Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-156-147(კ-06) 1 აგვისტო, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ი. კ-ემ, ც. ხ-ამ, ს. ხ-მა, ნ. ა-ემ, კ. თ-ემ, ლ. შ-მა, ე. მ-ემ, გ. მ-მა, ნ. წ-მა, ბ. მ-მა, ნ. ქ-ემ, მ. ს-ემ, ნ. ც-ემ, თ. ბ-ემ, ნ. კ-ემ, ლ. ჯ-ემ, ლ. ხ-ამ, ი. ქ-მა და ვ. ა-ამ სარჩელი აღძრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე სსიპ «საქტელერადიომაუწყებლობის» მიმართ, რომლითაც მოითხოვეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

საქმის გარემოებები:

მოსარჩელეები იყვნენ სსიპ «საქტელერადიომაუწყებლობის» თანაშრომლები. სამსახურში აყვანილი იყვნენ განუსაზღვრელი ვადით და შესაბამისად, მათი სამსახურიდან გათავისუფლებისას ადმინისტრაციას უნდა ეხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლით, ვინაიდან მითითებული ნორმა განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს და მასში ჩამოთვლილია მთელი რიგი პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციის ინიცატივით შრომითი ხელშეკრულების კონტრაქტის მოშლა. 2004წ. 5 ივლისიდან მოსარჩელეები გათავისუფლდნენ სამსახურიდან შრომის კანონთა კოდექსის 30.1. მუხლის «ვ» პუნქტის შესაბამისად. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების საფუძვლად მითითებულია 2004წ. 29 ივნისის აქტზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ სსიპ «საქტელერადიომაუწყებლობის» მუშაკებს გადაეცათ წერილი ახალ პირობებში მუშაობის გაგრძელების თაობაზე და შრომის ხელშეკრულება ხელმოსაწერად, რასაც არ დაეთანხმნენ და უარი განაცხადეს ხელმოწერაზე.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 22 მარტის ¹236 განკარგულებით შეიქმნა საქტელერადიომაუწყებლობის დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებლობად გარდაქმნის უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივი მონიტორინგის დროებითი კომისია, რომელსაც უნდა შეემუშავებინა შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები მართვის სრულყოფისა და საკადრო ოპტიმიზაციის, ინსტიტუციური და ფუნქციონალური რეფორმების თაობაზე. ამავე განკარგულების მე-4 პუნქტის თანახმად, კომისიას უნდა მოეხდინა საქართველოს მოსახლეობის სისტემატური ინფორმირება სსიპ «საქტელერადიომაწყებლობის» რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. განკარგულების უზრუნველსაყოფად «მაუწყებლის» თავმჯდომარის მიერ მიღებულ იქნა ბრძანება. აღნიშნული ბრძანება, მოსარჩელეთა განმარტებით, სრულად შეესაბამება კანონმდებლობით და განკარგულებით დადგენილ მოთხოვნებს და მუშაკთა სამსახურიდან გათავისუფლება სწორედ ამ ბრძანების შესაბამისად მოხდა, მაგრამ რეორგანიზაციის ბრძანება საკადრო ოპტიმიზაციის გარდა ითვალისწინებდა «საქტელერადიომაუწყებლობის» მართვის სრულყოფას, რეფორმების განხორციელებას, რისი რეკომენდაციები და პროექტები ტელევიზიის თანამშრომლებს, მიუხედავად მათი მოთხოვნისა, ადმინისტრაციამ არ გააცნო.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელეთა განმარტებით, მათ წერილი ახალ პირობებში მუშაობის გაგრძელების შესახებ არ გადასცემიათ, ამასთან‚ არც ხელშეკრულება გადაეცათ ხელმოსაწერად. მათი გათავისუფლება მოხდა შრომის კანონთა კოდექსის 30.1. «ვ» პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან აღნიშნული ნორმა არ შეცავს ტერმინს «შრომის ახალი პირობები», ასევე‚ განუსაზღვრელი ვადით აყვანილი მუშაკების გადაყვანა განსაზღვრულვადიან კონტრაქტზე არ გულისხმობს სხვა სამუშაოზე გადაყვანას, რამდენადაც სხვა სამუშაოზე გადაყვანა ნიშნავს სხვა საქმიანობის შესრულებას და არა ვადიან ხელშეკრულებაზე გადაყვანას.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელეებმა შრომის კანონთა კოდექსის 205-ე, 206-ე და 207.1. მუხლის საფუძველზე მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილება.

რაიონულ სასამართლოში წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელეებმა მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, მოსარჩელეების წინანდელ თანამდებობაზე აღდგენა, ხოლო ასეთის არარსებობის პირობებში მათი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომის კანონთა კოდექსის 207-ე, 208-ე, 209-ე და 314-ე მუხლების თანახმად, ვინაიდან მოპასუხის მიერ მათი სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაირღვა ამავე კოდექსის მე-19, 26-ე, 30-ე, 37-ე, 37I.1. და 422-ე მუხლების მოთხოვნები. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ხელფასის ანაზღაურება 4930 ლარის, ჰონორარის _ 11100 ლარის, სულ 16030 ლარის ოდენობით, შემდეგი საფუძვლით:

2004წ. ივლისში მათ ჩაჰბარდათ ბრძანებები სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რომლის თანახმად‚ 2004წ. 5 ივლისიდან გათავისუფლდნენ სამსახურიდან შრომის კანონთა კოდექსის 30.1 «ვ» მუხლის საფუძველზე. გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად მათ გადაეცათ აქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსარჩელეებს გადაეცათ წერილი ახალი პირობების გასაცნობად და შრომის ხელშეკრულება ხელმოსაწერად, რასაც არ დაეთანხმნენ და უარი განაცხადეს ხელმოწერაზე. აღნიშნულზე ადმინისტრაციამ შეადგინა აქტი. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული აქტი არის ყალბი, ისინი არავის გაუფრთხილებია, აგერთვე მათთვის არ შეუთავაზებიათ ხელწერილის ჩაბარება.

მოსარჩელეთა განმარტებით, მათი გათავისუფლების დროს ადმინისტრაციამ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 30.1 «ვ» პუნქტის მოთხოვნები _ მოსარჩელეებს ხელშეკრულებაზე ხელი არ ჰქონდათ მოწერილი, შესაბამისად, ისინი არ იყვნენ იმ სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეები, რომლიდანაც გაათავისუფლეს. ადმინისტრაციამ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 26-ე მუხლის მოთხოვნები, რაც კანონის არსებით დარღვევას წარმოადგენდა შრომითი პირობების არსებითად შეცვლისას, ამასთან, მოსარჩელეები არ იყვნენ გაფრთხილებული მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ, არც არსებობდა რეორგანიზაციის გეგმა, არ განხილულა და არ დამტკიცებულა გეგმის პროექტი. მოსარჩელეებს საეჭვოდ მიაჩნიათ რეორგანიზაციის ჩატარება, რამდენადაც მოპასუხეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტიკიცებულებები არ წარმოუდგენია, კერძოდ, ბრძანებულება სამსახურში მიღების, ახალი შრომითი პირობების შეთავაზების, შრომით ურთიერთობებზე გადაყვანის, თანამდებობის გაუქმებისა და ძველი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რომელთა გარეშეც მხარეებს არანაირი კანონიერი უფლება არ ჰქონდათ‚ მიეღოთ სადავო ბრძანებები.

მოპასუხე სსიპს «საქტელერადიომაუწყებლობის» წარმომადგენელმა რაიონული სასამართლოს სხდომაზე არ ცნო მოსარჩელეთა სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. კ-ის, ც. ხ-ას, ს. ხ-ის, ნ. ა-ის, კ. თ-ის, ლ. შ-ის, ე. მ-ის, გ. მ-ის, ნ. წ-ის, ბ. მ-ის, ნ. ქ-ის, მ. ს-ის, ნ. ც-ის, თ. ბ-ის, ნ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ლ. ხ-ას, და ვ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 22 მარტის ¹236 განკარგულების თანახმად, სსიპ «საქტელერადიომაუწყებლობის» დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივი მაუწყებლის გარანტიების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1996წ. 11 სექტემბრის რეკომენდაციების შესაბამისად, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით, «მაუწყებლის შესახებ» საქარველოს კანონის მიღებამდე შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის «საქტელერადიომაუწყებლობის საზოგადოებრივი მონიტორინგის დროებითი კომისია», რომელსაც ქვეყანაში არსებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა შეემოწმებინა შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის «საქტელერადიომაუწყებლობის» მართვის სრულყოფისა და საკადრო ოპტიმიზაციის, ინსტიტუციური და ფუნქციონალური რეფორმების თაობაზე. განკარგულების მე-5 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის «საქტელერადიომაუწყებლობის» თავმჯდომარეს დაევალა შესაბამისი ღონისძიებების გატარება კომისიის მიერ მომზადებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, სსიპ «საქტელერადიომაუწყებლობის» თავმჯდომარემ 2004წ. 23 მარტს მიიღო ბრძანება სსიპ «საქართველოს ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობაში რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ, რომლის თანახმად, სსიპ «საქტელერადიომაუწყებლობის» მართვის სრულყოფისა და საკადრო ოპტიმიზაციის, ინსტიტუციური და ფუნქციონალური რეფორმების განხორციელების მიზნით, უნდა მომხდარიყო სსიპ «საქტელერადიომაუწყებლობაში» რეორგანიზაცია (სტრუქტურული ცვლილება და სხვა) შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად. ბრძანების მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ კადრების სამმართველომ და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელმა საქართველოს შრომის კანონმდებლობის წესით უნდა აცნობონ მუშაკებს წარმოებასა და შრომის ორგანიზაციაში ცვლილებებთან დაკავშირებით შრომის არსებითი პირობების მოსალოდნელი შეცვლის შესახებ. სსიპ «საქტელერადიომაუწყებლობის» თავმჯდომარის 2004წ. 21 ივნისის ბრძანებით სტრუქტურული ცვლილებების შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 1 ივლისიდან, გაუქმდა დირექციები, როგორც სტრუქტურული ერთეული და მათ ბაზაზე შეიქმნა ტელეპროექტების დირექცია, ასევე‚ საპარლამენტო და სამთავრობო პროგრამების რედაქციას ეწოდა ტრანსლაციების რედაქცია, ხოლო შემოქმედებით გაერთიანება «თეატრონს» _ გახმოვანების განყოფილება. მოსარჩელეებს გასაცნობად წარედგინათ სსიპ «საქტელერადიომაუწყებლობის» თავმჯდომარის 2004წ. 23 მარტის ბრძანება სსიპ «საქართველოს ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობაში რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ». მოსარჩელეებმა: ც-ემ, ს-ემ, ბ-ემ, მ-მა ბრძანების გაცნობა დაადასტურეს ხელმოწერით, ს. ხ-ი არ დაეთანხმა ბრძანებას და გააკეთა შენიშვნა, რომ ბრძანებას არ ახლდა რეორგანიზაციის პროექტი, არ იყო მითითებული შრომის კანონთა კოდექსის მუხლები, ხოლო დანარჩენმა მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, რაზეც 2004წ. 7 აპრილს შედგა აქტი. მოსარჩელეებს წარედგინათ ახალი ხელშეკრულებები ახალ პირობებში მუშაობის გაგრძელებაზე, გაფრთხილებასთან ერთად, რასაც არ დაეთანხმენ და უარი განაცხადეს ხელმოწერაზე. მოსარჩელეები ს. ხ-ი და ნ. წ-ი არ დაეთანხმნენ რა წარდგენილ ხელშეკრულებას, გააკეთეს თავიანთი შენიშვნები აღნიშნულზე.

სასამართლომ არ გაიზიარა მოარჩელეთა მითითება, რომ მათთვის არ უცნობებიათ და არ გაუფრთხილებიათ რეორგანიზაციის თაობაზე და არც წერილი გადასცემიათ ახალ პირობებში მუშაობის გაგრძელებაზე და განმარტა, რომ სსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, საქმის მასალებში კი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ წარდგენილი მასალის სიყალბეს, არ მოიპოვებოდა.

რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 30.1. «ვ» მუხლი და განმარტა, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა საწარმოო აუცილებლობა ან სამუშაო რეჟიმის შეცვლა, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა, ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ არ იზიარებდა მოსარჩელთა პოზიციას, რომ მათი გათავისუფლება მოხდა იმ სამსახურიდან, სადაც არ მუშაობდნენ და განმარტა, რომ სსიპ «საქტელერადიომაუწყებლის» თავმჯდოამრის 2004წ. 21 ივნისის ბრძანებით სტრუქტურული ცვლილების შესახებ, გაუქმდა დირექციები, როგორც სტრუქტურული ერთეულები და მათ ბაზაზე შეიქმნა ტელეპროექტების დირექცია, გაუქმდა ადრე არსებული სტრუქტურა, შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელეთა გათავისუფლება მოხდა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ პერიოდში, ისინი ვერ იქნებოდნენ გათავისუფლებული უკვე არარსებული სამსახურიდან /იხ.ს.ფ 243-246/.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. კ-ემ, ც. ხ-ამ, ს. ხ-მა, ნ. ა-ემ, კ. თ-ემ, ლ. შ-მა, ე. მ-ემ, გ. მ-მა, ნ. წ-მა, ბ. მ-მა, ნ. ქ-ემ, მ. ს-ემ, ნ. ც-ემ, თ. ბ-ემ, ნ. კ-ემ, ლ. ჯ-ემ, ლ. ხ-ამ და ვ. ა-ამ, რომლებმაც მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

2004წ. ივლისში მათ ჩაჰბარდათ ბრძანებები სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რომლის თანახმად‚ 2004წ. 5 ივლისიდან გათავისუფლდნენ სამსახურიდან შრომის კანონთა კოდექსის 30.1. «ვ» მუხლის საფუძველზე. გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად მათ გადაეცათ აქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსარჩელეებს გადაეცათ წერილი ახალი პირობების გასაცნობად და შრომის ხელშეკრულება ხელმოსაწერად, რასაც არ დაეთანხმნენ და უარი განაცხადეს ხელმოწერაზე. აღნიშნულზე ადმინისტრაციამ შეადგინა აქტი. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული აქტი არის ყალბი, ისინი არავის გაუფრთხილებია, აგრეთვე მათთვის არ შეუთავაზებიათ ხელწერილის ჩაბარება.

აპელანტების განმარტებით მათი სამსახურიდან გათავისუფლების დროს ადმინისტრაციამ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 30.1. «ვ» პუნქტის მოთხოვნები, მოსარჩელეებს ხელშკრულებაზე ხელი არ ჰქონდათ მოწერილი, შესაბამისად, ისინი არ იყვნენ იმ სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეები, რომლიდანაც გათავისუფლდნენ. ადმინისტრაციამ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 26-ე მუხლის მოთხოვნები, რაც კანონის არსებით დარღვევას წარმოადგენდა შრომითი პირობების არსებითად შეცვლისას, ამასთან აპელანტები არ იყვნენ გაფრთხილებული მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ, არც არსებობდა რეორგანიზაციის გეგმა, არ განხილულა და არ დამტკიცებულა გეგმის პროექტი. ამასთან, მოსარჩელეებს საეჭვოდ მიაჩნიათ, ჩატარდა თუ არა რეორგანიზაცია, რამდენადაც მოპასუხეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია, კერძოდ, ბრძანებულება სამსახურში მიღების, ახალი შრომითი პირობების შეთავაზების, შრომით ურთიერთობებზე გადაყვანის, თანამდებობის გაუქმებისა და ძველი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რომლის გარეშეც მხარეებს არანაირი კანონიერი უფლება არ ჰქონდათ‚ მიეღოთ 2004წ. 5 ივლისის ბრძანება, ვინაიდან აპელანტები ითვლებიან იმ თანამდებობაზე მომუშავე პირებად, რომელზეც დანიშნულები იყვნენ კანონმდებლობით. რაიონულმა სასამართლომ საქმეში მესამე პირად არ ჩართო პროფკავშირი, მიუხედავად მოსარჩელეთა მოთხოვნისა.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 5 მაისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1. მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ტურიზმის პროფესიული კავშირი.

სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 6 იანვრის გადაწყვეტილებით ი. კ-ის, ც. ხ-ას, ს. ხ-ის, ნ. ა-ის, კ. თ-ის, ლ. შ-ის, ე. მ-ის, გ. მ-ის, ნ. წ-ის, ბ. მ-ის, ნ. ქ-ის, მ. ს-ის, ნ. ც-ის, თ. ბ-ის, ნ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ლ. ხ-ას და ვ. ა-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. კ-ის, ც. ხ-ას, ს. ხ-ის, ნ. ა-ის, კ. თ-ის, ლ. შ-ის, ე. მ-ის, გ. მ-ის, ნ. წ-ის, ბ. მ-ის, ნ. ქ-ის, მ. ს-ის, ნ. ც-ის, თ. ბ-ის, ნ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ლ. ხ-ას და ვ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები: საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 22 მარტის ¹236 განკარგულების თანახმად, სსიპ «საქტელერადიომაუწყებლობის» დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის უზრუნველსაყოფად საზოგადეობრივი მაუწყებლის გარანტიების შესახებ ევროპის საქბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1996წ. 11 სექტემბრის რეკომენდაციების შესაბამისად, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით, «მაუწყებლის შესახებ» კანონის მიღებამდე შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის «საქტელერადიომაუწყებლობის» საზოგადოებრივი მონიტორინგის დროებითი კომისია, რომელსაც უნდა შეემოწმებინა ქვეყანაში არსებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის «საქტელერადიომაუწყებლობის» მართვის სრულყოფისა და საკადრო ოპტიმიზაციის, ინსტიტუციური და ფუნქციონალური რეფორმების თაობაზე. განკარგულების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის «საქტელერადიომაუწყებლობის» თავმჯდომარეს დაევალა შესაბამისი ღონისძიებების გატარება კომისიის მიერ მომზადებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად სსიპ «საქტელერადიომაუწყებლობის» თავმჯდომარემ მიიღო 2004წ. 22 მარტს ბრძანება სსიპ «საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობაში რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ, რომლის თანახმად სსიპ «საქტელერადიომაუწყებლობის» მართვის სრულყოფასა და საკადრო ოპტიმიზაციის, ინსტიტუციური და ფუნქციონალური რეფორმების განხორცილების მიზნით უნდა მომხდარიყო სსიპ «საქტელერადიომაუწყებლობაში» რეორგანიზაცია (სტრუქტურული ცვლილება და სხვა) შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად.

სსიპ «საქტელერადიომაუწყებლობის» თავმჯდომარის 2004წ. 23 მარტის ბრძანების შინაარსი «სსიპ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობაში რეორგანიზაციის განხორცილების შესახებ 2004წ. 7-8 აპრილს გააცნეს საქტელერადიომაუწყებლობის თანამშრომლებს, მათ შორის მოსარჩელეებსაც. ბრძანების გაცნობის ფაქტი დადასტურებულია ს. ხ-ის (გაკეთა შენიშვნა, რომ ბრძანებას თან არ ერთვის რეორგანიზაციის პროექტი, არ იყო მითითებული შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისი პუნქტები და მისთვის გაუგებარი იყო ბრძანების შინაარსი), მ. ს-ის, თ. ბ-ის, ბ. მ-ის, ნ. ც-ის მიერ გაკეებული ხელმოწერით. თანარჩენმა მოსარჩელეებმა ბრძანებაზე ხელი არ მოაწერეს, რაზეც შედგა აქტი. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული მოსარჩელეთა განცხადებებით.

«სტრუქტურული ცვლილების შესახებ» საჯარო სამართლის იურიდიული პირი «საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის 2004წ. 21 ივნისის ბრძანებით 2004წ. 1 ივლისიდან გაუქმდა დირექციები, როგორც სტრუქტურული ერთეული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექცია, შემოქმედებითი გაერთიანება «....», საბავშვო-საყმაწვილო პროგრამების დირექცია, კულტურულ-საგანმანათლებო დირექცია, კინოპროგრამების დირექცია, მუსიკალურ გასართობი პროგრამების დირექცია, ხალხური შემოქმედების დირექცია, ვახუშტის სახელობის ექსპედიციის დირექცია, სპეციალური პროგრამების დირექცია და მათ ბაზაზე შეიქმნა ტელეპროექტების დირექცია, ხოლო «თანამდებობათა დასახელებისა და ხელფასის შეცვლის შესახებ» 2004წ. 25 ივნისის ბრძანების თანახმად 2004წ. 1 ივლისიდან უწყების სტრუქტურულ დანაყოფებში შეიცვალა თანამდებობათა დასახელება და ხელფასი. სსიპ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის 2004წ. 14 სექტემბრის ბრძანებით «სსიპ საქტელერადიომაუწყებლობაში არსებული სტრუქტურისა და საშტატო განრიგის გაუქმების შესახებ» 2004წ. ოქტომბრიდან გაუქმდა არსებული სტრუქტურა და საშტატო განრიგი.

სადავო გათვაისუფლების ბრძანებებში საფუძვლად მითითებული აქტების მიხედვით, მოსარჩელეებს (ინდივიდუალურად) გადაეცათ წერილი ახალ პირობებში მუშაობის გაგრძელების თაობაზე და შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) ხელმოსაწერად, რასაც ისინი არ დაეთანხმნენ, უარი განაცხადეს ხელის მოწერაზე, ხოლო მათთვის (ინდივიდუალურად) გადაცემული წერილის თანახმად, სსიპ «საქტელერადიომაუწყებლობამ» 2004წ. 23 მარტის ¹89-კ ბრძანებით მოსარჩელეებს აცნობა, რომ შრომის არსებითი პირობების შეცვლის გამო მოუხდებოდათ მუშაობის გაგრძელება შრომის ახალ პირობებში. ახალ შრომის პირობები განსაზღვრული იყო თანდართული შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით). მათ ასევე განემარტათ, რომ თუ თანახმა არ იქნებოდნენ‚ გაეგრძელებინათ მუშაობა შრომის ახალ პირობებში, ადმინისტრაცია შეწყვეტდა მათთან შრომის ხელშეკრულებას (კონტრაქტს) შრომის კანონთა კოდექსის 30.1. «ვ» მუხლის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 30.1. «ვ» და 26.3. მუხლები და დაასკვნა, რომ აპელანტებისათვის 2004წ. 7-8 აპრილს, ანუ სადავო ბრძანებების გამოცემამდე ორი თვით ადრე ცნობილი გახდა სსიპ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის 2004წ. 23 მარტის ბრძანება «სსიპ ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობაში რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ» შინაარსი და მისგან გამომდინარე ზოგადი შედეგი _ წარმოებისა და შრომის ორგანიზაციაში ცვლილებებთან დაკავშირებით მოსალოდნელი შრომის არსებითი პირობების შეცვლის თაობაზე, მოქმედი კანონმდებლობა კი არ ითვალისწინებდა საწარმოს რეორგანიზაციის გეგმა (პროექტის) განხილვას, დამტკიცებას ან შეთანხმებას შრომით კოლექტივთან. მხარეები არ უარყოფდნენ იმ გარემოებას, რომ შრომითი ახალი პირობები განისაზღვრა შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) და ეს ხელშეკრულებები აპელანტებს გადაეცათ სადავო ბრძანებების გამოცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ხოლო შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრულ შრომის ახალ პირობებში (ერთი თვის ვადით დადებული შრომის ხელშეკრულების ფარგლებში) მუშაობის გაგრძელებაზე აპელანტებმა (თითოეულმა ინდივიდუალურად) უარი განაცხადეს, რაც თავის მხრივ ბრძანებების გამოცემის საფუძველი გახდა.

სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ბრძანებების გამოცემის მომენტისათვის (საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის თავმჯდომარის ბრძანებით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტის შესახებ შეუძლებელი იყო ადრინდელი შრომის პირობების შენარჩუნება, რადგან ფაქტობრივად აღარ არსებობდა ის სტრუქტურული ერთეულები, რომლებზეც მოსარჩელეები მუშაობდნენ, ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო‚ მიეღო გადაწყვეტილება შრომის კანონთა კოდექსის 30.1 «ვ» მუხლის საფუძველზე მოსარჩელთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მით უფრო, რომ მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ სსიპ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის 2004წ. 21 ივნისის ¹357-კ და 2004წ. 25 ივნისის ბრძანებები.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ «საზოგადოებრივი მაუწყებელი» 22.12.2005წ. ¹4310/01 წერილის თანახმად, 2004წ. 1 ივლისიდან სსიპ «საზოგადოებრივი მაუწყებელის» შრომითი კოლექტივი გადასული იყო ახალ საკონტრაქტო სისტემაზე, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ სსიპ «საზოგადოებრივი მაუწყებელის» თანამშრომლები სამუშაოზე მიღებული არიან ერთთვიანი შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ პირებისა, რომლებიც რეორგანიზაციამდე იმყოფებოდნენ შვებულებაში ორსულობის, მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ სადავო ბრძანებები მიღებულია შრომის კანონთა კოდექსის 26.4. მუხლით დადგენილი წესის, გაფრთხილების ორთთვიანი ვადის დაუცველად ანუ შესაბამისი პროცედურის დარღვევით, აღნიშნული წესის დაცვა მაინც არ გამოიწვევდა სხვაგვარი აქტის მიღების შესაძლებლობას, შესაბამისად, არ არსებობდა აღნიშნული მოტივით სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა აპელანტების და მესამე პირის წარმომადგენლების მოსაზრება შრომის კანონთა კოდექსის 37.1 მუხლთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მითითებული ნორმით აკრძალული და დაუშვებელია შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა პროფკავშირული ორგანოს თანხმობის გარეშე მხოლოდ ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის განსაზღვულ შემთხვევებში, ხოლო კანონმდებლობა ამგვარ ვალდებულებას ამავე კოდექსის 301. «ვ» მუხლის საფუძველზე შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტის (მოშლის) შემთხვევაში არ აწესებდა.

სააპელაციო სამსართლომ განმარტა, რომ რამდენადაც არ არსებობდა ის სტრუქტურული ერთეულები, სადაც მოსარჩელეები მსახურობდნენ გათავისუფლებამდე‚ შრომის კანონთა კოდექსის 207.1. მუხლის თანახმად, აპელანტებს ვერ აუნაზღაურდებოდათ იძულებითი განაცდური, ვინაიდან მითითებული ნორმით განსაზღვრულია დათხოვნის დღიდან იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მხოლოდ სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილი მოსამსახურისათვის.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ დავაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი წარმოადგენდა იმ პირს, რომლის ინტერესებსაც შესაძლოა შეხებოდა სასამართლო გადაწყვეტილება, რამდენადაც «საქტელერადიომაუწყებლობისა» და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა დამოუკიდებელ პროფკავშირს შორის დადებულია 2001-2005 წლების გენერალური ხელშეკრულება, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს უკანასკნელი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1. მუხლის საფუძველზე საქმეში ჩართული უნდა ყოფილიყო მესამე პირად, რაც რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა, ამდენად, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. კ-ემ, ც. ხ-ამ, ს. ხ-მა, ნ. ა-ემ, კ. თ-ემ, ლ. შ-მა, ე. მ-ემ, გ. მ-მა, ნ. წ-მა, ბ. მ-მა, ნ. ქ-ემ, მ. ს-ემ, ნ. ც-ემ, თ. ბ-ემ, ნ. კ-ემ, ლ. ჯ-ემ, ლ. ხ-ამ და ვ. ა-ამ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასაციის მოტივები:

სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რადგან 2004წ. ივლისში გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად კასატორებს გადაეცათ აქტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ მათ გადაეცათ წერილი ახალი პირობების გასაცნობად და ხელშეკრულება ხელმოსაწერად, რაც არ შეესაბამება რეალობას ამგვარის არარსებობის გამო, მით უფრო, რომ 2004წ. აქტი შედგენილია აპრილის თვეში და აღნიშნული აქტით კასატორებს ეცნობათ მხოლოდ შესაძლო რეორგანიზაციის შესახებ.

ადმინისტრაციამ კასატორთა გათავისუფლების დროს დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 26.3. მუხლის მოთხოვნები, რამდენადაც კასატორებს არ ეცნობათ ორი თვით ადრე შრომის პირობების არსებითი შეცვლის თაობაზე. მათთვის შეთავაზებული ხელშეკრულების პირობებით ადმინისტრაციამ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის მოთხოვნები, რამდენადაც ისინი თანამდებობაზე მუშაობდნენ უვადო ხელშეკრულებით, მაშინ, როცა ადმინისტრაციამ მათ შესთავაზა შრომის ხელშეკრულების გაგრძელება ერთთვიანი შრომითი კონტრაქტით. ვინაიდან მათთვის წარდგენილი ხელშეკრულება წარმოადგენდა პროექტს, შესაბამისად უნდა მომხდარიყო მისი განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ მიღებულიყო გადაწყვეტილება, ვინაიდან კასატორები სადავოდ არ ხდიდნენ ორგანიზაციაში ზოგადად მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესებს, არამედ ისინი სადავოდ მიიჩნევდნენ შეთავაზებული ხელშეკრულების ერთთვიან პირობას, რაზეც ადმინისტრაციას პასუხი არ გაუცია. ხელშეკრულების პროექტში არ იყო ასახული ის გარემოება, თუ რა უფლებები და მოვალეობები ეკისრებოდა მოსამსახურეს ხელშეკრულების პირობების მიღების შემთხვევაში. შესაბამისად, კასატორთა მითითებით, ადმინისტრაციამ უკანონოდ შეწყვიტა მათთან განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი).

კასატორები მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციამ ასევე დაარღვია კანონის მოთხოვნები, როცა ხელშეკრულების პროექტის წარდგენის დღიდან 5 დღის ვადაში გაათვაისუფლა თანამდებობიდან მოსამსახურეები, იმ პირობებში, როცა მისთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო მიიღებდნენ თუ არა ისინი ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს, მათ არასოდეს განუცხადებით უარი სხვა თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით, არამედ მათთვის მიუღებელი იყო ხელშეკრულების ერთთვიანი ვადა.

კასატორების მოსაზრებით მათი გათავისუფლების დროს ადმინისტრაციამ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 30.1. «ვ» პუნქტის მოთხოვნები, ვინაიდან აღნიშნული მუხლის მათი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითება უკანონო იყო იმ პირობებში, როცა კასატორებს ხელშეკრულებაზე არ ჰქონდათ ხელი მოწერილი, ამდენად, ისინი არ იყვნენ იმ სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე რომლიდანაც მოხდა მათი გათავისუფლება. ადმინისტრაციამ ისინი არ გააფრთხილა რეორგანიზაციის გამო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, არ არსებობდა რეორგანიზაციის გეგმა, შესაბამისად გაურკვეველია, რის საფუძველზე მიმდინარეობდა რეორგანიზაცია.

კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია შრომის კანონთა კოდექსის მე-19, 26-ე, 30-ე, 37-ე, 37I და 42-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი ერთთვიანი შრომის პირობებით მოხდა უვადო ხელშეკრულების შეწყვეტა, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციის მიერ ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი შრომითი ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ხელშეკრულების პროექტის განხილვა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კასატორებს ექნებოდათ ორთთვიანი ვადა ხელშეკრულების პირობების მისაღებად. შესაბამისად ამ შემთხვევაში სხვაგვარი შედეგი დადგებოდა. კასატორები გააფრთხილეს მხოლოდ შესაძლო სავარაუდო გათავისუფლების შესახებ, ხოლო აღნიშნული გაფრთხილების გამოყენება სხვა სამსახურში გადაყვანასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის მიერ მოხდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

საკასაციო სასამათლოში წარმოდგენილ შეპასუხებაში მოწინააღმდეგე მხარემ «საზოგადოებრივი მაუწყებლის» წარმომადგენელმა არ ცნო საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

საკასაციო სასამართლოს 2006წ. 19 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» პუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული ი. კ-ის, ც. ხ-ას, ს. ხ-ის, ნ. ა-ის, ე. მ-ის, ნ. წ-ის, ბ. მ-ის, ნ. ქ-ის, მ. ს-ის, ნ. ც-ის, თ. ბ-ის, ლ. ჯ-ის, ლ. ხ-ას ვ. ა-ას და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობა _ საფუძვლიანობის, საკასაციო საჩივრის სასამართლო სხდომაზე განხილვისა და სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. კ-ის, ც. ხ-ას, ს. ხ-ის, ნ. ა-ის, კ. თ-ის, ლ. შ-ის, ე. მ-ის, გ. მ-ის, ნ. წ-ის, ბ. მ-ის, ნ. ქ-ის, მ. ს-ის, ნ. ც-ის, თა. ბ-ის, ნ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ლ. ხ-ას და ვ. ა-ას წარმომადგენლის გ. მ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების, კერძოდ, სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, სწორი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, სწორად არ იქნა საქმის მასალები გამოკვლეული და დადგენილი ფაქტები. სადაო სამართალურთიერთობას სწორად არ შეეფარდა კანონის ნორმები. ამასთან, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

სსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, რამდენადაც როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, კასატორები მუშაობდნენ სსიპ საქტელერადიომაუწყებლობაში განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის თავმჯდომარის 2004წ. 2 ივლისის და 13 ივლისის ბრძანებებით ი. კ-ე, ც. ხ-ა, ს. ხ-ი, ნ. ა-ე, კ. თ-ე, ლ. შ-ი, ე. მ-ე, გ. მ-ი, ნ. წ-ი, ბ. მ-ი, ნ. ქ-ე, მ. ს-ე, ნ. ც-ე, თ. ბ-ე, ნ. კ-ე, ლ. ჯ-ე, ლ. ხ-ა და ვ. ა-ა გათავისუფლდნენ სამსახურიდან შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტის შესაბამისად. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ვადიან საკონტრაქტო პირობებში სამუშაოს გაგრძელების თაობაზე კასატორების უარი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო ბრძანების გამოცემამდე გამოიცა საქტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარის 2004წ. 23 მარტის ბრძანება ¹89-კ სსიპ «საქართველოს ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობაში რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ», რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 22 მარტის ¹236 განკარგულების შესაბამისად, მიზნად ისახავდა საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის მართვის სრულყოფასა და საკადრო ოპტიმიზაციას კონსტიტუციური და ფუნქციონალური რეფორმების განხორციელების გზით. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული კასატორების მიერ ახალ პირობებში შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმის ფაქტი და სააპელაციო სასამართლოს დასკვნით კასატორთა გათვისუფლების დროს დაცული იყო შრომის კანონთა კოდექსის 26.3 და 30-ე მუხლების მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლოს შრომის კანონთა კოდექსის 26.3. მუხლის საფუძველზე განმარტავს, წარმოებისა და შრომის ორგანიზაციაში ცვლილებებთან დაკავშირებით დასაშვებია შრომის არსებითი პირობების შეცვლა იმავე სპეციალობით, კვალიფიკაციით ან იმავე თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებისას. შრომის არსებით პირობების _ შრომის ანაზღაურების სისტემისა და ოდენობის, შეღავათების, მუშაობის რეჟიმის შეცვლის არასრული სამუშაო დროის დაწესების ან გაუქმების, პროფესიების შეთავსების, თანრიგებისა და თანამდებობათა დასახელების შეცვლისა და სხვ. შესახებ მუშაკებს უნდა აცნობონ არა უგვიანეს ორი თვისა. ამავე ნორმის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადრინდელი შრომის არსებითი პირობები არ შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს, ხოლო მუშაკი თანახმა არ არის გააგრძელოს მუშაობა ახალ პირობებში, შრომის ხელშეკრულება შეწყდება ამავე კოდექსის 30.3. პუნქტით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომის კანონთა კოდექსის 26.4 მუხლის შესაბამისად, მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა 30-ე მუხლის «ვ» პუნქტის საფუძველზე დასაშვებია, თუ შეუძლებელია შენარჩუნდეს ადრინდელი შრომის არსებითი პირობები, ხოლო მუშაკი თანახმა არ არის გააგრძელოს მუშაობა ახალ პირობებში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი არსებითი პირობების შეცვლას უკავშირებს იმავე სპეციალობით, კვალიფიკაციით ან იმავე თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას. რაც შეეხება არსებითი პირობების ისეთ შეცვლაზე, რასაც თან სდევს ანაზღაურების სისტემისა და ოდენობის, მუშაობის რეჟიმისა და სხვა ხასიათის ცვლილებები, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საჭიროა მუშაკს ეცნობოს არა უგვიანეს ორი თვისა.

საკასაციო სასამართლო შრომის კანონთა კოდექსის 30.1. «ვ» მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს საწარმოო აუცილებლობის ან სამუშაო რეჟიმის შეცვლის გამო სხვა სამუშაოზე გადაყვანაზე მუშაკის უარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე‚ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთთვიან სახელშეკრულებო პირობებზე გადასვლით, კასატორების სამუშაო პირობების არსებითი ხასიათი უარესდება გაუარესება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, შეესაბამება თუ არა კასატორების გათავისუფლება შრომის კანონთა კოდექსის 26.3 მუხლის მოთხოვნებს და ამგვარის არსებობის შემთხვევაში ეცნობათ თუ არა კასატორებს აღნიშნულის თაობაზე კანონით დადგენილ ორთვიან ვადაში.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემობების არსებობის ან არარსებობის შესახებ, კერძოდ, დასკვნა იმის თაობაზე, არსებობდა თუ არა გათავისუფლების მომენტში ის სამუშაო ადგილი, რომელიც კასატორებს ეკავათ, ამასთან სააპელაციო სასამართლომ გამოარკვიოს იყო თუ შრომითი პირობების შენარჩუნების შესაძლებლობა ადმინისტრაცის მხრიდან.

საკასაციო სასამართლოს სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ სადავო ბრძანებები მიღებულია შრომის კანონთა კოდექსის 26.4. მუხლით დადგენილი წესის, გაფრთხილების ორთთვიანი ვადის დაუცველად ანუ შესაბამისი პროცედურის დარღვევით, აღნიშნული წესის დაცვა მაინც არ გამოიწვევდა სხვაგვარი აქტის მიღების შესაძლებლობას, შესაბამისად, არ არსებობდა აღნიშნული მოტივით სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ევროპის სოციალური ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005წ. 1 ივლისის ¹1876-რს დადგენილებით,) 4.4. მუხლის საფუძველზე (საქართველო სავალდებულო შესასრულებლად აღიარებს მითითებულ პუნქტში ევროპის სოციალური ქარტიით დადგენილ მოთხოვნებს) განმარტავს, რომ დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში თითოეული მუშაკისათვის აღიარებულია შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე წინასწარი შეტყობინების /გაფრთხილების/ ვალდებულება ადმინისტრაციის მხრიდან, წარმოადგენს მუშაკის კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ გარანტიას, მომზადებული შეხვდეს სამუშაოდან გათავისუფლების ფაქტს, რომ ეს არ იყოს მისთვის მოულოდნელი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს, იმ პირობებში, როცა კასატორები სამუშაოზე მიღებულ იყვნენ განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ჩაითვლება თუ არა გათავისუფლებული მუშაკისათვის ადმინისტრაციის მხრიდან შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების (ერთთვიანი შრომითი კონტრაქტი) შეთავაზება სათანადო და სამართლიან შეთავაზებად, მაშინ, როდესაც შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) პროექტის მიხედვით, მოსარჩელეების სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადა განისაზღვრებოდა მხოლოდ ერთი თვით.

საკასაციო სასამართლო შრომის კანონთა კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს შრომის ხელშეკრულების ვადებს განმარტავს, რომ შრომის ხელშკრულება იდება განუსაზღველი ვადით, განსაზღვრული ვადით, არა უმეტეს სამიწ.ა და გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ის გარემოება, რომ შრომის კანონმდებლობით არ არის დადგენილი ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის განსაზღვრული ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) დადების მინიმალური ვადა, ადმინისტრაციას არ ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობისათვის (რომელიც ძირითადად გულისხმობს ხანგრძლივ სამართლებრივ ურთიერთობას) ხელშეკრულებით მუშაკს განუსაზღვროს ერთთვიანი ვადა, რამდენადაც კონტრაქტით დადგენილი ერთთვინი ვადა (ამასთან უფრო ნაკლები ხანგრძლივობის ვადა) შეიძლება დაწესდეს გარკვეული სამუშაოს შესრულების მიზნით მუშაკის დაქირავების შემთხვევაში, რაც მოწესრიგებულია შრომის კანონმდებლობით, დაუშვა რა კანონმდებელმა შრომის კანონთა კოდექსის 18 «გ» მუხლით მუშაკის სამუშაოზე მიღება გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს იმ პირობებში, როცა კასატორები ადმინისტრაციასთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით, ანუ როგორც სპეციალისტები, გრძელვადიანი სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების მიზნით, რამდენად დასაშვებია აღნიშნულ შემთხვევაში მუშაკის სამსახურში აყვანა ერთთვიანი კონტრაქტის ვადით, მით უფრო, რომ სასამართლოს მთავარ სდხომაზე «საქტელერადიომაუწყებლობის» წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მასთან და რიგ სხვა თანამშრომლებთან ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულება რამდენჯერმე გაგრძელდა, რამდენადაც ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაცია იმ მუშაკებთან, რომელთა საქმიანობაც, საქმიანობის არსიდან გამომდინარე ხანგრძლივი პერიოდის მოცულობით ხასიათდება, და კონკრეტული მუშაკის მიერ ასეთი საქმიანობის შესრულებას ითვალისწინებს, რის გამოც ადმინისტრაცია ერთთვიან ხელშეკრულებას არაერთხელ აგრძელებს, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, ამ შემთხვევაში ადმინისტრაცია რა საფუძვლით იყენებს ერთთვიანი შრომითი კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას _ შემდგომი გაგრძელების ან არგაგრძელების პირობით, მით უფრო იმ პირობებში, როცა ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაც და ხელახლა დადებაც, კვლავ ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, ვისი ინიციატივით მოხდა კასატორების გათავისუფლება სამსახურიდან _ მუშაკებისა და ადმინისტრაციის შეთანხმების საფუძველზე თუ სსიპ «საქტელერადიომაუწყებლობის» ცალმხრივი ინიციატივით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კასატორების სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე, მაშინ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, იყო თუ არა მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი მათი სამუშაოდან გათავისუფლებისას პროფკავშირის თანხმობა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «შრომის კანონთა კოდექსის» 37-ე მუხლით განსაზღვრავს შემთხვევებს, რომლის დროსაც აუცილებელია მუშაკის გათავისუფლებისას პროფკავშირის თანხმობის არსებობა, კერძოდ, საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე. სასამართლოს არ გამოუკვლევია, არსებობდა თუ არა «შრომის კანონთა კოდექსის» 37I მუხლით გათვალისწინებული პირობები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამსახურიდან კასატორების გათავისუფლება კანონის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ შრომის კანონთა კოდექსის 206-207-ე მუხლების თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკი ექვემდებარება წინანდელ (და არა ტოლფას) თანამდებობაზე აღდგენას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, სსიპ «საქტელერადიომაუწყებლობის» რეორგანიზაციის შედეგად არსებობს თუ არა კასატორთა მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობრივი ფუნქციების ადეკვატური თანამდებობები, რამდენადაც საქმის მასალებით ირკვევა, რომ პრაქტიკულად ადგილი ჰქონდა თანამდებობების სახელწოდებათა და არა ფუნქციურად სხვა თანამდებობრივი საშტატო ერთეულების შექმნას, სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელეთა აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რამდენადაც შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასი ანაზღაურდება სამუშაოდან უკანონო გათავისუფლებისა და წინანდელ სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, შესაბამისად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემოთმითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სსკ-ის 257-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. კ-ის, ც. ხ-ას, ს. ხ-ის, ნ. ა-ის, კ. თ-ის, ლ. შ-ის, ე. მ-ის, გ. მ-ის, ნ. წ-ის, ბ. მ-ის, ნ. ქ-ის, მ. ს-ის, ნ. ც-ის, თ. ბ-ის, ნ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ლ. ხ-ას და ვ. ა-ას წარმომადგენლის გ. მ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 6 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ გასაჩივრდება.