Facebook Twitter

¹3კ-1472-03 5 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: უკანონო ფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. ნ-მა 2000წ. 2 მაისს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ზ. ნ-ისა და გორის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მან 1999წ. 30 აგვისტოს, მამიდამისის, ა. რ-ის ანდერძის საფუძველზე მემკვიდრეობით მიიღო ქ. გორში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი. ხოლო დანარჩენ ნაწილს, რომელიც ირიცხებოდა მისი აწ გარდაცვლილი მამის, შ. ნ-ის სახელზე, ამჟამად ფლობს ბ. ნ-ის ძმა – ზ. ნ-ი. აღნიშნული სახლი მხარეებს შორის დავის საგნად იქცა, როცა მოპასუხე ბ. ნ-ი უკანონოდ დაეუფლა მეორე სართულზე განთავსებულ ოთახებს, რადგან მოსარჩელის მამიდისა და მამის შეთანხმების მიხედვით სახლის ნაწილები სხვაგვარად იყო განაწილებული, რომელიც ასევე არასწორად აღრიცხა გორის ტექაღრიცხვის ბიურომ.

ბ. ნ-მა 2000წ. 29 მაისს იმავე სასამართლოს მიმართა დამატებითი სასარჩელო განცხადებით და მოითხოვა გორის რაიონის გამგეობის ტექინვენტარიზაციის ბიუროში მოსარჩელის მამისა და მამიდის სახელზე რიცხული სადავო სახლის მის საკუთრებად აღრიცხვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო:

ბ. ნ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რადგან საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება, რომ სადავო ფართის ნაწილი ეკუთვნის ბ. ნ-ს და სსკ-ს 172-ე მუხლის შესაბამისად მხოლოდ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.

ბ. ნ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება საოლქო სასამართლოში, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. გორში, ..... 1966 წლიდან შ. ნ-ის სახელზე ირიცხებოდა სახლთმფლობელობა, რომლის პირველ სართულზე განთავსებული იყო ¹1 ოთახი 28 კვ.მ. და ¹2 ოთახი 24,3 კვ.მ. ფართობით და 3,40 მ. სიგანის შესასვლელი. ამავე სახლის მეორე სართულზე განთავსებული იყო ოთახები ¹3 – 24,7 კვ.მ. ¹4-24,2 კვ.მ. ¹5-18,3 კვ.მ. ¹6-8,4 კვ.მ. ¹7-8,8 კვ.მ. ¹8-5,2 კვ.მ. ¹9-3,8 კვ.მ. აღნიშნულ შენობაზე მიშენებული იქნა ახალი სახლმფლობელობა, რომელიც აღირიცხა ა. რ-ის სახელზე. აღნიშნული შენობა 1999წ. მონაცემებით შედგებოდა პირველ სართულზე ¹3-23,10 კვ.მ. და ¹4-30,38 კვ.მ. ოთახებისაგან. მეორე სართულზე, ¹12-33,21 კვ.მ. და ¹3-25,73 კვ.მ. ოთახებისაგან.

1966 წლიდან სადავო 3,40 მ. სიგანის შესასვლელი შ. ნ-ის სახლთმფლობელობაში შედიოდა. გამომდინარე აღნიშნულიდან პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სადავო ფართი შ. ნ-ის და ა. რ-ის შეთანხმების შესაბამისად თანაბრად ეკუთვნოდა ორივე მხარეს და მიაჩნია, რომ სწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო ფართის ა. რ-ის მიერ ფლობისა და კუთვნილების ფაქტი იგი მისი ანდერძის საფუძველზე ბ. ნ-ს ვერ გადაეცემოდა. საკასაციო პალატას ასევე სწორად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მან არ მიიჩნია დასაბუთებულად და გასაზიარებლად ბ. ნ-ის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სადავო შესასვლელი და შესაბამისად მეორე სართულზე განლაგგებული ოთახები უნდა გაყოფილიყო თითოეულ მხარეზე რიცხული – 300-300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შესაბამისად. ვინაიდან საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ბ. ნ-ზე რიცხული მიწის ფართობის საზღვარი გადის ზუსტად სადავო შესასვლელის შუაში. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია წამოყენებული არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.