Facebook Twitter

¹ 3კ-1454-02 17 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: სამემკვიდრეო მოწმობაში ცვლილებების შეტანა და მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. დეკემბერში ი. ვ.-მ არასრულწლოვანი შვილის ა. ვ.-ის ინტერესების დასაცავად სარჩელი აღძრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ალ. ვ.-ის მიმართ და აღნიშნა, რომ თბილისში ... მდებარე სახლი ირიცხებოდა აწ გარდაცვლილ ა. ვ.-ის სახელზე. 1986წ. ივნისში ა. ვ.-მ სახლის ნაწილი აჩუქა თავის ქალიშვილს – ალ. ვ.-ს. 1986წ. 26 აგვისტოს ა. და ალ. ვ.-ებს შორის გაფორმდა საკუთრებისა და სარგებლობის ხელშეკრულება, რომლითაც ანდრონიკ ვ.-ს გამოეყო ლიტერ “ა” ნაგებობის ¹4.16 მ2 ოთახი, ავტოსადგომი, დამხმარე სათავსები, სარდაფის ნაწილი, ¹4 ოთახი 202 მ-ით დამხმარე სათავსები და სარდაფის დანარჩენი ნაწილი მიაკუთვნა ალინა ვ.-ს.

1986წ. 5 ნოემბერის თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონის აღმასკომის გადაწყვეტილებით ა. ვ.-ს ნება დაერთო, სახლზე მიეშენებინა დამხმარე სათავსები. ფაქტობრივად მიშენდა 35,72 მ2 ოთახი და 30,56 მ2 სარდაფი. 1989წ. ივლისში გადაიცვალა ა. ვ.-ი, მას დარჩა სამი მემკვიდრე: მეუღლე მ. ვ.-ი და შვილები – ალ. ვ.-ი და მ. ვ.-ი. 1999 წელს გარდაიცვალა მ. ვ.-ი, ხოლო 1999 წელს – მ. ვ.-ი. 1996წ. 7 ნოემბერს კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის საფუძველზე ალ. ვ.-მ გაიფორმა ა. ვ.-ის კუთვნილი სახლის ნაწილი და მთელი სახლი აღირიცხა მის სახელზე.

ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ი. ვ.-მა არასრულწლოვანი შვილის ა. ვ.-ის ინტერესების დასაცავად მოითხოვა მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში ცვლილების შეტანა, რადგან სადავო სახლს საკუთარი სახსრებით მისმა მეუღლემ მ. ვ.-მა მიაშენა 35,72 კვ.მ. ოთახი, მოახდინა აივნის რეკონსტრუქცია. ა. ვ.-ის გარდაცვალების შემდეგ მან ფაქტობრივად მიიღო სამკვიდროს კუთვნილი წილი.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სამემკვიდრეო მოწმობაში შევიდა ცვლილება: ა. ვ.-ის დანაშთი ქონების, თბილისში ... მდებარე სახლის, 3/5 ნაწილზე მესაკუთრედ მემკვიდრედ ცნობილ იქნა ა. ვ.-ი, ხოლო 2/5-ზე ალ. ვ.-ი.

აღნიშნული სამოქალაქო საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლო ინსტანციების მიერ და ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ალ. ვ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ.თბილისის ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ა. ვ.-ი (უმცროსი) ცნობილ იქნა მ. ვ.-ის მემკვიდრედ და შესაბამისად, თბილისში ... მდებარე სახლთმფლობელობის 1/6 ნაწილის მესაკუთრედ.

ა. ვ.-ს (უმცროსს) უარი ეთქვა თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობის ¹8 35,72 კვ.მ. ოთახის მესაკუთრედ ცნობაზე.

1996წ. 7 ნოემბერს გაცემულ კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობაში რეესტრი ¹2-657 შეტანილ იქნა ცვლილება; თბილისში, ... მდებარე ა. ვ.-ის (უფროსი) დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ იქნა ცნობილი ალ. ვ.-ი სახლთმფლობელობის 2/6-ზე. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ა.ვ.-ის (უმცროსი) მოთხოვნა თბილისში, მეორე ... მდებარე ¹8 35,72 კვ.მ. ოთახის მესაკუთრედ ცნობის შესახებ, რადგან მ.ვ.-ს გარდაცვალების დროისათვის ¹8 ოთახი არ წარმოადგენდა მის საკუთრებას და შესაბამისად, არ შედიოდა 1994 წელს მის სამკვიდრო მასაში. ასევე დადგენილია, რომ მ. ვ.-ს მისი სიცოცხლის პერიოდში არ მიუმართავს სათანადო ორგანოებისათვის სადავო ¹8 ოთახის – 35,72 კვ.მ. მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

ა. ვ.-მ (უმცროსი) სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, რადგან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სააპელაციო პალატამ არასწორად განსაზღვრა სამკვიდრო მასის მოცულობა და შესაბამისად, არასწორად განსაზღვრა მისი წილი სამკვიდროდან.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თბილისში, ... მდებარე სახლი, რომელიც შედგებოდა ორი საცხოვრებელი ოთახისაგან ¹4 16,20 კვ.მ-ით და ¹5 20,25 კვ.მ-ით ირიცხებოდა აწ გარდაცვლილი ა. ვ.-ის (უფროსი) სახელზე; 1987 წელს სახლის 1/2½ ა. ვ.-მ (უფროსი) აჩუქა ქალიშვილს ალ. ვ.-ს;

1986წ. შემდეგ ა. ვ.-ის (უფროსი) შვილმა მ. ვ.-მ მამასთან შეთანხმებით სახლს მიაშენა სადავო ¹8 ოთახი და მოახდინა შემინული აივნის რეკონსტრუქცია; 1989წ. 11 ივლისს გარდაიცვალა ა. ვ.-ი (უფროსი); 1994 წელს გარდაიცვალა ამ უკანასკნელის შვილი მ. ვ.-ი;

1996 წელს მთელი სამკვიდრო აღირიცხა ალ. ვ.-ის სახელზე;

პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზიაა წამოყენებული; სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, პალატამ არასწორი კვალიფიკაცია მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია;

პალატას გასაზიარებლად მიაჩნია კასატორის მოტივაცია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა სამკვიდრო მასის მოცულობა და შესაბამისად, არასწორად განსაზღვრა მისი წილი სამკვიდროდან;

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად, კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები (მათ შორის შვილობილები), მეუღლე და მშობლები (მშვილებლები) სამკვიდროს დამტოვებლის შვილიშვილები და შვილისშვილის შვილები ითვლებიან კანონისმიერ მემკვიდრეებად, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც სამკვიდროს დამტოვებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, ამიტომ ისინი თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა;

ა. ვ.-ი (უფროსის) გარაცვალებისას, ე.ი. 1989 წელს გაიხსნა სამკვიდრო, მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე ალ. ვ.-ი (ქალიშვილი), მ. ვ.-ი (ვაჟიშვილი) და მ. ვ.-ი (მეუღლე), რომლებმაც ფაქტობრივი ფლობით მიიღეს სამკვიდრო; მათ შორის მ. ვ.-მა მიიღო იმ დროისთვის სამკვიდრო ქონების 1/3, რომლის მემკვიდრეც 1994 წელს გახდა შვილი ა. ვ.-ი (უმცროსი).

პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან, დამხმარე სათავსოების მიშენებაზე აღმასკომის ნებართვა ა. ვ.-ის სახელზე იყო გაცემული, საცხოვრებელი სახლის ის ნაწილი, რომელიც მისი გარდაცვალებისას უნებართვო ნაგებობას წარმოადგენდა სათანადო წესით უნდა აღრიცხულიყო ამ უკანასკნელის და არა ალ. ვ.-ის სახელზე; ამიტომ ¹8 35,72 კვ.მ ოთახი და რეკონსტრუირებული შემინული აივანი უნდა შევიდეს ა. ვ.-ის (უფროსი) სამკვიდრო ქონებაში; აღნიშნულ ქონებაზე კი მემკვიდრეები არიან ა. ვ.-ის (უფროსი) მეუღლე მ. ვ.-ი, შვილი ალ. ვ.-ი და შვილიშვილი ა. ვ.-ი (უმცროსი). პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა ცოლ-ქმრის ა. და მ. ვ.-ების თანასაკუთრებას. მ. ვ.-ს კანონისმიერი პირველი რიგის ორი მემკვიდრე დარჩა: ალ. ვ.-ი და ა. ვ.-ი (უმცროსი), რომლებმაც თანაბრად მიიღეს მ. ვ.-ის სამკვიდრო ქონება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სამკვიდრო სახლთმფლობელობა, რომელიც მდებარეობს თბილისში, ... და შეადგენს აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ნახევარს, (ვინაიდან მთლიანი სახლის 1/2 ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გასხვისებულია) ¹8 ოთახისა და შემინული აივნის ჩათვლით თანაბარ წილად უნდა მიეკუთვნოს ალ. ვ.-სა და ა. ვ.-ს (უმცროსი);

სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ¹8 ოთახის მესაკუთრედ ცნობაზე; მასალებით დასტურდება და კასატორიც აღიარებს რომ აღნიშნული ოთახის მიშენების ნებართვა გაცემული იყო ა. ვ.-ის (უფროსი) სახელზე; როგორც აღინიშნა, უნებართვო მიშენება უნდა დაკანონებულიყო და აღრიცხულიყო ა. ვ.-ის (უფროსი) საკუთრებად, რაც თავისთავად ცხადია გამორიცხავს ამ ფართზე ა. ვ.-ის (უმცროსი) მესაკუთრედ ცნობის იურიდიულ შესაძლებლობას;

პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია შესაბამისი ცვლილებების შეტანა 1996წ. 7 ნოემბერს გაცემულ კანონისმიერ მემკვიდრეობის მოწმობაში (რეესტრი ¹...) და თვლის, რომ ალიანა ვ.-ი მემკვიდრედ უნდა იქნეს ცნობილი ა. ვ.-ის (უფროსი) სამკვიდროს, ანუ თბილისში მდებარე ... მდებარე სახლთმფლობელობის 1/2-ზე;

საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ა. ვ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ნაწილობრივ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ა. ვ.-ის (უმცროსი) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. იგი ცნობილი იქნეს თბილისში, ... მდებარე ა.ვ.-ის (უფროსი) სამკვიდრო ქონების 1/2-ს½ მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

შეტანილ იქნეს ცვლილება ალ. ვ.-ის სახელზე 1996წ. 7 ნოემბერს გაცემულ კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობაში და იგი ცნობილი იქნეს მემკვიდრედ თბილისში, ... მდებარე ა.ვ.-ის (უფროსი) დანაშთი ქონების 1/2-ზე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება ა.ვ.-ისათვის (უმცროსი) თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობის ¹8 ოთახის მესაკუთრედ ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, დარჩეს უცვლელი.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.