გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1465-02 4 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: დავალიანების გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 25 იანვარს “ა-ის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გ.ბ-ემ სარჩელით მიმართა ქ.ქუთაისის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1994წ. 5 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სააქციოო საზოგადოება “ა-მა” გასცა კრედიტი 12 მლრდ კუპონის ოდენობით სააქციო საზოგადოებაზე ,,ვ-ზე,” რომლის უფლებამონაცვლეა სს ,,მ-ი”. ხელშეკრულების თანახმად სააქციო საზოგადოება “ვ-მ” ვალდებულება იკისრა ,,ა-ის მიმართ აღნიშნული კრედიტის და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის შესახებ. სს “ვ-”-მ ვალდებულება არ შეასრულა, რის საფუძველზეც “ა-მა” მოითხოვა მოპასუხეზე, სს ,,მ-ზე” 12000 ლარის დაკისრება.
სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა მოპასუხემ. იგი მიუთითებდა, რომ ქ. ქუთაისის საფინანსო სამმართველომ მათ ანგარიშზე გადარიცხა 3750 ლარი სს ,,ა-ის” ქუთაისის ფილიალიდან, მაგრამ ეს თანხა გაჩერებულია ბანკში და არ გადასცემია მოპასუხეს. როგორც ბანკი განმარტავს, სს ,,მ-ის” 1994წ. შეუსრულებელი ვალდებულება. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა აღნიშნული თანხის და ზიანის 2145 ლარის მოპასუხეზე მის სასარგებლოდ დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2002წ. 5 აპრილს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო. მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა.
სს “ა-მა” ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა საჩივრით და მოითხოვა 2002წ. 5 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. საჩივარში აღნიშნულია, რომ 2002წ. 5 5 აპრილს 12 საათზე დაინიშნა სხდომა, აღნიშნულის შესახებ აპელანტებს ეცნობათ უწყებით. ვინაიდან თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობას სჭირდება არანაკლებ 3 საათი და 30 წუთი, სხდომის წინა დღეს მოსამართლეს სთხოვეს პროცესის დაწყების დრო გადაეტანა 13 საათისთვის, რაზეც თანხმობა მიიღეს. 5 აპრილს მათი წარმომადგენელი ზუსტად 13 საათზე გამოცხადდა სასამართლოში, მაგრამ პროცესი უკვე ჩატარებული იყო.
2002წ. 31 მაისის განჩინებით უარი ეთქვა მოსარჩელეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სს “ა-მა” აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 ოქტომბრის განჩინებით სს “ა-ის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის გ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 5 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო საასამართლომ განმარტა, რომ აპელანტმა ვერ წარუდგინა სასამართლოს ,,დაუძლეველი ძალის” ან სხვა მოვლენის არსებობის მტკიცებულებები, რომელთა გამოც ვერ შეძლო სასამართლო პროცესზე გამოცხადება. ასევე ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ სასამართლოს და აპელანტს შორის მოხდა შეთანხმება ბანკის წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადების ერთი სათით დაგვიანების შესახებ.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ბანკის წარმომადგენელმა ვერ დაადასტურა 2002წ. 5 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადების ფაქტიც.
გ.ბ-ემ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად ქუთაისის საოლქო სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2002წ. 5 აპრილს 12 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული იყო სამოქალაქო საქმე სს “ა-ის” სარჩელის გამო სს “მ-ის” მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. სხდომის ჩანიშვნის შესახებ მხარეებს ეცნობათ სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად, რასაც თვით მოსარჩელეც არ უარყოფს.
სს “ა-ის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თავის საჩივარში განმარტა, რომ სასამართლო სხდომის თარიღი ეცნობათ უწყებით. ვინაიდან თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობას სჭირდება არანაკლებ 3 სთ. და 30 წთ. სხდომის წინა დღეს სს “ა-ის” წარმომადგენელმა სასამართლოს თხოვა პროცესის დაწყების დრო გადაეტანა 13 საათისათვის, რადგან ფიზიკურად ვერ შეძლებდა თბილისიდან ქუთაისში 12 საათისთვის ჩასვლას. 2002 წ. 5 აპრილს “ა-”-ის წარმომადგენელი გამოცხადდა სასამართლოში, მაგრამ პროცესი ჩატარებული დახვდა. კასატორი მის მიერ მითითებულ გარემოებას მიიჩნევს სსკ-ს 233-ე მუხლის “ბ” პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევად. აღნიშნული მუხლის მიხედვით სასამართლოსათვის ცნობილი უნდა გახეს, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. კასატორი ვერ მიუთითებს გარემოებაზე, რომლის შესაბამისად მისი გამოუცხადებლობა საპატიოდ უნდა ჩაითვალოს. არ დადასტურდა საჩივრის ავტორსა და სასამართლოს შორის შეთანხმების ფაქტი. ასევე არ დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელი მითითებულ დღეს საერთოდ გამოცხადდა სასამართლოში.
სსკ-ს 241-ე მუხლის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლბა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ გამომდინარეობს 241-ე მუხლიდან. აღნიშნულის გამო თვლის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ა-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამწერამეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 ოქტომბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.