Facebook Twitter

¹3კ-1448-02 6 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: საავტორო ჰონორარის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1995 წელს ო. ლ-ამ გამომცებლობა “გ-ასთან” დადო საგამომცემლო ხელშეკრულება რუსული ენის მე-9 კლასის სახელმძღვანელოს 44-ე გამოცემაზე.

1997წ. 8 აგვისტოს იმავე სახელმძღვანელოზე მხარეებს შორის გაფორმდა მეორე საგამომცემლო ხელშეკრულება.

2000წ. 1 ივლისს გარდაიცვალა ო. ლ-ა.

2002წ. 4 დეკემბერს ზემოაღნიშნული სახელმძღვანელოსათვის “საქპატენტის” მიერ ო. ლ-აზე გაცემულია ¹143 სერთიფიკატი.

ო. ლ-ამ 1995წ. 30 ნოემბერს შედგენილი ანდერძით მთელი მისი ქონება უანდერძა შვილიშვილს ნ. ლ-ას.

2002წ. ივლისში ნ. ლ-ამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში გამომცემლობა “გ-ის” მიმართ, საავტორო ჰონორარის 264444 ლარის ანაზღაურების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ 1995-2000 წლებში უნდა დაბეჭდილიყო სახელმძღვანელოს სულ ცოტა 307 494 ეგზემპლარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ნ. ლ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას იმ საფუძვლით, რომ ნ. ლ-ამ სარჩელის აღძვრის შედეგად ფაქტობრივად მიიღო სამკვიდრო.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ საქმეზე დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

1962 წელს გ. ა-ის, ო. ლ-ას, ვ. ნ-ის და გ. ფ-ას თანაავტორობით გამოიცა რუსული ენის სახელმძღვანელო ქართული სკოლის მე-8 კლასისათვის, რომელიც შედგებოდა 15 თაბახისაგან.

დადგენილია, რომ 1995წ. 11 სექტემბერს და 1997წ. 8 აგვისტოს ო. ლ-ამ გამომცებლობა “გ-ასთან” დადო ხელშეკრულებები სახელმძღვანელოს ხელახლა გამოცემის თაობაზე.

ო. ლ-ამ 1995წ. 30 ნოემბერს გაფორმებული ანდერძით მთელი თავისი ქონება, მათ შორის _ ქ. თბილისში, ..... მდებარე ბინა, დაუტოვა შვილიშვილს ნ. ლ-ას.

ო. ლ-ა გარდაიცვალა 2000წ. 1 ივლისს. მისი პირველი რიგის მემკვიდრეა შვილი მ. ლ-ა, რომელიც მოცემულ საქმეში მონაწილეობს, როგორც ქალიშვილი ნ. ლ-ას წარმომადგენელი.

სკ-ს 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით სანოტარო კანტორაში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს 6 თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ კასატორმა განცხადებით მიმართა სანოტარო კანტორას ანდერძის საფუძველზე სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოში აღძრული სარჩელით ჰონორარის მოთხოვნა წარმოადგენს სამკვიდროს მიღებას.

სსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად სასამართლომ სწორი შეფასება მისცა მტკიცებულებებს და გამოიტანა კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.