Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ-1466-02 25 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: კუთვნილი წილის გამოყოფა (ძირითად სარჩელში); დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

დ. წ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ლ. რ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ხონის რაიონის სოფ. .... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მისი კუთვნილი ნივთების დაბრუნება და კუთვნილი წილის მიკუთვნება. მოპასუხე ლ. რ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ძმის ჯ. რ-ის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება.

ხონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დ. წ-ეს დაუბრუნდა ნამზითვი ნივთები; ლ. რ-ეს დაეკისრა დ. წ-ის სასარგებლოდ 8172 ლარის გადახდა; დაკმაყოფილდა მოპასუხე ლ. რ-ის შეგებებული სარჩელი; მოსარჩელე დ. წ-ეს მოპასუხე ლ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4973 ლარის გადახდა; სკ-ს 442-ე მუხლის გამოყენებით მოხდა თანხის გაქვითვა და საბოლოოდ მოპასუხე ლ. რ-ეს დაეკისრა მოსარჩელე დ. წ-ის სასარგებლოდ 3199 ლარის გადახდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. რ-ემ და მოითხოვა ხონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მისთვის დ. წ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილება ლ. რ-ეზე დ. წ-ის სასარგებლოდ 8172 ლარის დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

დ. წ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება ხონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში.

საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არ მოახდინა საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორი შეფასება. თვით მოპასუხე ლ.რ-ემ ვერ უარყო და დაადასტურა, რომ მას და მის მეუღლეს სოფ.თან კავშირი არ გაუწყვეტიათ, აწარმოებდნენ სახლზე სარემონტო სამუშაოებს, უხდიდნენ ხელოსნებს შესაბამის თანხებს.

ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, ვ.რ-ის სახელზე რიცხული სახლის შეკეთების თაობაზე მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა. სამშენებლო მასალების შეძენა შეთანხმებული უნდა ყოფილიყო, მესაკუთრესთან; მცდარია პალატის მოსაზრება, ვინაიდან არ არსებობდა რაიმე სახის ხელშეკრულება, საამშენებლო მასალა საჩუქრად გადაეცა ვ.რ-ეს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და სწორად იხელმძღვანელა სკ-ს 131-ე მუხლით.

საამშენებლო მასალების გადაზიდვის და მისი რემონტისათვის გამოყენების ფაქტი დასტურდება საქმეში არსებული ქვითრებით, ასევე საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და ლ.რ-ის აღიარებით.

ლ. რ-ემ შეგებებული საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, კერძოდ, ხონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილების მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების გაუქმება და უარი თქვა შეგებებულ სარჩელზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრებს, მოუსმინა მხარეებს და მიაჩნია, რომ დ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ლ. რუხაძის შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სადავო სახლი ეკუთვნოდა საკოლმეურნეო კომლს, რომლის ერთადერთი წევრი 1975 წლიდან იყო აწ გარდაცვლილი ვ. რ-ე, კომლს სარგებლობაში გააჩნდა მიწის ნაკვეთი; სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის შემდეგ მთავარი ნივთის მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული არსებითი შემადგენელი ნაწილის საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა ვ. რ-ე; არც მოსარჩელე დ. წ-ე და არც მისი მეუღლე ჯ. რ-ე არ ყოფილან ვ.რ-ის კომლის წევრები და უძრავი ქონების თანამესაკუთრეები; მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე და მისი მეუღლე მასთან ერთად ზრუნავდნენ დედის კომლის შენარჩუნებისათვის და დროდადრო აწარმოებდნენ სახლზე სარემონტო სამუშაოებს. ჯ. რ-ეს სიცოცხლეში კომლის ქონებასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია.

პალატას მიაჩნია, რომ საფუძველსმოკლებულია კასატორის პრეტენზია, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მისი და მისი მეუღლის მიერ სადავო სახლზე სარემონტო სამუშაოების წარმოების ფაქტი და დადებით შემთხვევაში ეკუთვნით ამ სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება.

სკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ ასეთი პრეტენზია წამოყენებული არ არის.

პალატა თვლის, რომ ფაქტობრივად გარკვეული სამუშაოების წარმოება დედისა და დედამთილის კუთვნილ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე, როცა აღნიშნული საკუთარი სურვილით, ახლო ნათესაური კავშირიდან გამომდინარე, ნებაყოფლობით ხორციელდებოდა და მას საფუძვლად არ ედო შეთანხმება მომავალში ქონების თანასაკუთრების უფლებით მხარეებზე გადაცემის შესახებ, არ წარმოადგენს ამ სამუშაოების ანაზღაურებისა და ქონებიდან წილის მიღების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს.

პალატა ასევე იზიარებს შეგებებული საკასაციო საჩივრის მოტივაციას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა გადაწყვეტილება, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში; სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ლ. რ-ეს დაეკისრა დ. წ-ის სასარგებლოდ თანხის გაქვითვის შედეგად 3199 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა მიღებულ იქნა დ. წ-ის სასარგებლოდ ლ. რ-ისათვის დაკისრებული თანხისა და ამ უკანასკნელის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებით დ. წ-ეზე დაკისრებული თანხის გაქვითვით. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომლითაც ლ. რ-ეს დ. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8172 ლარი, ამით ბუნებრივია მოისპო ამ თანხის გაქვითვის შედეგად ლ. რ-ისათვის თანხის დაკისრების იურიდიული საფუძველი;

დასაკმაყოფილებელია ლ. რ-ის მოთხოვნა შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, სარჩელზე უარის თქმის გამო;

სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეს საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია მოითხოვოს საქმის წარმოების შეწყვეტა სარჩელზე უარის თქმის გამო:

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

დ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ლ. რ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება ხონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ლ. რ-ის შეგებებული სარჩელი და ამ უკანასკნელს თანხის გაქვითვის შედეგად დაეკისრა 3199 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩეს უცლელი.

ლ. რ-ის შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდეს მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო და გაუქმდეს ამ საკითხზე მიღებული ყველა სასამართლოს გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.