გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1457-02 16 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “კ-მა” სარჩელი აღძრა საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წინააღმდეგ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 290065 ლარის ოდენობით. სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოება: მხარეებს შორის დადებული იყო ელექტროენერგიის მიწოდების ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საბითუმო ბაზარს უნდა უზრუნველყო ელექტროენერგიის მიწოდება “კ-ისათვის” და შესაბამისად მიეღო მომხმარებლისაგან ელექტროენერგიის საფასური დადგენილი ტარიფის მიხედვით. 2001წ. 30 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით მოპასუხემ მოსარჩელეს გაუფრთხილებლად გამოურთო ელექტროენერგია, რომლის გამოც საწარმოს მიადგა მატერიალური ზარალი. კერძოდ, ელექტროენერგიის მიუწოდებლობამ გამოიწვია საწარმოს მუშაობის ტექნოლოგიური ციკლის დარღვევა, ავარიები და სხვა. ელექტროენერგიის გაუფრთხილებლად გამორთვის გამო სს “კ-ი” მომწოდებელს წერილობითი პრეტენზიებით მიმართავდა იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობით, დროის რა ხანგრძლივობით გამოერთო საწარმოს ელ.ენერგია და მოპასუხეს თხოვდა ზომების მიღებას არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.
მოპასუხის მიერ ელექტროენერგიის გაუფრთხილებლად გამორთვებთან დაკავშირებით “კ-მა” მიმართა საქართველოს სათბობენერგეტიკის სამინისტროს ზედამხედველებისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტს, რათა მათ შეესწავლათ 2001წ. 30 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე “კ-სათვის” ელ. ენერგიის გაუფრთხილებელი გამორთვებისა და ძაბვის არასტაბილური მიწოდების ფაქტორი. აღნიშნული დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა ტექნიკური დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადასტურდა გაუფრთხილებელი გამორთვების ფაქტები საათობრივი მაჩვენებლების მიხედვით, რასაც შეეძლო საწარმოსათვის მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინა. აუდიტორიული დასკვნის საფუძველზე ეს ზიანი შეადგენს 290065 ლარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი წარმოადგენს “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის საფუძველზე შექმნილ კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირის, რომლის მიერ განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობა შესაძლებელია ატარებდეს მხოლოდ დამხმარე ხასიათს და ემსახურებოდეს ელექტრობაზის საერთო მიზნებს, წევრებს შორის კონკურენციის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ინტერესს. იგი არის ორიოენტირებული მოგების მიღებაზე და მისი დაფინანსების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს საბითუმო ბაზრის წევრების შენატანები წარმოადგენს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
უდავოა, რომ სს “კ-ი” არის ელექტრობაზრის წევრი, როგორც ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი. დადგენილია, რომ 2001წ. 30 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით მოსარჩელეს გაუფრთხილებლად გამოერთო ელექტროენერგია. მოსარჩელე თხოვდა მოპასუხეს, როგორც ელექტროენერგიის გამყიდველს, დაკისრებოდა აღნიშნული გარემოების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლომ მიიჩნია, რომ “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით და საბაზრო წესების 8.6 მუხლის მიხედვით ელექტრობაზრის (მოპასუხის) ძირითად ფუნქციად განსაზღვრულია ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა. სემეკის 2002წ. 15 მაისის ¹5 დადგენილებით დამტკიცებული დებულების “ელექტრობაზარზე სადავო საკითხების პროცედულური წესების შესახებ” მე-4 მუხლის შესაბამისად ელექტრობაზარი ახორციელებს ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ორგანიზაციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ელექტრობაზარი არ წარმოადგენს ელექტრობაზრის წევრთა შორის ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა სუბიექტს და ამ კუთხით დავა ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ელექტრობაზრის მყიდველთა და გამყიდველთა შორის. “დებულების” მე-11 მუხლის შესაბამისად დავის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში ელექტრობაზარს შეუძლია ჩაერთოს პროცესში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე იმ მხარის სასარგებლოდ, რომლის პოზიციასაც იგი ეთანხმება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არ უნდა იქნეს გამოყენებული სკ-ს 397-ე მუხლი, რომლითაც მოვალე შესრულებაზე პასუხისმგებელია მაშინაც კი, როცა შესრულების საგანი სხვა პირისაგან უნდა მიეღო. მოცემულ შემთხვევაში შესრულების საგანს – ელექტროენერგიას, ელექტრობაზარი კი არ იღებს და აწვდის წევრებს, არამედ შესრულების საგანზე უშუალოდ ბაზრის წევრებს შორის მყარდება პირდაპირი ურთიერთობები.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის მიმყენებელი არ არის მოპასუხე, რადგან არ დასტურდება, რომ მისი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით შეუწყდა მოსარჩელეს სადავო პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდება. ამასთან, მიუთითა, რომ ელექტრობაზარი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია მოახდინოს ლიცენზირებაზე ელექტროენერგიის მიწოდების რაოდენობის შეზღუდვა. კერძოდ, სემეკის 2000წ. 21 თებერვლის ¹2 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტრობაზრის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის, შეზღუდვის, დროებითი პირობების წესების და პროცედუირების” შესაბამისად ელექტრობაზარი უფლებამოსილია, ელექტროენერგია შეწყვიტოს მხოლოდ მაშინ, თუ: 1. შეწყვეტა-შეზღუდვის თაობაზე სესბის გენერალური დირექტორის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება დროებითი წესებით განსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევაში. 2. თუ შეწყვეტა-შეზღუდვის თაობაზე დისპეჩერიზაციის მიერ მიღებულია ოპერატიული გადაწყვეტილება სიმძლავრისა და ელექტროენერგიის უეცარი დეფიციტის წარმოქნის შემთხვევაში.
კოლეგიამ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია შპს “...-2000-ისაგან” სადავო პერიოდში სს “კ-ის” გამორთვების შესახებ. ამ ინფორმაციით დადასტურებული გამორთმევის საფუძვლად არც ერთ შემთხვევაში არ არის მითითებული სესბის სათანადო გადაწყვეტილება, რაც გამორიცხავს სესბის პასუხისმგებლობას განხორციელებულ გამორთვებთან დაკავშირებით. საბაზრო წესების მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი ლიცენზიანტი ან პირდაპირი მომხმარებელი განიცდის ქონებრივ ზიანს სხვა ლიცენზიანტის მიზეზით, ზარალის ანაზღაურება ხდება არსებული კანონმდებლობის თანახმად. სასამართლომ მიუთითა, რომ თუ მოსარჩელე მხარე განსაზღვრავდა და დაასაბუთებდა ელექტრობაზრის რომელი ლიცენზიანტის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიადგა ზიანი, ანაზღაურება მოხდებოდა არსებული კანონმდებლობის საფუძველზე შესაბამისი ლიტენზიანტის მიერ.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “კ-მა”. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი. საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებით – ანგარიშ-ფაქტურებით ირკვევა, რომ მოსარჩელე მყიდველია, ხოლო მოპასუხე – გამყიდველი. სასამართლომ აღნიშნულ გარემოებებს სათანადო შეფასება არ მისცა და ისე გადაწყვიტა საქმე. კასატორის მოსაზრებით, საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა სათანადო მოპასუხის შეცვლის თაობაზე, ურთიერთსაწინააღმდეგოა. საბითუმო ბაზარმა არაერთხელ დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა არასათანადო მოპასუხედ ცნობა, სასამართლომ კი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებაში კი მიუთითა, რომ საბითუმო ბაზარი მოცემულ დავაში არასათანადო მოპასუხეა.
კასატორი თვლის, რომ მხარეთა შორის არსებობდა ელ. ენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება, რის გამოც სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 397-ე მუხლი და არ გამოიყენა. მოპასუხე, როგორც ხელშეკრულების კონტრაგენტი, ვალდებული იყო, უზრუნველეყო ელ. ენერგიის შეუფერხებელი მოწოდება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, თუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
უდავოა, რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლომ დავის გადასაწყვეტად გამოიყენა “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი, “საბაზრო წესების” 8-6 მუხლი, “ელექტრობაზარზე სადავო საკითხების პროცედურული წესების შესახებ” სემეკის 2000წ. 15 მაისის დებულების მე-4 მუხლი და მიიჩნია, რომ ელექტრობაზარი (მოპასუხე) არ წარმოადგენს ელექტრობაზრის წევრთა შორის ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა სუბიექტს. პალატა არ იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის ამ მოსაზრებას. მართალია, საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ფუნქციას, მითითებული ნორმატიული აქტების საფუძველზე, წარმოადგენს ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვის მართვა, მაგრამ კანონი არ უკრძალავს მას, თვითონ გაყიდოს ელექტროენერგია. “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის 22-ე მუხლითა და “საბითუმო წესების” 3.1 მუხლით სესბი (საქართველოს საბითუმო ბაზარი) არის კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი-ასოციაცია, რომლის სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება ატარებდეს მხოლოდ დამხმარე ხასიათს. სკ-ს 30-ე მუხლის პირველი ნაწილით კავშირს (ასოციაციას) უფლება აქვს, აწარმოოს სამეწარმეო საქმიანობაც, თუ იგი ატარებს დამხმარე ხასიათს და ემსახურება საერთო მიზნებს, არ ცვლის არაკომერციული იურიდიული პირის ხასიათს. ამდენად, საქართველოს საბითუმო ბაზარს არ აქვს შეზღუდული უფლება, რომ დამოუკიდებლად გამოვიდეს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარედ მყიდველად, ანდა, გამყიდველად. სასბი, მართალია, არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, მაგრამ მისი დაფინანსების ერთ-ერთი წყაროს წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობაც. აქედან გამომდინარე, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და ამასთან, არასწორად განმარტა იგი.
პალატა თვლის, რომ სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად დაუსაბუთებელია. გადაწყვეტილების დასაბუთებულობაში იგულისხმება მისი როგორც ფაქტრობრივი, ისე – იურიდიული საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არ აკმაყოფილებს სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს. საქმის განხილვისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, არსებობდა თუ არა მხარეებს შორის ნასყიდობის (ზეპირი) ხელშეკრულება და, შესაბამისად, მოხდა თუ არა მისი დარღვევა გამყიდვლის მიერ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “კ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.