Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1458-02 22 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება, ქირის დაკისრება, ნივთების დაბრუნება და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ქუთაისში, ... მდებარე ერთოთახიანი ბინა თ. ს-ემ 1994წ. 30 ივნისს შეიძინა ზ. ჯ-ისაგან. ბინა საჯარო რეესტრში მის სახელზეა რეგისტრირებული. 1996წ. თებერვალში მის საცხოვრებელ ბინაში განთავსდა შპს “.. ..”, რომლის დირექტორი იყო ა. ს-ე.

თ. ს-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ... მდებარე ბინიდან შპს “.. ..-ის” გამოსახლება, გადაუხდელი ბინის ქირის 2800 ლარის საწარმოსათვის დაკისრება და საწარმოში განთავსებული სააფთიაქო მოწყობილობის დაბრუნება.

შპს “.. ..-ის” ყოფილი დირექტორის, აწ გარდაცვლილი ა. ს-ის, მეუღლემ მ. ს-ემ სარჩელი წარადგინა სასამართლოში, როგორც მესამე პირმა დამოუკიდებელი მოთხოვნით და მოითხოვა თ. ს-ესა და ზ. ჯ-ს შორის 1994წ. 30 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინა თ. ს-ეს არ შეუძენია; ბინის ღირებულება – 1000 აშშ დოლარი – ა. ს-ემ გადაიხადა, თუმცა ბინის პატრონს ეს თანხა თ. ს-ემ მიუტანა. მ. ს-ის განმარტებით, ზ. ჯ-სა და თ. ს-ეს შორის მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება დაიდო, ვინადიან იგი მიზნად არ ისახავდა იურიდიული შედეგის დადგომას – თ. ს-ისათვის ქუთაისში, ... მდებარე ბინაზე საკუთრების წარმოშობას; შპს “.. ..-ს” თ. ს-ისათვის ბინის ქირა არასოდეს გადაუხდია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ს-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მ. ს-ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ზ. ჯ-ისა და თ. ს-ეს შორის 1994წ. 30 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ქუთაისში, ... არსებული ბინის თაობაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ს-ემ და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 31 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს განჩინება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2002წ. 27 თებერვლის განჩინებით დააკმაყოფილა თეიმურაზ ს-ის საკასაციო საჩივარი: გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 31 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

ზ. ჯ-მა, როგორც მესამე პირმა დამოუკიდებელი მოთხოვნით საქმის სააპელაციო პალატაში ხელახალი განხილვისას წარადგინა სასარჩელო განცხადება, და მოითხოვა სადავო ბინის თაობაზე თ. ს-ესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებულია ის, რომ ზ. ჯ-ი ინვალიდი და მოხუცია, მას მოვლა სჭირდება, ამიტომ ა. ს-ეს დაეთანხმა, რომ 1000 აშშ დოლარად მიჰყიდდა ბინას იმ პირობით, თუ კი იგი იკისრებდა მისი სამისდღეშიო რჩენის ვალდებულებას, მაგრამ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა თ. ს-ესთან ა. ს-ის მითითებით, რომელიც, თავის მხრივ, ბინის მესაკუთრის მოვლის მოვალეობას კისრულობდა. ა. ს-ე მას ეხმარებოდა შეძლებისდაგვარად. ავთანდილ ს-ის გარდაცვალების შემდეგ ზ. ჯ-ს შეუწყვიტეს სარჩოს მიცემა, მას არც თ. ს-ე ეხმარებოდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ს-ის წარმომადგენელ ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

თ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ქ. ქუთაისში, ... ბინიდან გამოსახლებულ იქნა შპს “.. ..” და მოსარჩელეს ბინა ჩაბარდა თავისუფალ მდგომარეობაში. თ. ს-ის სარჩელს უარი ეთქვა ბინის ქირის, 2800 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

ზ. ჯ-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

მესამე პირის მ. ს-ის, სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: თ. ს-ემ 1994წ. 30 ივნისს შეიძინა ზ. ჯ-ისაგან სადავო ბინა. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით იქნა დამოწმებული და რეგისტრირებულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, ხოლო 2001წ. 3 იანვრიდან კი საჯარო რეესტრში ამ ბინის მესაკუთრედ დარეგისტრირდა თ. ს-ე. მართალია, თ. ს-ე და შპს “.. ..-ის” ყოფილი დირექტორი ა. ს-ე ერთად ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას, რაც აფთიაქში ერთობლივ საქმიანობით გამოიხატებოდა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს არ ნიშნავდა თ. ს-ის მიერ სადავო ბინის საკუთრების უფლებაზე უარის თქმას.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ ზ. ჯ-მა და თ. ს-ემ 1994წ. 30 იანვარს დადეს რა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, მოსაჩვენებლად იქცეოდნენ და სურდათ სხვა გარიგების დაფარვა. სასამართლომ არ გაიზიარა მ. ს-ის მითითება იმის შესახებ, რომ სადავო ბინის ღირებულება მისმა აწ გარდაცვლილმა მეუღლემ ა. ს-ემ მისცა თ. ს-ეს, ამ უკანასკნელმა კი მხოლოდ ფორმალურად გაიფორმა ბინა თავის სახელზე, სინამდვილეში კი სადავო ბინა ა. ს-ის საკუთრებას წარმოადგენდა და ამას ადასტურებს მოწმეთა ჩვენებები. სკ-ს 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი სადავო ბინის საკუთრებითი ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებულია თ. ს-ე.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა თ. ჯ-ის მითითება იმის შესახებ, რომ მან აწ გარდაცვლილ ა. ს-ესთან დადო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის ძირითად პირობას წარმოადგენდა მისი კუთვნილი ბინის გასხვისება თ. ს-ეზე. ვინაიდან ა. ს-ის გარდაცვალების შემდეგ ა. ს-ის მემკვიდრეებმა შეწყვიტეს მისი რჩენა, მოითხოვა ამ ხელშეკრულების ბათილად ცნობა. საქმეში მოიპოვება ზ. ჯ-ის მოთხოვნის ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები. კერძოდ, მოცემული საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას ზ. ჯ-ს არ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ამ საფუძვლით არ მოუთხოვია ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. იმ დროისათვის მან უკვე იცოდა ა. ს-ის გარდაცვალების შესახებ. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება ა. ს-ის მიერ ზ. ჯ-ის რჩენის თაობაზე და არც სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრულება არსებობს ა. ს-ესა და ზ. ჯ-ს შორის.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ს-ეს და შპს “.. ..-ს” ფაქტობრივად ბინის ქირა – თვეში 50 ლარი – არასოდეს გადაუხდიათ თ. ს-ისათვის. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად ბინის ქირის გადახდის მოთხოვნის ხანდაზმულობა ათვლილი უნდა იქნეს 1996წ. 28 თებერვლიდან, როცა სანოტარო წესით დამოწმდა თ. ს-ის განცხადება ბინის ქირის გადახდის შესახებ. იმავე დროდან თ. ს-ისათვის ცნობილი იყო, რომ შპს “.. ..-მა” არ გადაუხადა შეთავაზებული ბინის ქირა და დაირღვა მისი უფლება, ამიტომ 2001წ. 17 დეკემბრისათვის, თ. ს-ის მიერ სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის დროისათვის, მას უკვე გაშვებული ჰქონდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რაც სკ-ს 84-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სარჩელზე უარის თქმის საფუძველია.

შპს “.. ..-ის” დირექტორმა თ. ბ-ემ და მ. ს-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვეს მისი გაუქმება, შპს “.. ..-ის” გამოსახლების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით შპს “.. ..-ის” გამოსახლებაზე უარის თქმა და მ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 57-ე მუხლი და არ დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები. სასამართლოს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითად უნდა ჩაეთვალა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ შპს “.. ..-ი” კეთილსინდისიერი მფლობელია და მოსარჩელეს მის მიმართ არ ჰქონდა დასაბუთებული პრეტენზია.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. ჯ-ის წარმომადგენელმა ი. ბ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილებით ზ. ჯ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივრის მოტივებია შემდეგი: სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები და არასწორად განმარტა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 47-ე და 57-ე მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ზ. ჯ-ის წარმომადგენელი ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი, მ. ს-ის და შპს “.. ..-ის” დირექტორი თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო: როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ. ქუთაისში, ... მდებარე ერთოთახიანი საკუთარი ბინა ზ. ჯ-მა 1994წ. 30 ივნისს სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრულებით თ. ს-ეს მიჰყიდა; საჯარო რეესტრში ამ ბინის მესაკუთრედ თ. ს-ე იქნა რეგისტრირებული.

1996წ. 28 თებერვალს სანოტარო წესით დამოწმებულ იქნა მოქალაქე თ. ს-ის განცხადება, რომლითაც მან თანხმობა განაცხადა, მის კუთვნილ ბინაში განთავსებულიყო შპს ფირმა “.. ..”. პალატა ვერ გაიზიარებს მ. ს-ის და შპს “.. ..-ის” დირექტორი თ. ბ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ზ. ჯ-ისა და თ. ს-ეს შორის გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად უნდა ეცნო სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 57-ე მუხლის საფუძველზე. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულია, რომ ბათილია გარიგება დადებული მხოლოდ მოსაჩვენებლად უიმგანზრახვოდ, რომ მას იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება), ხოლო მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ, თუ გარიგება დადებულია სხვა გარიგების დასაფარავად (თვალთმაქცური გარიგება), მაშინ გამოიყენება წესები იმ გარიგებისა, რომელიც მხარეებს ნამდვილად ჰქონდათ მხედველობაში. სააპელაციო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მ. ს-ის მითითება იმის შესახებ, რომ მისმა მეუღლემ ა. ს-ემ ფული მისცა თ. ს-ეს და ამ უკანასკნელმა მხოლოდ ფორმალურად მოახდინა ბინის გაფორმება თავის სახელზე, სინამდვილეში კი ბინა ა. ს-ის საკუთრება იყო;

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სკ-ს 183-ე მუხლი, რომლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანა შეუძლია როგორც გამსხვისებელს, ისე შემძენს.

საბუთში ზუსტად უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის შეძენის საფუძველი. თუ ერთ-ერთი მხარე მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, მაშინ საბუთში ზუსტად უნდა აღინიშნოს ამის შესახებ.

ამდენად, თ. ს-ეს სადავო ბინა შეძენილი აქვს ზემოთხსენებული ნორმის მოთხოვნათა სრული დაცვით. ის გარემოება, რომ თ. ს-ე და ა. ს-ე სადავო ბინაში გახსნილ აფთიაქში ერთად ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას, არ მიუთითებს იმაზე, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებით ან თვალთმაქცურ გარიგებას წარმოადგენს და ამით თ. ს-ემ უარი თქვა ბინაზე თავის საკუთრების უფლებაზე.

პალატა ვერ გაიზიარებს ზ. ჯ-ის წარმომადგენელ ი. ბ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცურ ხელშეკრულებად, კერძოდ, ა. ს-ესთან გაფორმებულ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებად, რომლის ნაწილსაც წარმოადგენდა თ. ს-ის საკუთრებაში ბინის აღრიცხვა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ზ. ჯ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქმეში არსებობს ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები. კერძოდ, ჯერ კიდევ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას ზ. ჯ-მა იცოდა რა, ა. ს-ის გარდაცვალების შესახებ, რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს ხელშეკრულების ბათილობაზე, როგორც სამისდღეშიო რჩენასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებაზე.

გასათვალისწინებულია ისიც, რომ იმ დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება, გარდაცვალებამდე რჩენის შესახებ სახლის გასხვისების პირობით, დადებული უნდა იქნეს საცხოვრებელი სახლის ნასყიდობისათვის დადგენილი ფორმით (ამ კოდექსის 239-ე მუხლი). სამოქალაქო სამართლის კოდექის 239-ე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას კი წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების დადასტურება სანოტარო წესით. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ა. ს-ესა და ზ. ჯ-ს შორის არ გაფორმებულა ზემოთხსენებული მუხლების მოთხოვნათა დაცვით გარდაცვალებამდე რჩენის ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თ. ს-ემ შპს “.. ..-ს” 1996წ. 28 თებერვალს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით გადასცა კუთვნილი ერთოთახიანი ბინა და ა. ს-ეს ყოველთვიურად განუსაზღვრა ბინის ქირის, 50 ლარის, გადახდა. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ თ. ს-ემ მოპასუხე ორგანიზაციას მიაქირავა კუთვნილი ბინა. მან სარჩელით მოითხოვა შპს “.. ..-ის” ბინიდან გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ მისთვის ბინის ქირა არ გადაუხდიათ და ბინა ესაჭიროება, ასევე მოითხოვა ბინის ქირის მოპასუხე ორგანიზაციისათვის დაკისრება. სააპელაციო სასამართლომ, მართალია, თ. ს-ის სარჩელი მოპასუხე ორგანიზაციისათვის ბინის ქირის დაკისრების შესახებ არ დააკმაყოფილა ხანდაზმულობის გამო, მაგრამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ს-ეს და შპს “.. ..-ს” ფაქტობრივად ბინის ქირა თ. ს-ისათვის არასოდეს გადაუხდიათ. სკ-ს 558-ე მუხლის თანახმად გამქირავებელს შეუძლია, ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ ბინის ქირის გადაუხდელობის გამო სწორად იქნა თ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილებული მოპასუხე ორგანიზაციის ბინიდან გამოსახლების შესახებ. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. ჯ-ის წარმომადგენელი ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მ. ს-ისა და შპს “.. ..-ის” დირექტორი თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.