საქმე # 160100122005414205
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №835აპ-23 ქ. თბილისი
ი-ი ტ, 835აპ-23 26 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ტ. ი-ს, - დაბადებულს ... წლის ... დეკემბერს, - ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 14:30 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, პ-ის საცხოვრებელ სახლში დენის მიწოდების გამო წარმოქმნილი კონფლიქტის დროს სს „ე-ას მ-ის სერვისცენტრის“ თანამშრომელმა ტ. ი-მა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, შურისძიების მოტივით, დანის დარტყმით გულმკერდის მარცხენა მხარეს, იღლიის არეში, ფილტვის დაზიანებით, მოკვლის მიზნით სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა მიაყენა ი. პ-ს, რომლის გადარჩენა მოხერხდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.
· 2022 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 14:30 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, პ-ის საცხოვრებელ სახლში დენის მიწოდების გამო წარმოქმნილი კონფლიქტის დროს სს „ე-ას მ-ის სერვისცენტრის“ თანამშრომელმა ტ. ი-მა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ტ. პ-ს დანით წელის არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, ხოლო ე. პ-ს გულმკერდის მარჯვენა ზედაპირზე - ნაკვეთი ჭრილობა, რის შედეგად ტ. და ე. პ-მა მიიღეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ხანმოკლე მოშლით.
· 2022 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 14:50 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, პ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სს „ე-ას მ-ის სერვისცენტრის“ თანამშრომელმა ტ. ი-მა სიტყვიერი შეურაცხყოფით გაღიზიანებულმა, ნ. ბ-ს დანით მიაყენა დაზიანება მარჯვენა გვერდის არეში, რასაც შედეგად მოჰყვა დაზარალებულის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ხანმოკლე მოშლით.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით:
2.1. ტ. ი-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
2.2. ტ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ტ. ი-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 9 იანვრიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ. ი-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 14:30 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, პ-ის საცხოვრებელ სახლში დენის მიწოდების გამო წარმოქმნილი კონფლიქტის დროს სს „ე-იას მ-ის სერვისცენტრის“ თანამშრომელმა ტ. ი-მა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის დარტყმით გულმკერდის მარცხენა მხარეს, იღლიის არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ი. პ-ს.
· 2022 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 14:30 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, პ-ის საცხოვრებელ სახლში დენის მიწოდების გამო წარმოქმნილი კონფლიქტის დროს სს „ე-ას მ-ის სერვისცენტრის“ თანამშრომელმა ტ. ი-მა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას ტ. პ-ს დანით წელის არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, ხოლო ე. პ-ს - გულმკერდის მარჯვენა ზედაპირზე ნაკვეთი ჭრილობა, რის შედეგად ტ. და ე. პ-მა მიიღეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ხანმოკლე მოშლით.
· 2022 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 14:50 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, პ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი შეურაცხყოფით გაღიზიანებულმა სს „ე-იას მ-ის სერვისცენტრის“ თანამშრომელმა ტ. ი-მა ნ. ბ-ს დანით მიაყენა დაზიანება მარჯვენა გვერდის არეში, რასაც შედეგად მოჰყვა დაზარალებულის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ხანმოკლე მოშლით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ონისე თუთისანმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენის გაუქმება, ტ. ი-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5.1. მსჯავრდებულ ტ. ი-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ-მ შესაგებლით მოითხოვა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენის ძალაში დატოვება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ტ. ი-ის მხრიდან საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების - ი. პ-ის, ტ. პ-ის, ე. პ-სა და ნ. ბ-ის ჩვენებებით, მოწმეების - ა. ბ-ას, გ. გ-ს, თ. ა-სა და სხვათა ჩვენებებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №..., №.., №..., №... დასკვნებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ ტ. ი-ის საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ტ. ი-ს მიერ ი. პ-ის, ტ. პ-ის, ე. პ-ისა და ნ. ბ-ის დაზიანებების მიყენების ფაქტი მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. გასაჩივრებული განაჩენით დადგენილია, რომ ტ. ი-ი დანაშაულის ჩადენის მომენტში არ მოქმედებდა ი. პ-ის მოკვლის განზრახვით და მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. ბრალდების მხარე კი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული აღნიშნული ქმედების ჩადენის დროს მოქმედებდა ი. პ-ის მოკვლის განზრახვით, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ ტ. ი-ი ავტომანქანასთან მივიდა, აიღო დანა და დაზარალებულს შეგნებულად მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება; დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი მსჯავრდებულისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო - დაზარალებულთან სწრაფად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები და აღმოუჩინეს დახმარება. გარდა აღნიშნულისა, კასატორის პოზიციით, ტ. ი-ის მიერ ი. პ-ის მოკვლის განზრახვას ადასტურებს მიყენებული ჭრილობის მდებარეობა - გულმკერდის არე.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ:
11. საკასაციო პალატა კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნების კომპონენტები. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი იძლეოდეს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განაჩენი, საქმე №213აპ-20, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, საქმე №527აპ-17). განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება - საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი, საქმე №309აპ-19, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი, საქმე №680აპ-17, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენი, საქმე №227აპ-16).
12. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ის გარემოებები, რომ 2022 წლის 9 იანვარს, პ-ის საცხოვრებელ სახლში, დენის მიწოდების გამო წარმოიქმნა კონფლიქტი ერთი მხრივ ტ., ე. და ი. პ-სა და მეორე მხრივ ტ. და ტ. ი-ბს შორის, რა დროსაც კონფლიქტის მონაწილე ტ. და ე. პ-ის მამას - ი. პ-ს ტ. ი-მა დანის ერთხელ დარტყმით გულმკერდის მარცხენა მხარეს, იღლიის არეში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა. მოცემულ საქმეზე კვალიფიკაციის დადგენისას, დაზიანების რაოდენობასა და ლოკალიზაციასთან ერთად არსებითად მნიშვნელოვანია შეფასდეს დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა უმართლობის ჩადენის შემდეგ. როგორც საქმის მასალებით დგინდება, შემთხვევის დღემდე დაზარალებულებსა და ტ. ი-ს შორის რაიმე სახის კონფლიქტს, დაძაბულ ურთიერთობას ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, დადგენილია, რომ 2022 წლის 9 იანვარი იყო არასამუშაო დღე - კვირა; მიუხედავად აღნიშნულისა, სწორედ პ-სა და ი-ს შორის არსებული კარგი ურთიერთობის გამო, ტ. ი-ი და ტ. ი-ი („ე-ას მ-ის სერვისცენტრის“ თანამშრომლები) მივიდნენ პ-ის ოჯახში და აკეთებდნენ დაზიანებული ელექტროენერგიის ხაზებს. მას შემდეგ, რაც ტ. და ტ. ი-მა ელექტროენერგია აღადგინეს და ტოვებდნენ პ-ის ოჯახს, ტ. პ-მა დაიწყო კონფლიქტი და ფიზიკური შეურაცხყოფა პირველად სწორედ მან მიაყენა ტ. ი-ს. ი-სა და პ-ს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას ტ. ი-მა დანის გამოყენებით დაზიანება მიაყენა ი. პ-ს. ხსენებული მხოლოდ და მხოლოდ ერთი დაზიანების მიყენების შემდეგ მსჯავრდებულმა შეწყვიტა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ი. პ-ს მიმართ.
13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, ადგილზე შეკრებილმა პირებმა შეუშალეს ხელი ტ. ი-ს კვლავ დაერტყა დანა დაზარალებულისათვის. ბრალდების მხარის აღნიშნული პოზიცია ეწინააღმდეგება თავად ბრალდების მხარის მოწმეების, შემთხვევის უშუალო თვითმხილველ პირთა ჩვენებებს, კერძოდ:
14. მოწმე ა. ბ-ს ჩვენებით დგინდება, რომ სამივე (იგულისხმება ი, ტ. და ე. პ-ბი) ძიძგილაობდა ტ. და ტ. ი-ან. შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებს ეშინოდათ დანის და ამის გამო ტ. ი-ს არავინ მიუახლოვდა. მნიშვნელოვანია მოწმე გ. გ-ს ჩვენებაც, რომლის განმარტებებიც ადასტურებს ი. პ-ის სრულფასოვან მონაწილეობას კონფლიქტში, კერძოდ, მოწმე განმარტავს, რომ დაინახა, ტ-ი და ი-ი როგორ ურტყამდნენ ერთმანეთს მუშტებს, შეეშინდა, როცა დაინახა დანა როგორ დაარტყა ტ-მა ი-ს და ახლოს ვერ მივიდა. მოწმემ აღნიშნა, რომ ტ. ი-ს კიდევ ჰქონდა დანის დარტყმის შესაძლებლობა, თუმცა მეტად აღარ გამოუყენებია. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მართალია, აღნიშნული შეფასება მოწმეს ეკუთვნის, თუმცა სასამართლო მასზე მიუთითებს, რამდენადაც სწორედ ის იყო შემთხვევის შემსწრე და შესაბამისად, ყველაზე უკეთ ის (ნეიტრალური პირი) აღიქვამდა ვითარებას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ტ. ი-ი მარტივად შეძლებდა მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში მის სისრულეში მოყვანას, რაც ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ტ. ი-ს არ ჰქონდა ი. პ-ის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა და არსებული - ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ მოქმედებები აღარ განახორციელა. მხედველობაშია მისაღები მსჯავრდებულის პოსტდანაშაულებრივი ქცევა, კერძოდ, საქმის მასალებით, უტყუარად დგინდება, რომ მხოლოდ ერთი დარტყმის შემდგომ ტ. ი-ი მოშორდა მსხვერპლს.
15. რაც შეეხება პროკურორ ონისე თუთისანის აპელირებას მოწმე ს. ბ-ას ჩვენებაზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის შეფასებას და მიუთითებს, რომ აღნიშნულმა მოწმემ სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდების დროს არსებით საკითხებთან მიმართებით მიუთითა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის შესახებაც არ აღუნიშნავს გამოკითხვისას. კერძოდ, მოწმის განმარტებით, ტ. ი-ი ცდილობდა მეორედაც დაერტყა დანა ი. პ-ის. მოწმემ თავდაპირველად აღნიშნა, რომ ტ. ი-ს მეორედაც უნდოდა ი. პ-ის დანის დარტყმა, რაზეც დაიწყო კივილი. მეზობლები შეეცადნენ გაშველებას და ხელი გაუკავეს. შემდეგ მიუთითა, რომ ტ. ი-ი მეორედაც ცდილობდა ი. პ-ის დანის დარტყმას, რა დროსაც დაიწყო ყვირილი. ყვირილზე მანქანა გააჩერა ბიჭმა სახელად ა-მა. ა-ი ზურგიდან მივიდა ტ-ნ და ცდილობდა დანის გამორთმევას და არ მისცა საშუალება მეორედ დაერტყა ი. პ-ის. მოწმეს აღნიშნული გარემოებების შესახებ გამოკითხვისას არ უსაუბრია, გარდა ამისა, მოწმის პასუხებს შორის გამოკვეთილი წინააღმდეგობების ფონზე, საკასაციო სასამართლო მისი ჩვენების ამ ნაწილს უტყუარად და დამაჯერებლად ვერ მიიჩნევს. უნდა აღინიშნოს, რომ მოწმის მითითებულ განმარტებებს არ ადასტურებს ინციდენტის შემსწრე არცერთი პირი, პირიქით, განსხვავებულად აღწერენ შემთხვევის ადგილზე არსებულ ვითარებას.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს ტ. ი-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე გადაკვალიფიცირება მართებულად მიაჩნია.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
18. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი