Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ-1446-02 17 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: საერთო საკუთრებიდან კუთვნილი წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ჯ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საერთო საკუთრებიდან ინდივიდუალური წილის გამოყოფა და მისი იზოლირება შემდეგი საფუძვლით: 1997წ. 30 ივნისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ... მდებარე ბინაში შემდეგი ფართი: ერთი ოთახი – 26 კვ.მ-ით, ჰოლი – 6,3 კვ.მ-ით, ღია აივანი – 1,8 კვ.მ-ით. მასსა და მოპასუხეს საერთო სარგებლობაში აქვთ 10 კვ.მ სამზარეულო, სანკვანძი – 4,5-ით კვ.მ, დერეფანი – 6,8 კვ.მ-ით და 10 კვ.მ სარდაფი. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხის მოქმედების გამო საერთო სარგებლობის ფართი წლების განმავლობაში ანტისანიტარულ მდგომარეობაშია, რის გამოც შეიძლება მის მცირეწლოვან შვილების ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის დასკვნა საერთო საკუთრებაში არსებული ფართის ურთიერთიზოლირების ტექნიკური შესაძლებლობის თაობაზე. მოპასუხე უარს აცხადებს საერთო საკუთრების ფართის იზოლირებაზე, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა საერთო საკუთრებიდან კუთვნილი წილის გამოყოფა მისი იზოლირების მიზნით.

მოპასუხე ე. ხ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მ. ჯ-მა დაარღვია მათ შორის არსებული შეთანხმების პირობები: ჯ-ი ვალდებული იყო ეყიდა იმავე რაიონსა და იმავე ფასში მისთვის სამაგიერო ბინა ან მიეცა ფულადი კომპენსაცია. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნა ეწინააღმდეგება დადგენილ სანიტარულ-ტექნიკურ ნორმებსა და საცხოვრებელ ფართზე მოპასუხის უფლებას.

თბილისის კრწანისი-მთაწმინიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ. თბილისში, ... მოპასუხე ე. ხ-თან ერთად საერთო საკუთრებაში არსებული დამხმარე ფართიდან სრული იზოლირების მიზნით საქართველოს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ 2002წ. 2 მაისს გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად გამოეყო სანკვანძიდან 2 კვ.მ, სამზარეულოდან – 4 კვ.მ, ხოლო 5,7 კვ.მ ჰოლი დარჩა მხარეთა საერთო სარგებლობაში. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია საერთო საკუთრებიდან წილის გამოყოფა ორი ვარიანტით და ორივე შემთხვევაში ფართი იყოფა მოპასუხის სასარგებლოდ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საერთო საკუთრებიდან წილის გამოყოფის, მისი დამოუკიდებლად სარგებლობისა და განკარგვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტებები ფართის გამოყოფის შედეგად შენობის მდგრადობის შემცირების, მოპასუხის მიერ კომპენსაციის გადახდისა და სხვა ბინის ყიდვის შესახებ და დააკმაყოფილა მ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ხ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინებით ე. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, სამზარეულოდან გამოყოფილი ნაწილი ვერ დააკმაყოფილებს სამზარეულოსათვის ტექნიკური ნორმებით გათვალისწინებულ ნორმებს, მაგრამ რადგან მოსარჩელე თანახმაა, აღნიშნული ფართი სხვა დანიშნულებით გამოიყენოს, სასამართლომ სკ-ს 963-ე მუხლის თანახმად სარჩელი დააკმაყოფილა და ექსპერტის დასკვნის ¹2 დანართის შესაბამისად წილები რეალურად გაყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ელიზავეტა ხ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და უკანონოდ დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში. იგი წარმოადგენს დამხმარე სათავსების მესაკუთრეს და საერთო საკუთრების ფართის გაყოფისას ირღვევა მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები. სასამართლოს მიერ დამხმარე სათავსების გაყოფის შედეგად ფართმა დაკარგა თავისი დანიშნულება, სკ-ს 963-ე მუხლის თანახმად კი საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე და იგი არ კარგავს თავის დანიშნულებას. კასატორი განმარტავს, რომ მასზე მიკუთვნებულმა სამზარეულოსა და სანკვანძის წილმა დაკარგა თავისი დანიშნულება და აღარ აქვთ ის ფუნქციური დატვირთვა, რაც მათ გააჩნდათ. სასამართლო გადაწყვეტილებით გაუქმდა სამზარეულო და გადაკეთდა გასასვლელად, გაუქმდა ასევე სანკვანძში აბაზანა და საშხაპე და ამით გაუარესდა მისი ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები. მან მოწინააღმდეგე მხარეს შესთავაზა ალტერნატიული ვარიანტი, მაგრამ მოსარჩელემ აღნიშნული არ გაითვალისწინა, დაარღვია სკ-ს 115-ე მუხლი და შელახა ხ-ის, როგორც მესაკუთრის, ინტერესები. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, კასატორმა განმარტა, რომ ექსპერტიზა არ არის ჩატარებული სრულად და ობიექტურად, არ ითვალისწინებს სანიტარულ და ჰიგიენურ ნორმატივებს. სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა სკ-ს 963-ე მუხლი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მოითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას 5000 ლარის ოდენობით, მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას 9000 ლარის ოდენობით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისში, ... მდებარე მ. ჯ-ის სახელზე ირიცხება 26 კვ.მ საცხოვრებელი ოთახი, ხ-ის სახელზე – 15 კვ.მ საცხოვრებელი ოთახი და საკუჭნაო, ხოლო აბაზანა, ჰოლი, ღია აივანი და სამზარეულო მხარეებს საერთო აქვთ. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტის დროს არასწორად გამოიყენა სკ-ს 963-ე მუხლი, რადგან მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება არა საზიარო უფლების გაუქმებას, არამედ მრავალბინიან სახლებში ბინის საკუთრებასა და არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებას. პალატა თვლის, მოცემულ ვითარებაში, როდესაც საცხოვრებელი ფართი, მხარეებს საკუთრებაში აქვთ, სახეზე გვაქვს მრავალბინიანი სახლის სამართლებრივი რეჟიმი. სკ-ს 208-ე მუხლის თანახმად მრავალბინიან სახლებში არსებობს საკუთრების უფლება ბინაზე (ბინის საკუთრება) და შენობის იმ ნაწილზე, რომელიც არ გამოიყენება ბინად (არასაცხოვრებელი ფართის საკუთრება). ბინის საკუთრება და არასაცხოვრებელი ფართის საკუთრება მიიჩნევა ინდივიდუალურ საკუთრებად. აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ინდივიდუალური საკუთრება შეიძლება არსებობდეს იზოლირებულ ბინებზე ან შენობის სხვა იზოლირებულ ნაწილებზე, ხოლო შენობის ის ნაწილი, რომელიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. სკ-ს 211-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ბინის მესაკუთრეთა საერთო სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობანი არ შეიძლება იყოს ინდივიდუალური საკუთრების საგანი მაშინაც კი, როცა ისინი ინდივიდუალურ საკუთრებაში მოქცეულ ფართზეა განლაგებული. სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს მრავალბინიან სახლებში ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო საკუთრებაში არსებული ფართის ნატურით გაყოფას, რის გამოც პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ს 963-ე მუხლი და არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა – სკ-ს 208-ე მუხლი, რაც სსკ-ს 393-ე მუხლი თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე და პალატა უფლებამოსილია, მიიღოს ახალი გადაწყვეტილება. რადგან მოსარჩელე ჯ-ი ითხოვს მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრეთა საერთო სარგებლობაში არსებული ფართის გაყოფას, რასაც სკ არ ითვალისწინებს, ამიტომ მის სარჩელს უარი უნდა ეთქვას. პალატა ვერ გაიზიარებს კ. ე. ხ-ის მოსაზრებას, რომ მ. ჯ-ს დაეკისროს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რადგან ასეთი მოთხოვნით მას შეგებებული სარჩელი არ წაუყენებია ქვედა ინსტანციების სასამართლოებში, ხოლო სსკ-ს 406-ე მუხლის თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ე. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინების გაუქმების ნაწილში, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საკასაციო საჩივარს ეთქვას უარი.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

მ. ჯ-ის სარჩელი თბილისში, ... მდებარე ბინის საერთო საკუთრების დამხმარე სათავსების გაყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.