებელი სახლიდან წილის ნატურით გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ქუთაისში, ..... მდებარე ¹30 სახლი ირიცხებოდა ნ. ს-ის სახელზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. და ა. ს-ეებს ა. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ მისი მეუღლის ვალის – 2700 ლარის _ გადახდა. ა. გ-ის გარდაცვალების შემდეგ მისმა უფლებამონაცვლემ – დ. მ-ემ ვერ მოახერხა რა აღნიშნული თანხის მიღება, მიმართა სააღსრულებო ბიუროს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსასრულებლად.
იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2001წ. 8 მაისის უძრავი ქონების ნატურით გადაცემის აქტით დ. მ-ეს საკუთრებაში გადაეცა ნ. ს-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის 1/4.
დ. მ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისთვის მიკუთვნებული სახლის 1/4-ის გამოყოფა ნატურით ნ. ს-ის საცხოვრებელი სახლიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მას გამოეყო ქ. ქუთაისში, ..... მდებარე ¹32 საცხოვრებელი სახლის 1/4. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო ის გარემოებები, რომ აუქციონი ჩატარებულია კანონის მოთხოვნის დაცვით; დ. მ-ე სადავო სახლის თანამესაკუთრეა, ამიტომ იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს სახლიდან თავისი წილის ნატურით გამოყოფა. სასამართლომ სახლი გაყო ექსპერტის დასკვნის მიხედვით, რომლის თაობაზეც მხარეებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. და ა. ს-ეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ვალი აღებული ჰქონდა შვილს და არა ნ. ს-ეს, ამიტომ სასამართლოს მისთვის არ უნდა დაეკისრებინა თანხის გადახდა. ამასთან, საცხოვრებელ სახლზე აუქციონი ჩატარებულია მთელი რიგი პროცესუალური ნორმების დარღვევით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ. და ა. ს-ეებს დაკისრებული აქვთ 2700 ლარი ა. გ-ის სასარგებლოდ. ამასთან, სააღსრულებო ბიურომ ნ. მ-ეს კანონის მოთხოვნათა დაცვით გადასცა სახლის ¼1/4, ხოლო სახლი გაყოფილია ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილი და სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სასამართლოს 1999წ. 26 ივნისის ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ. და ა. ს-ეებს ა. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 2700 ლარის გადახდა. ა. გ-ის უფლებამონაცვლემ, დ. მ-ემ მოითხოვა ს-ეებისაგან ვალის გადახდა. აღნიშნულ პირთა მიერ ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო ნ. ს-ის ბინა ორჯერ გატანილ იქნა აუქციონზე იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ. აუქციონზე მყიდველის გამოუცხადებლობის გამო სახლის 1/4¼გადაეცა დ. მ-ეს. დღეისათვის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემების საფუძველზე დ. მ-ე და ნ. ს-ე თანამესაკუთრეები არიან.
კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც მას ვალის გადახდა დაეკისრა, უკანონოა. პალატა თვლის, რომ აღნიშნული არგუმენტით სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება დაუშვებელია, რადგან მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება ბინიდან რეალური წილის გამოყოფას და არა ნ. ს-ისათვის ვალის გადახდის დაკისრებას, ხოლო კასატორის მიერ მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი გადასინჯვა, მითუმეტეს სხვა დავის განხილვისას, დაუშვებელია.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილი და სკ-ს 170-ე მუხლის მე-2 ნაწილი. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული არ არის, თუ რაში გამოიხატა სასამართლოს მიერ აღნიშნული მუხლების დარღვევა. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი აღიარებს საკუთრების უფლებას. აღნიშნული მუხლი თანაბრად ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე და იგი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პიროვნების მიმართ. ამ მუხლით უზრუნველყოფილია როგორც ნ. ს-ის, ასევე დ. მ-ის საკუთრების უფლება და ვინაიდან ორივე თანამესაკუთრეა, არ შეიძლება რომელიმე მათგანს მიენიჭოს ამ უფლების გამოყენების უპირატესობა. რაც შეეხება სააპელაციო პალატის მიერ სკ-ს 170-ე მუხლის დარღვევას, აღნიშნული ნორმის საფუძველზეც დ. მ-ეს ისეთივე უფლება აქვს ფლობდეს და სარგებლობდეს ნივთით, როგორც ნ. ს-ეს; დ. მ-ის მოთხოვნა არ წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგოს, საზიარო უფლების გაუქმება ნატურით წილის გამოყოფით რეგულირებულია კანონით (სკ-ს 963-ე მუხლი). ამიტომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეიძლება ჩაითვალოს მიზანშეწონილად, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც აუქციონის შედეგები და 1999წ. 26 ივნისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. და ა. ს-ეებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე ძალაშია და გაუქმებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 სექტემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.