საქმე # 330100122005863012
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №848აპ-23 ქ. თბილისი
ი-ი თ, 848აპ-23 5 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სოფიო ბარაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. ი-ს, - დაბადებულს 1977 წლის 8 ნოემბერს, - ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2022 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ-ში, დ-ის მასივის 1-ლი კვარტლის მე-.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, თე. ი-მა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკვლის მიზნით რამდენჯერმე ესროლა დ. ხ-ს, რის შედეგადაც ცეცხლნასროლი ჭრილობები მიაყენა მას გულმკერდის, ასევე მარჯვენა და მარცხენა ფეხის ბარძაყის მიდამოში, თუმცა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად დაზარალებულს შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 იანვრის განაჩენით:
2.1. თ. ი-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.2. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სოფიო ბარაბაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განაჩენის გაუქმება, თ. ი-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).
7. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიმოიხილავს როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფ პირთა ჩვენებებს, ისე იმ წერილობითი სახის მტკიცებულებებს, რომელთა შინაარსი პროკურორის მოსაზრებით, ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის მტკიცებისათვის, რომ თ. ი-მა საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა, კერძოდ:
8. დაზარალებულმა დ. ხ-მა არ დაადასტურა თ. ი-ის მიერ მისთვის სროლის ფაქტი, პირიქით, მან აღწერა პირი, რომელმაც ესროლა და ეს აღწერილობა რადიკალურად განსხვავებულია თ. ი-ნ (მაღალი და მელოტი); ასევე კატეგორიულად გამორიცხა წარსულში თ. ი-ნ რაიმე სახის კონფლიქტი, თ. ი-ის მიერ მის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისა და ზოგადად ,შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი.
9. მოწმეებმა - ი. შ-მ და გ. ს-მ განმარტეს, რომ 2022 წლის 19 აპრილს გაიგეს დ. ხ-ის დაჭრის თაობაზე, თუმცა ვინ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული, მათ არ იციან.
10. მომხდარი ფაქტი ასევე არ დაუნახავთ იქვე, მიმდებარედ მყოფ მოწმეებს - ნ. გ-ს, გ. ჩ-ს, მ. ჩ-სა და ზ. მ-ს, რომლებმაც გადაიყვანეს დაჭრილი დ. ხ-ი საავადმყოფოში.
11. მოწმე ი. თ-ე არის დ. ხ-ის მეგობარი, იცნობს თ. ი-ც. მან არ დაადასტურა დ. ხ-სა და თ. ი-ს შორის რაიმე კონფლიქტის არსებობა.
12. ი. თ-ის კუთვნილი ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რა დროსაც აბონენტზე დასახელებით ,,i-i t“ ….. 2022 წლის 19 აპრილს გამავალი ზარები შემდეგ დროის მონაკვეთებში: 16:16სთ, 18:02 სთ, 18:35სთ, 19:09სთ, 19:20სთ, 19:38სთ, 19:50სთ. ამასთანავე ფიქსირდება გამავალი ზარები შემდეგ მობილურ ტელეფონზე ..... რომელიც ეკუთვნის დ. ხ-ს. გამავალი ზარების დროებია: 14:20სთ, 14:33სთ, 14:45სთ, 17:28სთ, 17:33სთ, 17:37სთ, 17:42სთ, 17:44სთ, 17:47სთ, 18:03სთ, 18:48სთ, 18:55სთ, 19:14სთ, 19:17სთ, 19:18სთ, 19:21სთ, თარიღი - 19.04.2022 წელი. საკომუნიკაციო აპლიკაციებში, შეტყობინებების მენიუში ან ტელეფონის მახსოვრობაში თ. ი-ნ ან დ. ხ-ნ დაკავშირებული ინოფრმაცია არ ფიქსირდება.
13. თავად თ. ი-ს კუთვნილი ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, არც მიმოწერაში, არც ზარების მენიუსა და არც საკომუნიკაციო აპლიკაციებში დ. ხ-ნ ან ზოგადად, მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია აღმოჩენილი არ ყოფილა.
14. თ. ი-ის დაკავებისას ამოღებულ იქნა იარაღის მაგვარი საგანი. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის N.. დასკვნით, N… პისტოლეტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 4,5 მმ კალიბრიან პნევმატური პისტოლეტის მოდელი ,,X.B.G“. ის არ მიკეუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, მაშინ როდესაც დაზარალებული დ. ხ-ი დაიჭრა ცეცხლსასროლი იარაღიდან და მიყენებული ჰქონდა ცეცხლნასროლი ჭრილობები, რაც დადასტურებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N.. და ბალისტიკური ექსპერტიზის N… დასკვნებით.
15. საქმეში წარმოდგენილია მოწმე ბ. ყ-ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა თ. ი-ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმის ჩვენება არ შეესაბამება ფაქტის მთავარ შემსწრე დაზარალებულ დ.ხ-ს ჩვენებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბ. ყ-ის ჩვენება შეიცავას მთელ რიგ უზუსტობას, კერძოდ, მან მომხდარი ფაქტი (გასროლის მომენტი) სხვადასხვაგვარად აღწერა. მანვე დაადასტურა, რომ ,,მომხდარის გამო იყო ძალიან შეშინებული და არ გამორიცხავს, რომ უზუსტობა მოსვლოდა რაღაცეების აღქმაში“. საყურადღებოა, რომ ბ. ყ-ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასევე არ არის გამყარებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებებითაც. საქმეზე უდავოდ ცნობილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N.. დასკვნით თ. ი-ის შ-ბა დ. ხ-ან არ დადასტურდა.
16. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა 2022 წლის 19 აპრილს თ. ი-ს მიერ დ. ხ-ის განზრახ მკვლელობის მცდელობას, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
17. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მოთხოვნას - თ. ი-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, ვინაიდან იგი უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან.
18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). ვინაიდან ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს/კასატორს არ წარმოუდგენია მყარი, ზუსტი და თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სოფიო ბარაბაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი