საქმე # 330100122006051312
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №836აპ-23 ქ. თბილისი
ტ-ი ე 836აპ-23 5 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ე. ტ-ს, - დაბადებულს .. წლის .. იანვარს, - ბრალად ედება ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის განაჩენით ე. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა რეალური მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განაჩენით ე. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და შეეფარდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი განესაზღვრა რეალური მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
· 2022 წლის 23 ივნისს, შუადღის საათებში, ქ. თ-ში, მეტროსადგურ ,,ვ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, წარსულში ძარცვისთვის ორჯერ ნასამართლევმა ე. ტ-მა თავის არეში ძლიერად დაარტყა და ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი გასტაცა ბ. მ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა 1200 ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მარტის განაჩენით:
2.1. ე. ტ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. ე. ტ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
2.3. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე მახათაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენის გაუქმება, ე. ტ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ე. ტ-ს ბრალეულობა; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან პირდაპირი მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ბ. მ-ის ჩვენება და ამოცნობის ოქმი, რაც უდავოდ იქნა მიჩნეული მხარეთა მიერ და რომლის პირველწყარო არის თავად დაზარალებული. სასამართლო სხდომაზე დაკითხული არცერთი სხვა მოწმე, ასევე წერილობითი მტკიცებულება არ მიუთითებს დანაშაულებრივ ქმედებაში უშუალოდ ე. ტ-ს მონაწილეობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ბ. მ-ის ჩვენება ვერ აკმაყოფილებს წარდგენილ ბრალდებაში ე. ტ-ის დამნაშავედ ცნობისთვის კანონმდებლის მიერ დადგენილ უტყუარობის მაღალ კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რაც გულისხმობს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას რამდენიმე პირდაპირი, სარწმუნო მტკიცებულების და არა ერთი მტკიცებულების (თუნდაც დაზარალებულის თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენების) საფუძველზე. გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა დაეყრდნოს ერთი პირის ჩვენებას, თუ იგი გამყარებული არ იქნება სხვა პირდაპირი მტკიცებულებით (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები №251აპ-16 და N453აპ-15). გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად აუცილებელია სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა.
8. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერის მიერ გადაღებულ ჩანაწერებსა და პატრულ-ინსპექტორ დ. ა-ს ჩვენებაზე, რომლის წინაშე დაზარალებული ბ. მ-ი გადმოსცემს მის მიმართ ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებულ დეტალებს. იგი განმარტავს, რომ უცნობმა პიროვნებამ, რომელიც ლუდზე დაპატიჟა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და წაართვა მობილური ტელეფონი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მითითებული მტკიცებულებაც გადმოსცემს მხოლოდ დაზარალებულის მონათხრობს ე. ტ-ს ბრალეულობის თაობაზე. მართალია პატრულ-ინსპექტორი დ. ა-ე ადასტურებს და ვიდეოჩანაწერებზეც ნათლად ფიქსირდება დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი არ არის შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების თვითმხილველი პირი და მისთვის უცნობია, თუ ვისი მხრიდან ჩადენილი ქმედებები გახდა დაზარალებულ ბ. მ-ის ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების საფუძველი. შესაბამისად, დ. ა-ის ჩვენება დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გაჟღერების ნაწილში არის ირიბი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
9. სახელმწიფო ბრალმდებელი ე. ტ-ის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ და დამატებით მტკიცებულებებად საკასაციო საჩივარში უთითებს საქმეზე გამოკვლეულ ვიდეოკამერების 2022 წლის 23 ივნისის ჩანაწერებზე.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ჩანაწერები არ შეიცავს ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რაც რაიმე ფორმით უფრო ნათლად წარმოაჩენდა ე. ტ-ის მიერ ჩადენილ ქმედებებს. აღნიშნული ჩანაწერებით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ 2022 წლის 23 ივნისს, 16:42 საათზე, ე. ტ-ი წამოდგომაში დაეხმარა დაზარალებულ ბ. მ-ს, რის შემდეგაც ისინი ერთად გადაადგილდებიან. ამასთან, ვიდეო ჩანაწერებში აღწერილ მოვლენათა ამგვარი განვითარება სრულადაა თანხვდენილი ე. ტ-ს ჩვენების შინაარსთან, რომლის გაუზიარებლობის საფუძველიც არ არსებობს, მათ შორის არაარსებით აცდენასაც კი არ აქვს ადგილი, არ იძლევა განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას და არ ქმნის მცირედი ეჭვის საფუძველსაც კი, ე. ტ-ის მხრიდან შესაძლო ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძარცვის ფაქტთან მიმართებით. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა და ცალსახად მიუთითებდა, რომ ჩანაწერებზე აღბეჭდილი დროის მონაკვეთში ე. ტ-ს ხელში ეჭირა სწორედ დაზარალებულისგან აშკარად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მობილური ტელეფონი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ შესაძლო დანაშაულის საგანი - ბ. მ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც, მისივე განმარტებით, ფიზიკური ძალადობის შემდეგ წაართვა ე. ტ-მა, აღმოჩენილია არა ე. ტ-ნ, არამედ ამოღებულია მოწმე ხ. ო-ნ, რომელიც მისმა არასრულწლოვანმა შვილმა - გ. ვ-მა იპოვა ვ-ში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში არსებულ სკამზე. ამ პირობებში, იმის მტკიცება, რომ მითითებულ ადგილზე, მობილური ტელეფონი შესაძლოა ე. ტ-ს დაეტოვებინა, მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს.
11. უსაფუძვლოა პროკურორ თორნიკე მახათაძის აპელირება სამედიცინო დოკუმენტაციასა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N.. დასკვნაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ მითითებული ექსპერტიზის დასკვნა იძლევა პირდაპირი ხასიათის ინფორმაციას და ცალსახად ადასტურებს დაზარალებულის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების ფაქტს, თუმცა, ობიექტურად არ წარმოადგენს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობის დამდგენ მტკიცებულებას. სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, ზოგადად, შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მაგრამ შეუძლებელია ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა და ის გარემოებები, თუ რა ვითარებაში მიიღო პირმა დაზიანებები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული შინაარსის მტკიცებულებებითაც შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ბ. მ-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა ე. ტ-მა, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გასტაცა კუთვნილი მობილური ტელეფონი.
12. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ე. ტ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენა.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი