გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-1439-02 8 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ.ცისკაძე,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: მინდობილობის და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. გ-ას საკუთრებას წარმოადგენდა ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა. მან 1995წ. 12 სექტემბერს მინდობილობა მისცა ო. ვ-ას კუთვნილი ქონების თაობაზე სხვადასხვა სახის გარიგებების დადების უფლების მინიჭების შესახებ. ეს მინდობილობა გაიცა სამი წლის ვადით.
ო. ვ-ამ 1998წ. 26 აგვისტოს, როგორც ვ.გ-ას წარმომადგენელმა, გააფორმა ვ.გ-ას კუთვნილი ბინის თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულება თავის მეუღლე ვ. ს-თან. ვ.გ-ას წარმომადგენელმა ნ.ბ-მა 2001წ. სექტემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ო. ვ-ას და ვ.ს-ის მიმართ და მოითხოვა მინდობილობის და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით ვ.გ-ას რწმუნებით ნ.ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ო.ვ-ასა და ვ.ს-ს შორის 1998წ. 26 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ქ.თბილისში, ... მდებარე ბინაზე და ბინა აღირიცხა ვ.გ-ას სახელზე. მოსარჩელეს უსაფუძვლობის გამო სარჩელის დანარჩენ ნაწილზე უარი ეთქვა.
ო.ვ-ამ და ვ.ს-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო.ვ-ას და ვ.ს-ის სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ო.ვ-სა და ვ.ს-ს შორის 1998წ. 26 აგვისტოს თბილისში, ... მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და ბინის ვ.გ-აზე აღრიცხვის ნაწილში. მოსარჩელეს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ ო.ვ-ა და ვ.ს-ი არ წარმოადგენენ ერთსა და იმავე პირს, იმის მიუხედავად, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. ამიტომ სადავო ხელშეკრულება არ წარმოადგენს წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი პირის სახელით თავის თავთან დადებულ გარიგებას. ო.ვ-ა, არც მესამე პირის, ვ.ს-ის, წარმომადგენელი იყო ამ გარიგებაში, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სკ-ს 114-ე მუხლით დადგენილი პირობები.
ვ.გ-ას წარმომადგენელმა ნ.ბ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა სკ-ს 1158-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მათი საერთო საკუთრებაა (თანასაკუთრებაა). მოპასუხეთა შორის გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებით შედეგი დადგა, ერთი მხრივ, ბინის მესაკუთრე ვ.გ-ასათვის, მეორე მხრივ კი, წარმომადგენელ ო.ვ-ასა და მისი მეუღლე ვ.ს-ისათვის, სადავო ბინა გადავიდა ო.ვ-ას საკუთრებაში. სკ-ს 114-ე მუხლით კი დაუშვებელია, წარმომადგენელმა საკუთარ თავთან დადოს გარიგება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ვ. გ-ამ მინდობილობა მისცა ო. ვ-ას 1995წ. 12 სექტემბრიდან 1998წ. 12 სექტემბრის ჩათვლით. ამ მინდობილობით წარმოდგენილმა გადასცა უფლება, წარმომადგენელს მისი სახელით დაედო სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები და შეესრულებინა სხვადასხვა იურიდიული მოქმედებები. ო.ვ-ამ აღნიშნულის საფუძველზე 1998წ. 26 აგვისტოს ქ.თბილისში, ... მდებარე ვ.გ-ას კუთვნილი ბინის თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა თავის მეუღლე ვ.ს-თან. ეს ბინა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღირიცხა ვ.ს-ის საკუთრებაში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 114-ე მუხლი. ამ მუხლში მითითებულია, რომ თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად.
მართალია, ო. ვ-ა და ვ. ს-ი ერთი და იგივე პირები არ არიან, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის სამართლებრივი შედეგები, რასაც იწვევს ო.ვ-ასა და ვ.ს-ის რეგისტრირებული ქორწინება. სკ-ს 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული ნორმის მიხედვით ო.ვ-ამ, როგორც წარმომადგენელმა, სადავო ბინა მიყიდა რა თავის მეუღლე ვ.ს-ს, თვითონაც ამ ბინის თანამესაკუთრე გახდა, ე.ი. ამ გარიგების დადებით მას წარმოეშვა წარმოდგენილი პირის ქონებაზე თანასაკუთრების უფლება. ამიტომ ამ შემთხვევაში ო.ვ-ას, როგორც ვ.გ-ას წარმომადგენელის მიერ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება ვ.ს-თან გაიგივებული უნდა იქნეს საკუთარ თავთან საკუთარი სახელით დადებულ გარიგებასთან. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვ.გ-ასა და ო.ვ-ას შორის მინდობილობის შინაარსით გათვალისწინებულის გარდა სხვა რაიმე შეთანხმებებს ადგილი არ ჰქონია, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. ვინაიდან საქმის გარემოებები სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ამიტომ საკასაციო პალატა ამ საქმეზე თვითონ იღებს გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ.გ-ას წარმომადგენელ ო.ვ-ასა და ვ.ს-ს შორის გაფორმებული სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ეწინააღმდეგება რა სკ-ს 114-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ სკ-ს 54-ე მუხლის საფუძველზე ეს ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან იგი არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ვ. გ-ას წარმომადგენელი ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება ვ.გ-ას წარმომადგენელი ო.ვ-ასა და ვ.ს-ს შორის 1998წ. 26 აგვისტოს ქ.თბილისში, ... მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და ბინის ვ.გ-ას სახელზე აღრიცხვაზე უარის თქმის ნაწილში. გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ვ. გ-ას წარმომადგენელი ნ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
ბათილად იქნეს ცნობილი ვ. გ-ას წარმომადგენელ ო. ვ-ასა და ვ. ს-ს შორის 1998წ. 26 აგვისტოს გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება და ქ.თბილისში, ... მდებარე ბინა აღირიცხოს ვ.გ-ას სახელზე.
ო. ვ-ას და ვ. ს-ს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის, 760 ლარის გადახდა ვ.გ-ას სასარგებლოდ.
პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.