Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1450-02 4 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. დ-ემ, ი. ქ-ემ, გ. რ-მა, დ. ს-მა, ა. დ-ემ და გ. ს-ემ სარჩელი აღძრეს შპს “მ-ის” წინააღმდეგ და მოითხოვეს ზიანის, 39100 ლარის, ანაზღაურება (თითოეულისათვის 6516 ლარი). სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი გარემოებანი: 1999წ. 12 და 14 თებერვალს, ამავე წლის 12 ივლისს მოპასუხემ მოსარჩელეებთან გააფორმა ხელშეკრულებები, რომლითაც მოსარჩელეები კისრულობდნენ ვალდებულებას, საკუთარი სახსრებით შპს “მ-ის” ბალანსზე რიცხულ საამქროებში და სასადილოში ჩაეტარებინათ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, ეწარმოებინათ სოკოს პროდუქცია და მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი გაენაწილებინათ მოსარჩელეებსა და შპს “მ-ეს” შორის. მოსარჩელეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულეს თავიანთი ხარჯებით და გახარჯეს სარემონტო სამუშაოების შესრულებისას შპს-ს საამშენებლო მასალები, მოიყვანეს სოკოს მოსავალი და მისი რეალიზაციით მიიღეს შემოსავალი 8000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების საფუძველზე მოგების ნაწილი გადასცეს შპს “მ-ის” დირექტორ მ. ფ-ეს. მიუხედავად ამისა, მ. ფ-ემ შეწყვიტა მოსარჩელეებთან ხელშეკრულება, ისინი აღარ დაუშვეს საწარმოს ტერიტორიაზე, რითაც მიადგათ მატერიალური ზიანი, ამიტომ მოითხოვეს როგორც ფაქტობრივად დახარჯული თანხის, ისე _ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება – თვეში ძირითადი თანხის 5%-ის ოდენობით.

მოპასუხემ სარჩელი ცნო 10640 ლარის ნაწილში, ხოლო შეგებებული სარჩელით მოითხოვა 35.078 ლარის ანაზღაურება და ხელშეკრულების ბათილად ცნობა. შეგებებული სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებაზე: მოსარჩელეებმა მართლაც ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები, მაგრამ მათ გახარჯული აქვთ მხოლოდ 10640 ლარი; სარემონტო სამუშაოებისათვის გახარჯეს შპს-ს საამშენებლო მასალები, რომლის ღირებულებაა 23.143 ლარი; გაძარცვულია საამქრო და სოკოს მოსავალი გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო, მოპასუხეებს მეწარმის გულისხმიერებით რომ ეწარმოებინათ სამუშაოები.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 6516 ლარი. მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი 1999წ. 12, 14 თებერვლისა და 12 ივლისის ხელშეკრულებები. შეგებებულ სარჩელს თანხის დაკისრების ნაწილში უარი ეთქვა. სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი: მოსარჩელეებმა მოპასუხის საამქროებსა და სასადილოში 39100 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს. აღნიშნულით შპს-ს ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოპასუხემ მოსარჩელეებთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა. სკ-ს 976-ე მუხლის თანახმად პირმა, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოთხოვოს მიმღებს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლების გამო არ არსებობს, ან შეწყდა შემდგომში.

სასამართლომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ბათილად მიიჩნია, რადგან ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლის განაწილება. სასამართლომ მიუთითა სკ-ს 183-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ უძრავი ქონების შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საჩივარი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შეგებებული სარჩელის მოთხოვნა თანხის მოთხოვნის ნაწილში, რადგან სამშენებლო მასალები, რომლის ღირებულება, მისი აზრით, 23.143 ლარია გაიხარჯა მისივე ქონების რემონტზე, ხოლო 14807 ლარის მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნია სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება თანხის, 39100 ლარის, დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა შპს “მ-ემ”.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

1999წ. 10 ივლისს მხარეთა მიერ დამტკიცებული მიღება-ჩაბარების აქტითა და ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეებმა შპს “მ-ის” ბალანსზე არსებულ შენობაში ჩაატარა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები: სასადილოში ტუალეტსა და საკომპოსტე საამქროში ჩატარებული სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 10049 ლარი, სოკოს საამქროში შესრულებულმა სამუშაოებმა 52194 ლარი, მათ შორის შპს “მ-ის” კუთვნილი მასალების ღირებულება შეადგენს – 23143 ლარს. საბოლოოდ, ექსპერტიზის დასკვნით, მოსარჩელეთა დანახარჯმა შეადგინა 39100 ლარი (საერთო ხარჯებს გამოაკლდა მოპასუხის ქონების, საამშენებლო მასალების ღირებულება: 62243 ლ. – 23143 ლ. = 39100 ლ.).

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებები ბათილად იქნა მიჩნეული, მათ შორის არსებული სამართლებრივი დავა უნდა გადაწყდეს უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ ნორმებით – სკ-ს 976-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 979-ე მუხლით. კერძოდ, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს მიმღებს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის გამო არ არსებობს. უკან დაბრუნების მოთხოვნა კი ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ხოლო თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო, მაშინ უნდა ანაზღაურდეს მისი საერთო ღირებულება. მოცემულ შემთხვევაში გაწეული სამუშაოები და მისი ღირებულება შერწყმულია შპს “მ-ის” ქონებასთან, გარიგება კი შეწყვეტილია. ვინაიდან შპს-ს მიერ მიღებული სარგებლის ნატურით დაბრუნება შეუძლებელია, მოსარჩელეებს უნდა დაუბრუნდეთ გაწეული სამუშაოების ღირებულება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს-ს მოთხოვნა 35078 ლარის გადახდევინების თაობაზე უსაფუძვლოა. შპს “მ-ემ” სსკ-ს 102-ე მუხლის შესაბამისად სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაასაბუთა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა.

აღნიშნული განჩინება შპს “მ-ემ” გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება სკ-ს 545-ე მუხლის გამოყენების თაობაზე. მხარეებს შორის არ ყოფილა ქირავნობის ხელშეკრულება, რის გამოც სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სასამართლოს ასევე არ უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 976-ე, 979-ე მუხლები, ვინაიდან სასამართლომ ბათილად ცნო მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებები. სკ-ს 316-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეებს უფლება არ აქვთ, შპს-ს რაიმე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება მოთხოვონ. ამდენად, სასამართლომ თანხის დაკისრების ნაწილში გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კასატორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება ფაქტობრივად არ არის დასაბუთებული, რადგან სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.

კასატორის მოსაზრებით საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა შესრულებული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება და არა ფაქტობრივი დანახარჯის ოდენობა. ამდენად, არასწორად იქნა დადგენილი მოსარჩელეთა მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეებმა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაობი ჩაატარეს მოპასუხის ქონებაზე, ბათილია.

დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა მოპასუხის თანხმობით შპს-ს უძრავ ქონებას ჩაუტარეს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ ნორმები. სკ-ს 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეებმა ხარჯი გასწიეს და ამით მოპასუხის ქონება გაიზარდა (გაუმჯობესდა), სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა მიჩნეული. ე.ი. სახეზეა უსაფუძვლო გამდიდრება. უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად წარმოშობილი ვალდებულების უპირველესი ფუნქციაა კრედიტორის ადრინდელი ქონებივ მდგომარეობაში აღდგენის სამართლებრივი უზრუნველყოფა. სკ-ს 979-ე მუხლი ადგენს უსაფუძვლოდ გადაცემული ქონების უკან დაბრუნების ფარგლებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. მოცემულ შემთხვევაშიც სწორედ ამ გარემოებასთან გვაქვს საქმე, რადგან კრედიტორმა ჩაატარა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ე.ი. მოძრავი ნივთი შეერწყა მოპასუხის უძრავ ქონებას, რის გამოც მოვალემ უნდა აანაზღაუროს მისი ღირებულება.

პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის თაობაზე. მოპასუხე ნაწილობრივ ცნობდა სარჩელს და მიაჩნდა, რომ მან მოსარჩელეებს უნდა გადაუხადოს 10640 ლარი და არა 39100 ლარი, როგორც ეს საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით იქნა დადგენილი.

სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა სსკ-ს 102-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოპასუხემ (აპელანტმა) სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაასაბუთა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა აღნიშნული საპროცესო ნორმა, რომლითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. დადგენილია, რომ საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ორჯერ იქნა დანიშნული ექსპერტიზა. სსკ-ს 169-ე მუხლის პირველი ნაწილით ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო მასალებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მხარეთა მიერ წარდგენილი მასალებით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ კრედიტორის მიერ ჩატარებული სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 52194 ლარს, რასაც გამოაკლდა შპს-ს კუთვნილი საამშენებლო მასალის ღირებულება – 23143 ლარი. მოვალის გადასახდელი თანხამ შეადგინა 39100 ლარი. ამდენად, კასატორს საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 545-ე მუხლი, რომელიც ადგენს გამქირავებლის ვალდებულებას, დამქირავებელს აუნაზღაუროს ნივთზე გაწეული აუცილებელი ხარჯი, პალატა იზიარებს და მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად არასწორად გამოიყენა აღნიშნული ნორმა. სააპელაციო პალატამ, მართალია, არ მიუთითა ამ ნორმის არასწორად გამოყენების თაობაზე, მაგრამ განჩინების სამართლებრივი დასაბუთებისას სწორად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უსაფუძვლო გამდიდრების შესაბამისი ნორმების გამოყენება. ვინაიდან საკასაციო სასამართლო ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას (გადაწყვეტილებას) სსკ-ს 404-ე და 407-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის განხილვისა და გადაწყვეტისას არ დაურღვევია კანონი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “მ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.