¹3კ-1461-02 26 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზე 2001წ. 16 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე შეტანილი განცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოებით განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2001წ. 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საარბიტრაჟო პრეტენზია და ქუთაისში, ..... ¹8 სახლში კ. გ-ის საკუთრებად იქნა ცნობილი სახლის მეორე სართულზე ბინა ¹2 თავისი საცხოვრებელი და დამხმარე ფართით, ასევე _ პირველ სართულზე 1-12 დამხმარე ოთახი.
ნ. კ-ის საკუთრებად იქნა ცნობილი მესამე სართულზე ¹3 ბინა თავისი საცხოვრებელი და დამხმარე ფართით. ასევე _ პირველ სართულზე 1-1 დამხმარე ოთახი.
ნ. ნ-ის საკუთრებად იქნა ცნობილი მესამე სართულზე ბინა ¹4 თავისი საცხოვრებელი და დამხმარე ფართით და პირველ სართულზე 1-10 დამხმარე ოთახი.
მ. კ-ის საკუთრებად იქნა ცნობილი მეოთხე სართულზე ბინა ¹5 თავისი საცხოვრებელ და დამხმარე ფართით, პირველ სართულზე _ 1-2 დამხმარე ოთახი.
ლ. ლ-ის საკუთრებად ცნობილ იქნა მე-4 სართულზე მდებარე ¹6 ბინა თავისი საცხოვრებელი და დამხმარე ფართით, პირველ სართულზე _ 1-8 და 19 დამხმარე ოთახები.
დ. ს-ის საკუთრებად ცნობილ იქნა მე-5 სართულზე ბინა ¹7 თავისი საცხოვრებელი და დამხმარე ფართით, ასევე პირველ სართულზე 1-3 დამხმარე ოთახი და მანსარდში ოთახი ფართით 33.60 კვ.მ.
ნ. ს-ის საკუთრებად ცნობილ იქნა მე-4 სართულზე მდებარე ბინა ¹8 თავისი საცხოვრებელი და დამხმარე ფართით, პირველ სართულზე _ 1-11 დამხმარე ოთახით და მანსარდში ოთახი ფართით 63.84 კვ.მ.
ამავე გადაწყვეტილებით მეორე სართულზე ბინა ¹1 თავისი საცხოვრებელი და დამხმარე ფართით, ასევე პირველ სართულზე 1-4, 1-5, 1-6 და 1-7 დამხმარე ოთახების მესაკუთრეთა საკითხი დარჩა ღიად, ვინაიდან ამ ფართის მესაკუთრე ნ. ბ-ის ბინაზე და დამხმარე ფართზე პრეტენზიას აცხადებს გ. კ-ი.
საარბიტრაჟო სასამართლოში მოპასუხედ წარმოდგენილ, ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიალურ სამსახურს და არც მოსარჩელეებს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ და იგი შევიდა კანონიერ ძალაში.
2002წ. 8 აპრილს პ. ო-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა სამოქალაქო საქმეს გ. კ-ის მიმართ. მითითებულ სამოქალაქო საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მისი მესამე პირად დაშვების საკითხის გარკვევის დროს, 2002წ. 18 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2001წ. 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ღიად იყო დარჩენილი სადავო ¹1 ბინის (თავისი დამხმარე 1-4, 1-5, 1-6 და 1-7 სათავსებით), მესაკუთრეობის საკითხი.
მან მიუთითა, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელყოფილ იქნა მისი უფლება, ვინაიდან სასამართლოში მის მიერ შეტანილი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 25 მაისის და 13 ივნისის განჩინებებით ყადაღა დაედო მთლიან საცხოვრებელ სახლს და სახლის ქვემოთ მდებარე ნ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულ მინიმარკეტს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 აპრილის განჩინებით პ. ო-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ კერძო არბიტრაჟს არ გადაუწყვეტია დავა ნ. ბ-ის საკუთრებასთან დაკავშირებით. ამასთან, პ. ო-ი არ იყო საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე და მას არ ჰქონდა უფლება, საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტაში მოწვეული ყოფილიყო მხარედ ან მესამე პირად და აქედან გამომდინარე, მას არც იმის უფლება გააჩნია, რომ განცხადება წარადგინოს სასამართლოში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ბათილობის თაობაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა პ. ო-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ს 52-ე თავი არ იცნობს კერძო არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (თუნდაც კანონიერ ძალაში შესული) გასაჩივრების წესს, ხოლო ანალოგიის გამოყენება დაუშვებელი იყო. პ. ო-ი არ წარმოადგენდა საარბიტრაჟო შეთანხმების და გადაწყვეტილების მხარეს, ამიტომ მას არ გააჩნია ამ გადაწყვეტილებაზე სასამართლოში მიმართვის უფლება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პ. ო-ს უფლება ჰქონდა, მისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით საერთო სასარჩელო წარმოების წესით მიემართა შესაბამისი სასამართლოსათვის.
2002წ. 2 დეკემბერს პ. ო-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, როგორც უფრო გვიან მიღებული კანონი, ვიდრე “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონი, უნდა გამოყენებულიყო ამ საქმის გადაწყვეტის დროს და სსკ-ს მე-7 მუხლის შესაბამისად გამოყენებული უნდა ყოფილიყო ანალოგიის პრინციპი.
მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ იგი არასწორად არ მიიჩნია მხარედ და დაინტერესებულ პირად, რითაც დაარღვია სსკ-ს მე-2 და 79-ე მუხლების მოთხოვნები.
კასატორს მიაჩნია, რომ თვით საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. დაუსაბუთებლობა იმაში გამოიხატება, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს მთლიანი სახლი ყადაღადადებული იყო და არბიტრაჟს უფლება არ ჰქონდა, ყადაღადადებულ ქონებაზე დაედგინა ვინმეს მესაკუთრეობა, მითუმეტეს, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა არ შედის საარბიტრაჟო სასამართლოს კომპეტენციაში და სააღსრულებო კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად ყადაღადადებულ ქონების რაიმე სახის გარიგებით განკარგვა ბათილია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 აპრილის განჩინება, უნდა გაუქმდეს შემდეგი მოსაზრებების გამო:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ და შემდეგ კი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ პ. (ჯ.) ო-ის განცხადება ქუთაისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ 2001წ. 11 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ შეაფასა, მიიღო და განიხილა ისე, როგორც იგი იყო წარმოდგენილი განმცხადებლის მიერ, ანუ როგორც განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, რასაც ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილებების მიმართ სსკ-ს 422-ე მუხლი.
სინამდვილეში, საქმის განხილვა კერძო არბიტრაჟში წარმოებს არა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც აწესრიგებს საქმეთა განხილვას სახელმწიფო (და არა კერძო) სასამართლოში, არამედ _ საქართველოს კანონით “კერძო არბიტრაჟის შესახებ”, აგრეთვე, ამ კანონის მე-18 მუხლის თანახმად შემუშავებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულების შესაბამისად.
ამრიგად, კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილების შემოწმებისას არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სსკ-ს შესაბამისი მუხლების დანაწესები.
2. როგორც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ისე საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ მხედველობიდან გაუშვეს კიდევ ერთი არსებითი მნიშვნელობის გარემოება: საქართველოს კანონი “კერძო არბიტრაჟის შესახებ” შეიცავს მე-IV თავს, რომელსაც ეწოდება “საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება და აღსრულება”. კანონის ამ თავში არის მუხლი 43-ე, რომლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს მხარის სარჩელი და შეცვალოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვის და გადაწყვეტის მხარეთა შეთანხმებით ან კანონით დადგენილი წესები.
საერთაშორისო პრაქტიკისა და სხვადასხვა ქვეყნების “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საკანონმდებლო აქტებს თუ მოვიშველიებთ, აქ სიტყვა “სარჩელი” ნახმარია არა ტრადიციული გაგებით, არამედ როგორც საჩივარი, შუამდგომლობა, განცხადება გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ.
რაზედაც მიანიშნებს ამავე კანონის 44-ე მუხლი, რომლის თანახმად, “გასაჩივრების შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება. რაიონული (ქალაქის) სასამართლო უფლებამოსილია, შეაჩეროს გასაჩივრებული საარბიტრაჟო გადაწყვეტის აღსრულება.
ამრიგად, კერძო არბიტრაჟის 43-ე და 44-ე მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სავსებით ცხადია და ეჭვს არ იწვევს კანონმდებლის პოზიცია: კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.”
გასაჩივრების უფლება კი აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს დასაბუთებული პრეტენზია კერძო არბიტრაჟის მიერ განხილული სადავო ობიექტის (საგნის) მიმართ და რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მიღებული გადაწყვეტილებით შეილახა მათი უფლება.
აქედან გამომდინარე, პ. (ჯ.) ო-ის განცხადება მიღებული და განხილული უნდა ყოფილიყო როგორც “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის 43-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული საჩივარი (სარჩელი), ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შემოწმებულიყო 43-ე მუხლში მითითებული საფუძვლების მიმართ, მათ შორის, ხომ არ იყო დარღვეული არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის წესები (43-ე მუხლის “ბ” პუნქტი).
3. ამ საქმის განხილვის პროცესში ქუთაისის მუდმივმოქმედმა კერძო არბიტრაჟმა დაარღვია ამ სასამართლოში საქმეთა განხილვის რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი, რის გამოც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
ეს დარღვევები შემდეგში მდგომარეობს:
ა) სსკ-ს მე-12 მუხლის თანახმად, კერძო არბიტრაჟს შეიძლება განსახილველად გადაეცეს მხოლოდ “ქონებრივი დავა”.
ეს მუხლი ემყარება გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (იუნსიტრალის) მიერ შემუშავებული სანიმუშო (მოდელურ) კანონს “საერთაშორისო სავაჭრო არბიტრაჟის შესახებ”
“კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, პირებს შორის წამოჭრილი სამოქალაქო დავა მათივე შეთანხმებით განსახილველად გადაეცემა მუდმივმოქმედ ან ამ დავისათვის საგანგებოდ შექმნილ დროებით კერძო არბიტრაჟს”.
სამოქალაქო დავაში უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ ქონებრივი და არა პირადი არაქონებრივი დავები.
მაგრამ რაც არ უნდა ვიგულისხმოთ ერთი რამ არ იწვეს ეჭვს: კერძო არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს მხოლოდ “სამოქალაქო დავები”, ე.ი. დავები, წარმოშობილი სამოქალაქო სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ეს პ. (ჯ.) ო-ის საჩივრიდან და საქმიდან ჩანს, ქუთაისის კერძო არბიტრაჟმა განიხილა საქმე გ. კ-ის, კ. გ-ის, ნ. კ-ისა და სხვების პრეტენზიისა (სარჩელისა) გამო მოპასუხე “ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის” მიმართ, რომლის წარმომადგენლად მითითებულია ო. ს-ი. მოსარჩელეთა მოთხოვნის შინაარსი ასეთია: კერძო არბიტრაჟმა ცნოს ისინი მრავალბინიან სახლში ცალკეული ბინების მესაკუთრეებად, ხოლო ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მასთან არსებულ ჩანაწერებში.
კერძო არბიტრაჟმა დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა, თუმცა მხარეთა პრეტენზია, მიმართული ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიმართ, არც ქონებრივი დავაა და არც სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათის დავა.
2001წ. 16 ნოემბრის ¹96 საარბიტრაჟო შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მიიღო და განიხილა საქმე ქუთაისის კერძო არბიტრაჟმა, ხელს არ აწერს ე.წ. “მოდავე მხარე”, ანუ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის წარმომადგენელი, ამიტომ, ასეთი “საარბიტრაჟო შეთანხმება” ვერ ჩაითვლება კერძო არბიტრაჟში საქმის განხილვის საფუძვლად.
ამრიგად, კერძო არბიტრაჟი გასცილდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს.
გ) საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრიდან აშკარაა, რომ საარბიტრაჟო შეთანხმების მიღმა დარჩა ზოგიერთი პირი, რომელიც აცხადებს პრეტენზიას სადავო საცხოვრებელი სახლის ნაწილზე.
ეს პრინციპულად დაუშვებელია: თუ საარბიტრაჟო შეთანხმება ყველა მოდავე პირს შორის არ ხდება, კერძო არბიტრაჟმა არ უნდა მიიღოს და განიხილოს დავა, რადგან დავის განხილვა მხოლოდ იმ პირებს შორის, რომლებიც ერთმანეთთან არ დავობენ, საერთოდ არ წარმოადგენს საარბიტრაჟო განხილვის არც მიზანს და არც საგანს. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული საქართველოს კანონში “კერძო არბიტრაჟის შესახებ”, რომლის პირველი მუხლის თანახმად არბიტრაჟს განსახილველად გადაეცემა “პირებს შორის წამოჭრილი სამოქალაქო დავა”.
დ) კერძო არბიტრაჟმა ფაქტობრივად განიხილა არა დავა მხარეთა შორის, არამედ უდავო წარმოების წესით იმ პირთა საკუთრების უფლებით ბინის ფლობის იურიდიულად დადგენა, რისი უფლებამოსილება და კომპეტენცია კერძო არბიტრაჟს არ გააჩნდა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის პირველი მუხლის თანახმად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 411 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
პ. (ჯ.) ო-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2001წ. 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.