საქმე # 210100122005427125
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №333აპ-23 ქ. თბილისი
ბ. ლ. 333აპ-23 7 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით;
1.2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2.1. ლ. ბ–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2021 წლის 4 დეკემბერს საღამოს საათებში, ს–ს რაიონის სოფელ ბ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. „ქ–ს“ ვენახებში გამავალ მეორეხარისხოვან საავტომობილო გზაზე „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით: .....) მოძრაობისას პირადად ინახავდა 1941 წელს გამოშვებულ, რუსული წარმოების, ქარხნული წესით დამზადებულ 1930-33 წლების ნიმუშის „ტოკარევის“ კონსტრუქციის 7.62 მმ კალიბრიან პისტოლეტს, საშტატო ნიმუშით „TT“, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ასევე, „ტოკარევის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის განკუთვნილ 7 ცალ ვაზნას, რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, რაშიც იგი 2021 წლის 4 დეკემბერს ამხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ–ს პოლიციის დეპარტამენტის ს–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.
2.2. ლ. ბ–სი 2021 წლის 4 დეკემბერს, საღამოს საათებში, ს–ს რაიონის სოფელ ბ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. „ქ–ს“ ვენახებში გამავალ მეორეხარისხოვან საავტომობილო გზაზე მისი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით: –...) მოძრაობისას პირადად ატარებდა 1941 წელს გამოშვებულ, რუსული წარმოების, ქარხნული წესით დამზადებულ 1930-33 წლების ნიმუშის „ტოკარევის“ კონსტრუქციის 7.62 მმ კალიბრიან პისტოლეტს, საშტატო ნიმუშით „TT“, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ასევე, „ტოკარევის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის განკუთვნილ 7 ცალ ვაზნას, რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, რაშიც იგი 2021 წლის 4 დეკემბერს ამხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ–ს პოლიციის დეპარტამენტის ს–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ლ. ბ–სი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
3.1. გაუქმდა ლ. ბ–ს მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და ლ. ბ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
3.2. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ლ. ბ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ცუცქირიძემ, რომელმაც მოითხოვა ლ. ბ–ი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილებით დამნაშავედ ცნობა და შესაბამისი სასჯელის შეფარდება, თავისუფლების აღკვეთის სახით.
5. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს გამართლებულმა ლ. ბ–სმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - შ. მ–მ, ნ. ბ–მა და თ. გ–მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 აგვისტოს განაჩენი გამართლებულ ლ. ბ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ცუცქირიძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს ლ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილებით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის შესაბამისი სასჯელის შეფარდებას.
7.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს გამართლებულ ლ. ბ–სის ადვოკატებმა - შ. მ–მ და ნ. ბ–მა, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებულ ლ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში, ხოლო დაცვის მხარე, შესაგებლით - გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ლ. ბ–ს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობისათვის, როგორც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში, ისე - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.
12. გამართლებულ ლ. ბ–სის ჩვენების (მან უარყო ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა და მიუთითა პოლიციელების მხრიდან იარაღის ჩადებასა და იარაღზე მისი ბიოლოგიური მასალის გადატანაზე - ,,ხელთათმანიანი ხელი გამომისვა პირში, სავარაუდოდ დნმ-ის მასალა იარაღზე დასატანად სჭირდებოდათ“) და მოწმე ა. ს–სის ჩვენების (2021 წლის 4 დეკემბერს, ტიბაანიდან წნორის მიმართულებით იდგა ან ძალიან ნელა მოძრაობდა პოლიციის „პიკაპი“, რომელმაც მაშუქების ანთებით ანიშნა იქვე ავტომანქანით მიმავალ ლ. ბ–სს შეჩერებულიყო. ლ. ბ–ი ადგილზე გაჩერდა, „ქ–ს“ გადასახვევიდან 200-300 მეტრში. დაახლოებით ერთი ან ორი კვირის შემდეგ ა.ს–მა გაიგო, რომ ლ. ბ–ი დაიჭირეს (მიზეზი უცნობია), კერძოდ, ლ. ბ–ს ბებიამ მის ცოლს - ე–ს უთხრა, რომ ლ. ბ–ი დაიჭირეს. თავის მხრივ, მეუღლემ აღნიშნა - „ჩვენ, რომ გამოვიარეთ ეტყობა მაშინ დაიჭირეს“), ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლ. ბ–ს ბრალდება ძირითადად ემყარება სადავო პირადი ჩხრეკის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებას და პოლიციელთა ჩვენებებს, პირადი ჩხრეკის ფარგლებში არ იყო დაცული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნა; ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია და იმავდროულად, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც გამართლებულის, ასევე მოწმე ა. ს–ს ჩვენებებს, ბრალდების მხარის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ ლ. ბ–სმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები.
12.1. საკასაციო სასამარლო, იმავდროულად, ითვალისწინებს საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა რაოდენობას, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ალტერნატიულ საშუალებებს (ხელბორკილის გამოყენებას) და ვიდეოფიქსაციის საშუალების ხელმისაწვდომობას (მათ შორის, მობილური ტელეფონი) და ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას მოცემულ შემთხვევაში პოლიციელთა ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულების მოპოვების შეუძლებლობის შესახებ, მათ შორის - იმაზე მითითებით, რომ გამართლებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციელები იყვნენ ფორსმაჟორულ სიტუაციაში და შესაბამისად, ვერ მოახერხებდნენ ვიდეოგადაღებას (,,რაზე იფიქრონ უსაფრთხოებაზე თუ ვიდეოგადაღებაზე?“); კასატორის მტკიცებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ასევე მოხდა ვიდეოგადაღება, რაც (ჩანაწერი) შეინახეს კიდეც, თუმცა ხარვეზის გამო არ წარადგინეს სასამართლოში.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ზოგადად, პირის მფლობელობაში ნივთის აღმოჩენა ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ ეს ნივთი მას ეკუთვნოდა და ეს ჰიპოთეზა შეუსაბამო არ არის მტკიცების ტვირთთან და in dubio pro reo-ს პრინციპთან, თუმცა ამ პრეზუმფციის ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როდესაც აღმოსაჩენი ნივთი შეიძლება პირის ბრალდების მთავარი საფუძველი იყოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-105).
14. ამასთან, თვითმხილველი მოწმე პოლიციელების ჩვენებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს: მიუხედავად იმისა, რომ „პოლიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და არ არსებობს რაიმე a priori საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე, მაგალითად, სხვა პირებისას, თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს. მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-102).
15. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ძირითად მამხილებელ მტკიცებულებას წარმოადგენს სადავო ჩხრეკის შედეგად მოპოვებული ნივთმტკიცება (ცეცხლსასროლი იარაღი); სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ ჩხრეკის შესაბამისობას ჩხრეკის ოქმში ასახულ გარემოებებთან, „გაკეთებული იყო ხელისუფლების იმ ორგანოს წარმომადგენლების მიერ, რომელმაც დაიწყო საქმის წარმოება და რომელიც დაინტერესებული იყო მისი შედეგებით. მათი ინტერესი განსაკუთრებით აშკარა იყო მომჩივანთა ბრალდებების გათვალისწინებით იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მტკიცებულებები ჩაუდეს. უფრო მეტიც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები არ იყო არაბუნდოვანი … საქმის მასალებში არსებული არცერთი სხვა მტკიცებულება არ იყო საკმარისად მყარი დამოუკიდებლად“ (Tlashadze and Kakashvili v. Georgia, no.41674/10, § 52, ECtHR, 25/03/2021; Kalandia v. Georgia, N57255/10, § 43, ECtHR, 22/04/2021); გარდა ამისა, მათი ჩვენებები გარკვეულწილად წინააღმდეგობრივია.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს (მათ შორის - საქართველოსთან მიმართებით), რომელიც ეხება სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების და ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სანდოობის საკითხს, სადაც სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მომჩივნის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულების მოპოვების ფორმა წარმოშობდა ეჭვებს მის სანდოობასა და სიზუსტესთან დაკავშირებით (იხ., მაგალითად, Kobiashvili v. Georgia, no. 36416/06, 14/03/2019; Tlashadze and Kakashvili v. Georgia, no.41674/10, 25/03/2021; Shubitidze v Georgia, no. 43854/12, 12/06/2021).
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ: ,,ბრალდების მხარის ვალდებულებაა, გამოიყენოს კანონიერი საშუალებები იმისათვის, რომ გაამყაროს ჩხრეკა/ამოღების ფაქტისადმი სანდოობა.... აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს სამართალდამცავთა ცალსახა ვალდებულება, მოიპოვონ ჩხრეკის სანდოობის უზრუნველმყოფი მტკიცებულებები, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-106). „ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაში, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ვერ მოხდეს ჩხრეკის ფაქტის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება, თუმცა უნდა დადასტურდეს, რომ უფლებამოსილმა პირმა მიიღო გონივრული ზომები იმისთვის, რომ უზრუნველყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება“ ( იქვე, II-108). „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, როგორც წესი, გადაულახავ სირთულესთან არ არის დაკავშირებული ჩხრეკის დაფიქსირება თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც დღესდღეობით ფაქტობრივად ყოველდღიური მოხმარების ნივთს წარმოადგენს” (იქვე, II-109). „როდესაც აშკარაა, რომ პოლიციელს შეეძლო მოეპოვებინა ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი მტკიცებულება და მან ეს არ გააკეთა, მისი ქმედებებისადმი ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს” ( იქვე, II-107).
18. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესით (გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს), საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით (არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი), საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილითა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას) დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). ამასთან, „გამოძიებისთვის რეალურად ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოუყენებლობა, რაც დაადასტურებდა/გაამყარებდა პირის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ქმნის შეცდომის, თვითნებობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მნიშვნელოვან რისკებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-110).
19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოწმე პოლიციელების სადავო ჩვენების გარდა სისხლის სამართლის საქმეში სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად, იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ლ. ბ–ს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობისათვის.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
21. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
22. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
24. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე