გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1436-02 11 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ.კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
სრჩელის საგანი: მიუღებელი ხელფასის, ზარალის და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ფ-ემ 2001წ. 4 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო საამართლოს და მოითხოვა მიუღებელი ხელფასის და ზიანის ანაზღაურება შემდეგი მოტივით: ვ. ფ-ე 1991წ. აპრილიდან 2000წ. 18 აპრილამდე მუშაობდა შპს “... 91-ში” მძღოლად ... მარშრუტზე. მოსარჩელეს დღემდე ხელფასი არ მიუღია, რის გამოც პრეტენზია გამოთქვა მოპასუხის მიმართ, მაგრამ _ უშედეგოდ. ამასთან, ვ. ფ-ე 1991წ. 18 აპრილიდან 2001წ. 18 აპრილამდე ყოველ სამ თვეში ერთხელ იხდიდა ლიცენზიის თანხას და გადასახადებს. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან 100000 ლარის მორალური ზიანის, მიუღებელი ხელფასის _ 1800 ლარის, 1991წ. 18 აპრილიდან 2000წ. 18 აპრილამდე ლიცენზიისათვის გადახდილ 1500 ლარს და მოპასუხის მიერ უკანონოდ აკრეფილი გადასახადების _ 2109 ლარის, გადახდის დაკისრებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა ვ. ფ-ის მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინებით ვ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან არ არსებობს შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების ბრძანება, საქმეში არსებული ხელშეკრულება მგზავრთა გადაყვანის თაობაზე არ წარმოადგენს მხარეთა შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებას, რაც დაავალდებულებდა მოპასუხეს, გადაეხადა ხელფასი აპელანტისათვის. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ლიცენზიისათვის გადახდილი თანხების მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება, ვინაიდან მგზავრთა გადაყვანა იმ დროს მოქმედი წესებით ექვემდებარებოდა ლიცენზირებას, რომლის ღირებულებას იხდიდა ლიცენზიანტი. რაც შეეხება უკანონოდ აკრეფილ გადასახადებს, აღნიშნულზე ნამსჯელია ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 24 იანვარს კანონიურ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი, ვინაიდან არ არსებობს მართლსაწინაააღმდეგო ქმედება. ხელფასზე მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან ვ.ფ-ე ხელფასს არ ღებულობდა 1991 წლიდან.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ფ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: მართალია სამუშაოზე მიღების ბრძანება არ არსებობს, მაგრამ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა დამყარებულია 1991წ. აპრილის ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე მხარეებს წარმოეშვათ უფლებები და მოვალეობები. ასეთ შემთხვევაში შრომის კანონთა კოდექსის მე-16 მუხლებზე მითითება არასწორია და ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა _ კანონსაწინააღმდეგო. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა 272-ე მუხლზე მითითებით, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, არასწორია, რადგან მოცემულ საქმეზე. სარჩელის საფუძვლად წარმოდგენილი ლ-ის წერილები. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 იანვრის გადაწყვეტილების მიღების დროს არ იყო გამოყენებული, ე.ი. სარჩელის საფუძველი ორივე საქმეზე ერთი და იგივე არ ყოფილა. ასევე სხვადასხვაა სარჩელის საგანიც. ხანდაზმულობის ვადის მოტივით სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა კანონსაწინაააღმდეგოა, ვინაიდან 1991წ. აპრილში დადებულ ხელშეკრულებაში ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ არის აღნიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხელშეკრულება უვადოა და იგი დღესაც ძალაშია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთებულობა, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები:
ვ. ფ-ისა და შპს “...…-91-ის” ადმინისტრაციას შორის შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ვ. ფ-ემ საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტში გააფორმა ლიცენზია ხუთჯერ, თითოზე გადახდილი აქვს 12 დოლარის ექვივალენტი ლარი. ლიცენზია გაფორმებულია ვ.ფ-ის კუთვნილ “ლაზ-699” მარკის ავტობუსზე.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ შპს “... 91-ის” წარმომადგენელსა და ვ. ფ-ეს შორის 1994წ. 28 აგვისტოს, 1996წ. 12 მაისის და 1997წ. 22 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება კომერციულ მარშრუტ ...ზე, რომლის ძალითაც მძღოლი ვ.ფ-ე ვალდებული იყო, ფირმა “... 91-ისათვის” მიეყვანა საკუთარი, ტექნიკურად გამათული ავტობუსი, ხოლო ფირმას წინასწარ უნდა გაეყიდა სამგზავრო ბილეთები. ხელშეკრულებითვე განსაზღვრული იყო მხარეთა შორის რეალიზებული ბილეთების ამონაგები თანხის განაწილების წესი.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობა არ შეიძლება დარეგულირდეს შრომის კანონთა კოდექსით დაწესებული ნორმებით. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა რა შეთანხმება მგზავრთა გადაყვანაზე, მხარეთა შორის წარმოშობილია სკ-ს 629-ე მუხლებით მოწესრიგებული ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობა მენარდესა და შემკვეთს შორის. მხარეები შეთანხმებული იყვნენ შესრულებული სამუშაოს საზღაურზე, რაც ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განისაზღვრებოდა პერიოდულად _ გაყიდული ბილეთების ამონაგები თანხით და არა ყოველთვიური ხელფასით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ.ფ-ის მოთხოვნა ხელფასზე უსაფუძვლოა.
ასევე სწორია სააპელაციო პალატის დასკვნა იმის თაობაზე, რომ ლიცენზიისათვის გადახდილი თანხების დაკისრება შპს “... 91-თვის” უსაფუძვლოა. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 25 მარტის ¹180 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოს რესპუბლიკაში ავტოსატრანსპორტო მომსახურების რეგულირებისა და ლიცენზირების შესახებ” დებულებით დაწესდა რა სამოქალაქო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებაზე სავალდებულო ლიცენზირება, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით დადგენილია ის გარემოება, რომ მძღოლის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენდა, შესაბამისი ლიცენზიის ქონა და სახელმწიფო გადასახადის გადახდა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს კასტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გადახდილი სახელმწიფო გადასახადებთან დაკავშირებით არასწორად მიუთითა სსკ-ს 272-ე მუხლზე. როგორც დადგენილია, ვ. ფ-ემ 2000წ. 13 ნოემბერს სარჩელით მიმართა რა სასამართლოს მის მიერ უკანონოდ გადახდილი 120 ლარის სახელმწიფო გადასახადის შპს “... 91-თვის” დაკისრების თაობაზე, სარჩელის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ მოპასუხე ორგანიზაცია ზედმეტ თანხებს იღებდა მძღოლებისაგან, რის გასარკვევადაც მიმართა ქალაქის პროკურატურას, რომელმაც თავის მხრივ განცხადების შემოწმება დაავალა იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის კორუფციასთან და ეკონომიურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებას. ამ უკანასკნელი ორგანოს მიერ მოკვლეული მასალები, როგორც ქუთაისის საქალაქო სასამართლო 2001წ. 24 იანვარს სხდომის ოქმით ირკვევა, გამოთხოვილი იყო სასამართლოს მიერ და თვით ვ. ფ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობითვე საქმის განხილვა ამ მასალების გარეშე გაგრძელდა და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, კასტორის მითითება სარჩელთა სხვადასხვა საფუძველზე არ მტკიცდება და იგი ვერ იქნება გაზიარებული.
სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა ვ.ფ-ის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოდ მისი დაუსაბუთებლობის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატას გასაჩივრებული განჩინებით არ დაურღვევია კანონი და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.