Facebook Twitter

საქმე # 140100122005805283

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №492აპ-23 ქ. თბილისი

მ. გ. 492აპ-23 11 სექტემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. მ–ს, - დაბადებულს ..... წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ქ. გ–ში, ..........ის გამზირ N..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-.. სადარბაზოში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (გ. მ–სი თვლის, რომ მის ყოფილ მეუღლეს, როგორც ქალს, არ აქვს უფლება, ჰქონდეს პირადი ცხოვრება და ურთიერთობა სხვა მამაკაცთან. ასევე, ვინაიდან ის არის კაცი, ქალი უნდა დაემორჩილოს მის ნებას, იმოქმედოს მისი სურვილის შესაბამისად, არ უნდა შეეპასუხოს და შეეწინააღმდეგოს მას) გ. მ–სმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - მ. მ–ს. კერძოდ, მარცხენა ხელის მაჯაში ხელი მოუჭირა ძლიერად, რის შემდეგაც კრა ხელი და დააგორა კიბის საფეხურებზე და წამოდგომის დროს ხელი ერთხელ დაარტყა მარჯვენა მხარში. გ. მ–ს ქმედებების შედეგად მ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.2. 2022 წლის 27 აპრილს, ღამით, ქ. გ–ში, .......ების გამზირ N..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-.. სადარბაზოში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, (გ. მ–ი თვლის, რომ მის ყოფილ მეუღლეს, როგორც ქალს, არ აქვს უფლება, ჰქონდეს პირადი ცხოვრება და ურთიერთობა სხვა მამაკაცთან. ის, როგორც ქალი, უნდა დაემორჩილოს მის ნებას, იმოქმედოს მისი სურვილის შესაბამისად, არ უნდა შეეპასუხოს და შეეწინააღმდეგოს მას) გ. მ–ი ყოფილ მეუღლეს მ. მ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, უთხრა რომ დააგორებდა კიბეებზე და მოკლავდა, რის შედეგადაც მ. მ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის განაჩენით:

3.1. გ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. გ. მ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათი;

3.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომლის მოუხდელი ნაწილი - 9 თვე - დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და გ. მ–ს საბოლოოდ განესაზღვრა - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათი;

3.4. მსჯავრდებულ გ. მ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან - 2022 წლის 27 აპრილიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

4.1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანნა ცაგურიამ მოითხოვა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთად საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან;

4.2. მსჯავრდებულმა გ. მ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე. ზ–მა მოითხოვეს გორის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. მ–სისათვის სასჯელის სახით მხოლოდ 9 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რომელიც უკვე მოხდილი აქვს, ხოლო 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაუქმება;

5. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ე. ზ–ს - შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია არ დაკმაყოფილდეს გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას სააპელაციო საჩივარი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანნა ცაგურიამ, რომელიც ითხოვს გ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთად საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან;

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პროკურორი ითხოვს გ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთად მათ შორის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

10. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ გ. მ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. მხარეებს შორის დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ჩაიდინა თუ არა გ. მ–სმა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

11. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ გორის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა მ. მ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის (ყოფილი მეუღლის) - გ. მ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ გ. მ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას და ითვალისწინებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება გ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.

14. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

15. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. მ–ს ქმედებით დაზარალებულისთვის მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.

16. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქმეში საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეპიზოდებში არ არსებობს ფაქტის თვითმხილველი ან/და ნეიტრალური მოწმის ჩვენება, ხოლო მოწმეები: ნ. ნ–ე, ზ. გ–ე, გ. ბ–ე უშუალოდ დანაშაულის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან, შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ირიბი ჩვენებებია, რომელთა გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

17. რაც შეეხება კასატორის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტის (შემთხვევის ვითარების აღდგენის) ოქმზე, მართალია, დაზარალებულმა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც გ. მ–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუმცა საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).

18. 2022 წლის 27 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი იდენტურია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა და შეიცავს მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას და დაზარალებულის ჩვენებისგან დამოუკიდებლად ვერ შეფასდება ისეთ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებად, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს გ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას(იხ.: ტ.1, ს.ფ. 19-27).

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა მ. მ–სმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ; ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებით, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით, არ დგინდება გ. მ–ს მუქარის დაზარალებულის მიერ რეალურად აღქმა; არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად დაადასტურებდა შიშის საფუძვლიანობას.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა გ. მ–სთან მომხდარი შესაძლო ინციდენტიდან მალევე, სახლში ამოუსვლელად, კიბეებიდან(აღნიშნულზე მიუთითებს დაზარალებულის დედა - ნ. ნ–ე) დარეკა სსიპ 112-ში, სადაც მიუთითა მხოლოდ მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე და არაფერი უთქვამს გ. მ–ს მხრიდან მუქარაზე. გ. მ–ს მხრიდან შესაძლო მუქარის ფაქტზე არ მიუთითებია დაზარალებულს ასევე 2022 წლის 24 მაისის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაში. მან მიუთითა, რომ გ. მ–მა 2022 წლის 27 აპრილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა შეურიგდა და მასთან პრეტენზია არ აქვს(იხ.: ტ.1, ს.ფ. 169-170).

21. სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე ბრალდების მხარის მითითებას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნაზე, რადგან დასკვნაში მითითებულია მხოლოდ გ. მ–ს მიერ მ. მ–სათვის 2022 წლის 27 აპრილს მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის(შესაბამისი დაზიანებებით) შესახებ და არაფერია ნათქვამი მუქარაზე, შესაბამისად, მოცემული ექსპერტიზის დასკვნა გ. მ–სათვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების სამტკიცებლად ირელევანტურია.

22. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას გ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.

23. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

24. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების და პატიმრობის ultima racio ხასიათის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. მ–ს საბოლოო სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად(განაჩენთა ერთობლიობის წესით) და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

25. ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

26. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

27. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

28. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

29. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

30. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე