Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1460-02 10 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ.კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: გადაწყვეტლების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ბ-ას მოთხოვნა და მას გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა ფოთში, ... მდებარე ე. ბ-ას დანაშთ ქონებაზე.

ე.ბ-ას მეუღლემ შ. ჭ-ა-ბ-ამ განცხადება შეიტანა ფოთის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, გამარტივებული ან უვადო წარმოების წესით მოეხდინა მემკვიდრეობის ვადის აღდგენა. მემკვიდრეობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია, ვინაიდან სადავო ქონება ირიცხება ე.ბ-ას კანონიერი მემკვიდრის, შ.ჭ-ა-ბ-ას სახელზე, სასამართლოს ე. ბ-ას განცხადების განხილვისას უნდა მოეწვია შ. ბ-ა-ჭ-ა, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება და ზიანს აყენებს მის ინტერესებს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 ივლისის განჩინებით შ.ბ-ა-ჭ-ას განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 2002წ. 31 ივლისის განჩინებით შ. ბ-ა-ჭ-ას განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

შ.ბ-ა-ჭ-ამ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შ. ბ-ა-ჭ-ას სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 31 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ფოთის საქალაქო სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება სამართლებრივად დაუსაბუთებელია; სასამართლოს ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია მის საფუძვლიანობაზე.

შ.ბ-ა-ჭ-ას წარმომადგენელმა ჟ.კ-ემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს: სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა სასამართლო სხდომის ოქმი, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ სხდომაზე განხილული იყო სწორედ განცხადების საფუძვლიანობის საკითხი.

სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 ივლისის განჩინებით განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. ფოთის საქალაქო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ხელახლა განეხილა აღნიშნული საკითხი.

სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლოს თავად უნდა გადაეწყვიტა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 430-ე მუხლის I ნაწილის თანახმად თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებია, მაშინ სასამართლომ უნდა განსაზღვროს დრო საქმის ზეპირი განხილვისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ საქმის ზეპირი განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე, რაც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლოში.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლოს არ უმსჯელია და არ განუხილავს განცხადების საფუძვლიანობის საკითხი და ისე გადაწყვიტა, რომ განცხადება უსაფუძვლოა და საქმის წარმოება არ უნდა განახლდეს.

სააპელაციო სასამართლომ დააბრუნა რა შ. ბ-ა-ჭ-ას განცხადება ხელახლა განსახილველად, სწორად მიუთითა, რომ სსკ-ს 424-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივად განცხადების საფუძვლიანობის საკითხი არ განუხილავს, რითაც დაარღვია სსკ-ს 430-ე მუხლის მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ს 385-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა უფლებამოსილება, გადაეგზავნა საქმე ხელახლა განსახილველად ფოთის საქალაქო სასამართლოში.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შ. ბ-ა-ჭ-ას წარმომადგენლის, ჟ.კ-ის, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

შ. ბ-ა-ჭ-ას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ¹000141107 ანგარიშიდან 14 ლარი და ¹206130725 ანგარიშიდან 6 ლარის ოდენობით დაუბრუნდეს უკან, როგორც არასწორად გადახდილი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს საოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.