ბს-156-122-კ-05 19 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ჯ. გახოკიძე (მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ფართის გამოთავისუფლება, მერიის დადგენილების ბათილად ცნობა, ბინის ორდერის გაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 30 ივნისს ქ. ბათუმის მერიამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში რ. ი-ის, შ. ა-ისა და ნ. გ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა გამოსახლება ქ. ბათუმში, ..... მდებარე სახლის პირველ სართულზე განთავსებული 14,33 კვ.მ ¹18 ოთახიდან.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა ი. კ-ა, რომელსაც წლების მანძილზე უვლიდა და მეურვეობდა მომიჯნავედ მცხოვრები ხ. ჯ-ი. ი. კ-ას გარდაცვალების შემდეგ კი, გამოთავისუფლებულ ფართში ცხოვრება განაგრძო ხ. ჯ-მა. მითითებული ფართის დაკანონების შესახებ, ხ. ჯ-ის მოთხოვნის შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიამ 2002წ. 12 დეკემბერს მიიღო ¹141 დადგენილება, რომლითაც ხ. ჯ-ს დაუკანონდა ქ. ბათუმში, ..... მდებარე, გამოთავისუფლებული 14,33 კვ.მ-ის ¹18 ოთახი, რის შესაბამისადაც გაიცა ორდერი.
მოსარჩელის მითითებით, ხ. ჯ-ისათვის გადაცემული ფართი უკანონოდ დაიკავეს მოპასუხეებმა: რ. ი-ემ, ე. გ-ემ და შ. ა-ემ და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, უარს აცხადებენ ფართის განთავისუფლებაზე.
ქ. ბათუმის მერიის სარჩელი არ ცნეს მოპასუხეებმა და შეგებებული სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქ. ბათუმის მერიისა და ხ. ჯ-ის მიმართ და მოითხოვეს ბათუმის მერიის 2002წ. 12 დეკემბრის ¹141 დადგენილების და ხ. ჯ-ის სახელზე გაცემული ორდერის ბათილად ცნობა, მერიის დავალდებულება ქ. ბათუმში, ..... მდებარე ¹17,18 ოთახებზე რ. ი-ის, ნ. გ-ისა და შ. ა-ის სახელზე ორდერის გაცემის თაობაზე.
შეგებებული სარჩელის ავტორთა მითითებით, ისინი ცხოვრობენ ბათუმში, ....... ქ. ¹6-ში მდებარე სადავო ოთახში, სადაც 30წ. მანძილზე ცხოვრობდა მათი ბაბუა _ მ. ი-ე. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, შეგებებული სარჩელის ავტორთა განმარტებით, მათ ბინა დროებით დაუთმეს მ. ი-ის მეუღლეს _ კ. კ-ას, თვითონ კი საცხოვრებლად გადავიდნენ ნაქირავებ ბინაში. 2001წ. 6 დეკემბერს კ. კ-ას გარდაცვალების შემდეგ, რ. ი-ე, შ. ა-ე და ნ. გ-ე საცხოვრებლად კვლავ სადავო ბინაში გადავიდნენ.
შეგებებული სარჩელის ავტორთა მითითებით, ისინი მიმართავდნენ ბათუმის მერიას მათ სახელზე ორდერის გაცემის მოთხოვნით, მაგრამ აღნიშნულზე ეთქვათ უარი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 23 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩართული ხათუნა ჯ-ი, ხოლო ამავე სასამართლოს 2003წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ. გ-ე, რ. ი-ე და შ. ა-ე ოჯახთან ერთად გამოსახლებულ იქნენ ბათუმში, ...... მდებარე 14,33 კვ.მ-ის ¹18 ოთახიდან და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაჰბარდა ბათუმის მერიას, ხოლო ნ. გ-ის, რ. ი-ისა და შ. ა-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც მათ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
საქმე არაერთგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ. საბოლოოდ, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 ნოემბრის განჩინებით რ. ი-ის, შ. ა-ისა და ე. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის მითითებით, უდავოდ დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ..... მდებარე ¹18 ოთახი ირიცხება ბათუმის მერიის საკუთრებაში და მისი დამქირავებელი იყო ე. ბ-ა. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ კი, ბინა დაიკავეს რ. ი-ის მამამ _ მ. ი-ემ და კ. კ-ამ, თუმცა მათ სადავო ბინაში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნდათ. 2000 და 2001 წლებში მ. ი-ისა და ი. კ-ას გარდაცვალების შემდეგ ბინა დაიკავეს მოპასუხეებმა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნულის შესაბამისად მიიჩნია, რომ მ. ი-ესა და ი. კ-ას სადავო ოთახის ფლობის უფლება არ ჰქონდათ, რის გამოც ისინი ვალდებული იყვნენ, ოთახი დაებრუნებინათ ბინის მესაკუთრისათვის _ ბათუმის მერიისთვის. ხოლო მ. ი-ისა და ი. კ-ას გარდაცვალების შემდეგ, სკ-ის 163-ე მუხლის თანახმად, სხვა პირებს უფლება არ ჰქონდათ სადავო ოთახის დაკავებისა, რის გამოც, პალატის მითითებით, ამავე კოდექსის 164-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეები ითვლებიან სადავო ოთახის არაკეთილსინდისიერ მფლობელებად. ამდენად, პალატის აზრით, ბათუმის მერიას, სკ-ის 170-ე მუხლის მიხედვით, უფლება ჰქონდა, ნებისმიერ დროს მოეთხოვა სადავო ოთახის გამოთავისუფლება, ხოლო 168-ე მუხლის თანახმად, სადავო ბინაზე მოპასუხეთა მფლობელობა წყდება ბათუმის მერიის მიერ პრეტენზიის წაყენების მომენტიდან. რაც შეეხება ბათუმის მერიის მიერ სადავო ოთახის ხ. ჯ-ისათვის გადაცემის ფაქტს, ვინაიდან ბათუმის მერიამ კანონშესაბამისად მიიჩნია ხ. ჯ-ის მოთხოვნა ბინის გამოყოფის შესახებ და იგი დაკმაყოფილდა, პალატამ ხ. ჯ-ის მოთხოვნა მიიჩნია საფუძვლიანად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. ი-ემ, შ. ა-ემ და ე. გ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.
კასატორების აზრით, ბათუმის მერიის ¹141 დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სადავო ფართზე ორდერი გაიცა ხ. ჯ-ის სახელზე იმ მოტივით, რომ ეს უკანასკნელი უვლიდა და პატრონობდა კ. კ-ას. აღნიშნული საფუძველი, კასატორების აზრით, არ წარმოშობს მერიის ვალდებულებას გასცეს ორდერი. გარდა ამისა, კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმის არსი და კანონიერება, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაუქმებულ უნდა იქნეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ი-ის, შ. ა-ისა და ე. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება ნ. გ-ის, შ. ა-ისა და რ. ი-ის ბათუმში, ...... მდებარე _ ¹18 ოთახიდან გამოსახლების შესახებ ბათუმის მერიის სარჩელის დაკმაყოფილებისა და ბათუმის მერიის 2002წ. 12 დეკემბრის ¹141 დადგენილებისა და ხ. ჯ-ის სახელზე გაცემული ორდერის ბათილად ცნობის, ასევე ნ. გ-ის, შ. ა-ისა და რ. ი-ის სახელზე სადავო ბინის ორდერის გაცემის შესახებ კასატორების შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგან კასატორს დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, კერძოდ, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ცნო, რომ ქ. ბათუმის მერიის სახელზე რიცხული, ქ. ბათუმში, ..... მდებარე ¹18 ოთახის დამქირავებელი იყო ე. ბ-ა, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, სადავო ბინა კანონიერი საფუძვლის გარეშე, დაიკავეს რ. ი-ის მამამ _ მ. ი-ემ და კ. კ-ამ, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ფართის მესაკუთრეს, ბათუმის მერიას, პრეტენზია არ წაუყენებია მ. ი-ისა და კ. კ-ას მიმართ, ისინი ითვლებოდნენ სადავო ოთახის კეთილსინდისიერ მფლობელებად, თუმცა მ. ი-ე და კ. კ-ა ¹18 ოთახის მესაკუთრეები არ ყოფილან და ვალდებული იყვნენ, მოთხოვნისთანავე დაებრუნებინათ ოთახი მისი კანონიერი მესაკუთრისათვის _ ბათუმის მერიისათვის, თანახმად სკ-ის 163-ე მუხლისა.
მ. ი-ისა და კ. კ-ას გარდაცვალების შემდეგ, ფართი დაიკავეს კასატორებმა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას კასატორების არაკეთილსინდისიერ მფლობელებად მიჩნევის შესახებ, თანახმად სკ-ის 159-ე მუხლისა, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ე. გ-ის, შ. ა-ისა და რ. ი-ის მიერ სადავო ფართის მართლზომიერ მფლობელობას. შესაბამისად, ისინი სკ-ის 164-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებული არიან, დაუბრუნონ უფლებამოსილ პირს _ ბათუმის მერიას, ნივთი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სადავო ფართზე კასატორების მფლობელობა შეწყვეტილად სკ-ის 168-ე მუხლის შესაბამისად.
რაც შეეხება ე. გ-ის, შ. ა-ისა და რ. ი-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას ქ. ბათუმის მერიის 2002წ. 12 დეკემბრის ¹141 დადენილების ბათილად ცნობის შესახებ, საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მართებულად ეთქვათ უარი, კერძოდ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბათუმის მერიამ სადავო დადგენილებით, ხ. ჯ-ისათვის სადავო ¹18 ოთახის დაკანონების შესახებ, მერიამ გამოხატა ნება, რომლითაც განკარგა მისი კუთვნილი ქონება და იგი გადასცა ხ. ჯ-ს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო დადგენილების მიღებით კასატორებს არ მისდგომიათ ზიანი, რადგან ისინი არამართლზომიერად ფლობდნენ სადავო ბინას და როგორც აღინიშნა, მათ ფართის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. ამდენად, ბათუმის მერია, როგორც სადავო ბინის მესაკუთრე, წარმოადგენდა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა სადავო ფართი, თანახმად სამოქალქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა. აღნიშნულით არ შელახულა კასატორების ინტერესები, რადგან ამ უკანასკნელებს ფართზე კანონიერი უფლება არ გააჩნდათ.
შესაბამისად, საკასაციო პალატის აზრით, კასატორებს ასევე მართებულად ეთქვათ უარი ხ. ჯ-ის სახელზე გაცემული ორდერის ბათილად ცნობაზე და იგი უნდა დარჩეს ძალაში, როგორც ხ. ჯ-ისათვის საკუთრებაში სადავო ოთახის გადაცემის შესახებ ბათუმის მერიის ¹141 დადგენილების თანამდევი შედეგი.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ე. გ-ის, შ. ა-ისა და რ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 ნოემბრის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 38-ე მუხლის “ზ” პუნქტით, 39-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ი-ის, შ. ა-ისა და ე. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 ნოემბრის განჩინება;
3. კასატორებს საკასაციო საჩივარზე დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.