3კ-1434-02 27 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
სარჩელის საგანი: სავალდებულო წილის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ბ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის გამოყოფის თაობაზე იმ მოტივით, რომ 2001წ. 12 ივნისს გარდაიცვალა მისი ბებია ქ. ბ-ა, რომელიც ცხოვრობდა სოფ. ......-ში. იგი კომლის ბოლო წევრი იყო და მის საკუთრებაში იმყოფებოდა 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი დამხმარე შენობა-ნაგებობებით. ქ. ბ-ა იყო გ. ბ-ას მამის – ბ. ბ-ას დედა. ბ. ბ-ა გარდაიცვალა 1999წ. 30 მარტს. გ. ბ-ამ ბებიის გარდაცვალების შემდეგ, 2001წ. ივლისში, განცხადებით მიმართა წყალტუბოს ნოტარიუსს მემკვიდრეობის აღსადგენად, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ აწ გარდაცვლილი ანდერძით მთელ ქონებას გადასცემდა მოსარჩელის ბიძას _ თ. ბ-ას. ამ უკანასკნელმა კი უარი განაცხადა მოსარჩელისათვის რაიმე წილის მიცემაზე. მოსარჩელე ითხოვს ბებიის ქონებიდან სავალდებულო წილის გამოყოფას, როგორც აწ გარდაცვლილი მამის – ბ. ბ-ას წარმომადგენელი.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ამ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 სექტემბრის განჩინებით გ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოთხოვნა არ გაიზიარა სკ-ს 1372-ე და 1356-ე მუხლებზე მითითებით.
გ. ბ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 30 სექტემბრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო საჩივარი ემყარებოდა 1371-ე, 1372-ე, 1374-ე და 1336-ე მუხლებს, რომელთა საფუძველზე ბ. ბ-ას მემკვიდრეს თანასწორად ერგებოდა ყველა ის წილი, რასაც იგი მიიღებდა ცოცხალი რომ ყოფილიყო, აგრეთვე, სავალდებულო წილიც. ანდერძი რომ არ ყოფილიყო შედგენილი, გ. ბ-ა მიწვეული იქნებოდა სამკვიდროს მისაღებად.
სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 1356-ე მუხლი. ეს ნორმა არეგულირებს ისეთ სამართლებრივ ურთიერთობას, როდესაც მთელი სამკვიდრო განაწილებულია ანდერძით მემკვიდრეებს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი ქ. ბ-ას მთელი სამკვიდრო ქონება ანდერძით გადაეცა მხოლოდ თ. ბ-ას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები:
1999წ. 30 მარტს გარდაიცვალა კასატორ გ. ბ-ას მამა ბ. ბ-ა. ამ უკანასკნელის დედამ, ქ. ბ-ამ, 2000წ. 24 თებერვალს მთელი თავისი ქონება უანდერძა თავის შვილს – თ. ბ-ას. ქ. ბ-ა გარდაიცვალა 2001წ. 27 მაისს. 2002წ. 19 მარტს ქ. ბ-ას სამკვიდრო ქონებაზე გაიცა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რის საფუძველზე თ. ბ-ამ საკუთრებაში მიიღო წყალტუბოს რაიონის სოფ. .......-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას არასწორად გამოიყენა სკ-ს 1356-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ანდერძით მთელი სამკვიდრო ქონება განაწილებული იყო ანდერძით მემკვიდრეებს შორის, მაგრამ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო, კანონით მემკვიდრეობა არ წარმოიშობა და მის წილ ქონებას ანდერძით სხვა მემკვიდრეები თანაბრად მიიღებენ. მითითებული ნორმა ეხება ისეთ ვითარებას, როდესაც მთელი სამკვიდრო ანდერძით მემკვიდრეებზე იყო განაწილებული, ხოლო ერთ-ერთი მემკვიდრე გარდაცვლილი იყო სამკვიდროს გახსნამდე. აღნიშნულს მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დავა უნდა მოწესრიგდეს სკ-ს 1307-ე და 1371-ე მუხლების საფუძველზე. კერძოდ, 1371-ე მუხლი განსაზღვრავს რა სავალდებულო წილის ცნებას, ადგენს, რომ მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის “ა” პუნქტით კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის. მოცემულ შემთხვევაში მამკვიდრებლის, ქ. ბ-ას, გარდაცვალებას წინ უსწრებდა სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირის, კასატორის მამის, ბ. ბ-ას, გარდაცვალება. ამდენად, ბუნებრივია, ეს უკანასკნელი მოგვიანებით გარდაცვლილი ქ. ბ-ას სამკვიდრო ქონებაზე სავალდებულო წილის მისაღებად მოწვეული ვერ იქნებოდა.
კასატორ გ. ბ-ას მოთხოვნის უსაფუძვლობას განამტკიცებს სკ-ს 1372-ე მუხლი, რომლის თანახმად სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. სავალდებულო წილთან დაკავშირებული მემკვიდრეობითი ურთიერთობის წარმოშობისათვის აუცილებელია ისეთი იურიდიული ფაქტის დადგომა, ანუ ადამიანის გარდაცვალება ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადება, რაც იწვევს სამკვიდროს გახსნას (იხ. სკ-ს 1319-ე მუხლი). ქ. ბ-ას ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა მისი გარდაცვალების შემდეგ და შესაბამისად, სავალდებულო წილის მიღების უფლებითაც შეეძლოთ ესარგებლათ მხოლოდ იმ მომენტისათვის ცოცხალ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება, როგორც იურიდიულად არასაკმარისად დასაბუთებული, სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ბ-ას მოთხოვნას სავალდებულო წილის მიღებაზე უარი უნდა ეთქვას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
გ. ბ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება.
უარი ეთქვას გ. ბ-ას ბებიის – ქ. ბ-ას სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის გამოყოფაზე.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.