Facebook Twitter

¹3კ-1449-02 18 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: საცხოვრებელ ფართზე უფლებადაკარგულად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. და გ. გ-ებმა სარჩელით მიმართეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ს. გ-ას მიმართ და აღნიშნეს, რომ მოპასუხე არის ზ. გ-ის რძალი, რომელიც 1989 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ. გ-ის შვილ ა. გ-თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. ა. გ-ი 1998 წელს გარდაიცვალა და ს. გ-ა მის არასრულწლოვან შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მისი მშობლების ბინაში. შემდეგ სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მისი გარდაცვლილი მეუღლის, სოფ. ...... მდებარე ბინაში შესახლება. სააპელაციო პალატის 2000წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. გ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და იგი ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად შესახლებულ იქნა სადავო სახლში. მიუხედავად ამისა, იგი სადავო სახლში არ ცხოვრობს.

ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვენ მათ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე ს. გ-ას უფლებადაკარგულად ცნობას.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. და გ. გ-ების სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. და მათ სააპელაციო წესით გაასაჩივრდეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 155-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ამავე კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით კი კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ანუ მფლობელობა ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას და პყრობას ნიშნავს. მოცემულ შემთხვევაში კი ს. გ-ა წარმოადგენს კეთილსინდისიერ მფლობელს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ს. გ-ა სისტემატურად არ ფლობდა და არ სარგებლობდა სადავო საცხოვრებელი ფართით ზ. გ-ის ბრალით. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ზ. გ-ის მოთხოვნა _ სადავო სადგომიდან მხოლოდ ს. გ-ას გამოსახლების შესახებ და მიუთითა, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება სკ-ს მე-20 მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს.

ზ. გ-ის წარმომადგენელმა გ. მ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს საბინაო კოდექის ნორმებით, კერძოდ: 69-ე, 100-ე, 147-ე მუხლებით. აღნიშნული კანონმდებლობის თანახმად კი დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრს დროებით სხვაგან ყოფნის შემთხვევაში ენახება საცხოვრებელი სადგომი მხოლოდ ექვსი თვის მანძილზე. ს. გ-ა კი 6 თვის მანძილზე სადავო საცხოვრებელ სახლს არ გაჰკარებია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ს. გ-ა არის კასატორ ზ. გ-ის რძალი. იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ. გ-ის შვილ ა. გ-თან 1989 წლიდან, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი. ა. გ-ი გარდაიცვალა 1998 წელს. ს. გ-ა შვილებთან ერთად ცხოვრობდა ზ. გ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში გარდაბნის რაიონი სოფ. .......-ში, როგორც მეუღლის გარდაცვალებამდე, ისე მის შემდეგ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს. გ-ას სარჩელი და იგი ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად შესახლდა გარდაბნის რაიონი სოფ. ...... მდებარე, ზ. გ-ის კუთვნილ სახლში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიუხედავად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა, ზ. გ-ი ხელს უშლიდა ს. გ-ას და არ აძლევდა მას სადავო სადგომში სისტემატური ცხოვრების საშუალებას, არ უშვებდა ეზოში, ხელს უშლიდა სარეცხის გაფენასა და საერთო საპირფარეშოთი სარგებლობაში, საკეტი გამოუცვალა საცხოვრებელ სადგომს და თავისი საკეტით ჩაკეტა იგი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. გ-ა სისტემატურად არ ფლობდა და არ სარგებლობდა სადავო საცხოვრებელი ფართით ზ. გ-ის ბრალით.

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ წამოყენებული არ არის.

სკ-ს 159-ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ამავე კოდექსის 162-ე მუხლის I ნაწილის თანახმად კი დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მფლობელობის შეწყვეტის იურიდიულ შესაძლებლობას, თუნდაც მფლობელი მართლზომიერი და კეთილსინდისიერი იყოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას (სკ-ს 168-ე მუხლი). კასატორ ზ. გ-ის მიერ ისეთი დასაბუთებული პრეტენზია, რომელიც შეიძლება მართლზომიერი მფლობელობის შეწყვეტის საფუძველი გახდეს, საქმის მასალების მიხედვით წარდგენილი არ ყოფილა.

მოსარჩელეთა განმარტებით, მათ არ სურთ არასრულწლოვანი შვილიშვილების გამოსახლება, მოითხოვენ მხოლოდ მათი დედის ს. გ-ას ფართზე უფლებადაკარგულად ცნობას და გამოსახლებას.

სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა აღნიშნულ შემთხვევაში სკ-ს მე-20 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლითაც არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზრება სადავო ფართობიდან მხოლოდ ს. გ-ას გამოსახლების შესახებ.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებული უნდა იქნეს საბინაო კოდექსის ნორმები, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს. გ-ა ქმრის გარდაცვალების შემდეგ გარკვეული პერიოდი არ ცხოვრობდა ზ. გ-ის სახლში და მისი შესახლება სადავო სადგომში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა 2001წ. 2 ოქტომბერს სამოქალაქო კოდექსის მოქმედების პროცესში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისიო გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. გ-ის წარმომადგენელ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.