Facebook Twitter

¹3კ-1447-02 21 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998წ. 21 იანვრის და 26 იანვრის გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სარჩელი თბილისში, ..... მდებარე ........ ¹14 ბაგა-ბაღიდან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების: თ. კ-ის, თ. კაჭარავას, ბ. მ-ას, მ. ვ-ას, ფ. კ-ას და სხვათა გამოსახლების თაობაზე, რაზედაც გაიცა სააღსრულებო ფურცლები. 2001წ. 6 აპრილს იმავე სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცლების დუბლიკატები, რაც სააღსრულებო ბიურომ წარმოებაში მიიღო 2001წ. 22 მაისს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს ზემოხსენებული სააღსრულებო ფურცლების გაუქმების მოთხოვნით იმ მოტივით, რომ დავის განხილვის პერიოდისათვის მოქმედი სსკ-ს 359-ე მუხლი ითვალისწინებდა სააღსრულებო ფურცლის წარდგენის სამწლიან ვადას. მოცემულ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლები წარდგენილია ვადის დარღვევით. 2001წ. ოქტომბერში სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს “ს-ამ” და მოითხოვა საქმეში მესამე პირად ჩაბმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, რაზედაც უარი ეთქვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 იანვრის განჩინებით. იმავე დღეს სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების და სადავო სააღსრულებო ფურცლების გაუქმების თაობაზე. იმავე სასამართლოს 2002წ. 10 აპრილის განჩინებით გაუქმდა 2002წ. 11 იანვრის განჩინება და შპს “ს-ა” საქმეში ჩაბმული იქნა მესამე პირად.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს-ამ”. თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრებულ იქნა შპს “ს-ს” მიერ. საოლქო სასამართლოს 2002წ. 12 ივლისის განჩინებით საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. იმავე სასამართლოს 2002წ. 25 ოქტომბრის განჩინებით კი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ აპელანტს კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა შეტყობინება საქმის განხილვის თაობაზე და მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ მტკიცდება.

სააპელაციო პალატამ სსკ-ს 71-ე, 73-ე, 70-78-ე და 240-ე მუხლებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს და იგი ძალაში უნდა დარჩეს.

შპს “ს-ა” საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას შემდეგი მოტივებით:

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა შპს “ს-ას” წარმომადგენლის შ. კ-ის მიერ. საოლქო სასამართლომ შპს “ს-ას” დეპეშით აცნობა სასამართლო სხდომის ჩატარების დღე – 2002წ. 25 ივნისი და შპს “ს-ას” გაეგზავნა დეპეშა მისამართზე: თბილისი, ..... ¹15. 2002წ. 6 ივნისიდან შპს “ს-ის” წარმომადგენელი შ. კ-ე შპს “ს-ის” ფილიალი “თ-ს”, იურისკონსულტად დაინიშნა, რომელიც მდებარეობს მისამართზე: თბილისი, ...... ¹2. შეტყობინება შ. კ-ეს არ გადასცემია, რის გამოც მისთვის უცნობი იყო სხდომის ჩატარების დღე. სააპელაციო სასამართლოს ამ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 241-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 70-ე მუხლის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის დრო და ადგილი. ამასთან, ამვე კოდექსის 72-ე მუხლი ადგენს სასამართლო უწყების შინაარსს. კერძოდ, პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით უწყება უნდა შეიცავდეს გამოცხადების დროისა და ადგილის მითითებას. ადგილში იგულისხმება სასამართლოს სხდომის დარბაზი, სადაც მხარეები უნდა გამოცხადდნენ.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილ დეპეშაში არ არის მითითება სხდომის ადგილის შესახებ. აგრეთვე, დეპეშა გაეგზავნა მხოლოდ შპს-ს, ხოლო წარმომადგენელ შ. კ-ეს, რომელიც ხელს აწერს სააპელაციო საჩივარს, დეპეშა არ გაეგზავნა. ამდენად, საოლქო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ს 70-ე და 72-ე მუხლების მოთხოვნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ს-ას” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.