Facebook Twitter

საქმე # 330100122006226735

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №748აპ-23 ქ. თბილისი

გ-ი დ, 748აპ-23 10 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. გ-ს, - დაბადებულს .. წლის .. ივნისს, - ბრალად ედება გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· თანაცხოვრების პერიოდში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, დ. გ-ი მეუღლეს - ს. ჭ-ს უზღუდავდა სურვილისამებრ გადაადგილებას, უკრძალავდა ნათესავებთან კომუნიკაციას და ეუბნებოდა, რომ უნდა დამორჩილებოდა მას.

· 2022 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 18:30 საათზე, თ-ში, ვ-ი 3-ში, მე-.. მიკრორაიონის N... კორპუსის ბინა N..-ში დ. გ-მა არასრულწლოვანი შვილების - მ. და ლ. გ-ის თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, მეუღლეს - ს. ჭ-ს მარცხენა ხელზე ერთხელ დაარტყა ხელი, გადაუგრიხა მარცხენა ხელის ცერა თითი და კისრის არეში მარცხენა მხარეს ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ს. ჭ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 18:30 საათზე, თ-ში, ვ-ი 3-ში, მე-... მიკრორაიონის N... კორპუსის ბინა N...-ში დ. გ-მა არასრულწლოვან შვილს - მ. გ-ს თავის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც მ. გ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაიწყო ტირილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო დ. გ-ის არასრულწლოვანი შვილი - ლ. გ-ი.

· 2022 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 18:30 საათზე, თ-ში, ვ-ი 3-ში, მე-.. მიკრორაიონის N.. კორპუსის ბინა N..-ში დ. გ-ი მეუღლეს - ს. ჭ-ს დაემუქრა მოკვლით, რის შედეგადაც ს. ჭ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 თებერვლის განაჩენით:

2.1. დ. გ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. გაუქმდა დ. გ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და გირაოს თანხა - 5000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

2.3. გამართლებულ დ. გ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. დ. გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

3.3. დ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2022 წლის 14 აგვისტოდან იმავე წლის 20 აგვისტოს ჩათვლით) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 265 საათით.

3.4. ცნობად იქნა მიღებული, რომ აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გადახდილი გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 18:30 საათზე, თ-ში, ვ-ის 3-ში, მე-.. მიკრორაიონის N... კორპუსის ბინა N..-ში დ. გ-მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს - ს. ჭ-ს მარცხენა ხელზე ერთხელ დაარტყა ხელი, გადაუგრიხა მარცხენა ხელის ცერა თითი და კისრის არეში მარცხენა მხარეს ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც, ს. ჭ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დ. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და თავისუფლების აღკვეთის შეფარდება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: სატელეფონო შეტყობინების აუდიოჩანაწერით, №.. შემაკავებელი ორდერით, სამედიცინო ბარათით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და სადავოდ არც მხარეები ხდიან, განსხვავებით 2022 წლის 13 აგვისტოს არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და 2022 წლის 13 აგვისტოს მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ეპიზოდებისა, ვინაიდან ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტს, რადგან არ არის საკმარისი დ. გ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისათვის.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ს. ჭ-მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

9. ს. ჭ-ის მიერ 2022 წლის 13 აგვისტოს 112-ში დაფიქსირებული შეტყობინების აუდიოჩანაწერის თანახმად, იგი აცხადებდა, რომ დ. გ-მა ცემა მისი ორი წლის შვილი, რომელიც აღარ ტიროდა და გაჩერდა.

10. სამედიცინო ბარათში მითითებულია, რომ ს. ჭ-ს გადმოცემით, მთვრალმა დ. გ-მა ბავშვს თავისა და საფეთქლის არეში დაარტყა ხელი, რა დროსაც მან ძლიერ იტირა. სასწრაფო დახმარების მისვლისას ბავშვს მშვიდად ეძინა, შეაღვიძეს, იყო კონტაქტური და დაზიანების კვალი არ ეტყობოდა.

11. მ. გ-ის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ მითითებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N.. დასკვნაშიც. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ დოკუმენტებში არსებული მწირი ინფორმაცია არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით; არ არის საკმარისი ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, რომლის მიხედვითაც, დ. გ-მა მ. გ-ის მიმართ ჩაიდინა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, 2022 წლის 13 აგვისტოს ხელი დაარტყა თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

13. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

15. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ს. ჭ-მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის ჩადენის შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მითუფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.

16. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიუთითებს, რომ მხოლოდ N.. შემაკავებელ ორდერის ოქმშია მითითებული ს. ჭ-ს განმარტება, რომ მეუღლე 2022 წლის 13 აგვისტოს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც თავისი შინაარსით უკავშირდება განსახილველი დანაშაულის მითითებულ ეპიზოდს, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დ. გ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და დ. გ-ი გაამართლეს ზემოაღნიშნული მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში.

18. საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება მსჯავრდებულ დ. გ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, რისი მხედველობაში მიღებითაც, მას შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ), კერძოდ: დ. გ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ პირველადაა სამართალში, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული.

19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შესაძლებლობას, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლირებულად, რაც, ზოგადად, სრულად შეესაბამება სასჯელის მიზნების განხორციელებას.

20. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

21. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი